ცოტა ხნის წინ, ქართული ყვითელი პრესა აჭრელებული იყო პარაფსიქოლოგ ირაკლი ლომაიაზე დაწერილი სტატიებითა და მასთან ინტერვიუებით. ამ სტატიების დიდი ნაწილი აშკარად სარეკლამო ხასიათს ატარებდა და შემდეგ მოხდა ისე, რომ ირაკლი ლომაიას უამრავი პაციენტი (ანუ, ფულის შოვნის პოტენციური წყარო) გამოუჩნდა, რამაც დიდი ფინანსური შემოსავლის გარდა, ლომაიას ცნობადობაც განაპირობა.
ბოლო დროს, უკვე ხმამაღლა დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ ლომაია არავითარი ექსტრასენსი არ არის და ჩვეულებრივი შარლატანია, რომელიც ავადმყოფი და უიმედო ხალხის ხარჯზე ფულს შოულობს. ახლა ირაკლი ლოამიას საქმე სასამართლომდეც კი მივიდა და მას გაზეთი “კვირის პალიტრა” უჩივის. თუმცა, საინტერსო ის გახლავთ, თუ ვის ატყუებდა ლომაია და ვინ იხდიდა ჩვეულებრივ წყალში (რომელსც ფსევდოექსტრასენსი წამლად ასაღებდა) და ლომაიას სურათში (თითქოსდა სურათის ცქერით ხალხი იკურნებოდა) 200 და 300 ლარს.
მოტყუებული ადამიანები ხშირად, რა თქმა უნდა, ერიდებიან ვინაობის დასახელებას, რადგან არცთუ სასიამოვნოა, როდესაც ხვდები, რომ გაგაცურეს და ბუნებრივია, არ გინდა მოტყუებულის სახით წარდგე მკითხველთა წინაშე. თუმცა, ჩვენს მიერ ჩატარებული მცირე მოკვლევის შედეგად, რამდენიმე ადამიანი აღმოვაჩინეთ, რომლებიც საუბროვბენ იმაზე, თუ როდის და რა სიტუაციაში მოხდა მათი და ლოამაიას გაცნობა. ჩვენ ასევე ვეწვიეთ სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტფორუმებსაც, სადაც ირაკლი ლომაიას შესახებ, მართლაც ბევრი რამ გავიგეთ.
თეონა: “ერთხელ დედაჩემმაც აიტეხა, ლომაიასთან უნდა წავიდე და მიშველისო. ჰოდა, ვერ გადავაფიქრებინე და წავიყვანე. რომ მივედით, რიგი იყო და ველოდებოდით. იქ ამ დროს მისი ნათესავები სამზარეულოში ისხდნენ, ჭკუაზე არ იყვნენ და ფულებს ითვლიდნენ. ჰოდა, მოკლედ აღმოჩნდა, რომ 180 ლარი ღირდა მიღება და თუ შედეგი არ იქნებოდა ნაწილ თანხას უკან გვიბრუნებდა. მე და დედაჩემმა ამოქექეთ ჩანთები და სადღაც 100 ლარამდე გამოგვდიოდა.
ამიტომ, ავდექით და გამოვიძურწეთ. იმის მერე აღარ უთქვამს დედაჩემს არაფერი... მერე დავფიქრდი, რამდენ ფულს აკეთებს. ნახევარი საათი ვიჯექი მისაღებში და 12 ადამიანი ელოდებოდა. წარმოიდგინეთ დღეში რამდენი ყავს და თვითოეულისაგან 180 ლარს ღებულობს არაფერში. თვითონ წუწუნებს, საგადასახადო არ მასვენებს და უამრავ ფულს მახდევინებსო. ერთი მხრივ, იმასაც ვფიქრობ, რომ ის, ვისაც სჯერა და მაგდენ ფულს იხდის ამ სისულელეში, ღირსია დააგოიმო და აახიო მაყუთი”.
არანაკლებად საინტერესო ისტორიას ყვებიან სხვები.
გიორგი ბ: “ირაკლი სხვას რომ სთხოვს ფულებს, მასესხეთო და არავინ ასესხებს. ერთი დურაკი გამოუჭერია მაინც. იმან ასესხა. იფიქრა – არიქა, მიშველისო! მაგ აფერისტმა ის, ბუნებრივია, რომ ვერ განკურნა. მერე დაზარალებულმა რომ ფული მოთხოვა, მაგან უკან აღარ მისცა - შენზე იცი რამდენი მარტო სანთლები დავხარჯეო... და ბევრს თუ იხტუნავებ, ჩემს კლინიკაში რომ მოხვალ, შენს თავს დავაჭერინებო. თან დაემუქრა: თუ თავს არ დამანებებ, ჯადოს გაგიკეთებ, შავი მაგიაც კი მეხერხებაო.
და ამის მერე ეგ ადამიანია? მაგას სინდისი აქვს? რომელი ღმერთის შვილი ემუქრება ხალხს ჯადოთი და შავი მაგიით?”
არ იფიქროთ, რომ ფრაზას, რომელსაც ახლა ქვემოთ წაიკითხავთ, ირონიის ელფრი დაჰკრავს. (თუმცა, არც ესაა გამორიცხული) საქმე იმაშია, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ირაკლი ლომაიაზე სწორედ ასე ფიქრობენ:
„დღეს დილით „იმედზე“ გიყურეთ, ბატონო ირაკლი, და შეიძლება ითქვას თქვენი ნიჭის ფენომენით იმაზე მეტად აღფრთოვანებული დავრჩი, ვიდრე ვიყავი. აგრეთვე არ შეიძლება არ ავღნიშნო, რომ თქვენ ამ ყველაფერთან ერთად, რომ დაგაკვირდით, საოცარი სილამაზე და სიმპატიურობა მოგმადლათ ღმერთმა. რაღაც არ გავხართ ამქვეყნიურს. გიყურებდით და ვმშვიდდებოდი, თითქოსდა რატომღაც მეგონა, რომ სახლში ანგელოზი მყავდა. ყველაზე საოცრება კი ის გახლდათ, რომ სანამ თქვენ ეთერში გამოხვიდოდით, საშინლად მტკიოდა თავი და ისე გამიარა ტკივილმა, ვერ ვიგრძენი ვერაფერი. ღმერთმა გაგაძლიეროთ და მოგცეთ კიდევ უამრავი ადამიანების დახმარების ძალა და შესაძლებლობა... პირდაპირ საოცრება ხართ...“ – თქვენი ირაკლი კვესელავა.
სხვათა შორის, ირაკლი ლომაიას მხარდამჭერები (მოდით, ვიხმაროთ ეს სიტყვა) საკმაოდ აგრესიულები არიან და ეს ყველაფერი ირაკლი ლომაიას „ფესიბუკის“ გვერდიდანაც ჩანს.
მამუკა. ნ: „25 წლის ბიჭმა საერთოდ წარმოგიდგენიათ რამდენს მიაღწია? თუ აფერისტია, მაშინ რატომ ეხმარება ხალხს, თავისთვის ვერ დაჯდება და ვერ ჭამს ფულს? იცით ის მაინც, რომ ის არც მკითხავია და არც წინასწარმეტყველი? და საერთოდ, გესმით პარაფსიქოლოგიის რამე? რომელი წინასწარმეტყველი უშვებს თავის ნაშრომებს, რომელიც გერმანიაში აღიარეს და თქვენ აქ ზიხართ და ილანძღებით. როცა არ იცნობ ადამიანს, არ შეიძლება გალანძღო ის.
ის მაინც თუ იცით ყველა მასთან მოსული ადამიანები ეკლესიაში დადიან და ყველას ეუბნება - ილოცეთ და მოძღვარი გყავდეთო. ამას რომელი სატანისტი იზამს? ან საერთოდ იცით თუ არა, რომ ირაკლი მოძღვარმა გაზარდა და მონათლა? რომელიც 22 წელი მის გვერდით იყო და უკვე 3 წელია ასაკში შესული გარდაიცვალა. ახლა მისი მოძღვარი მამა ტარიელია. მიდით და ჰკითხეთ მამა ტარიელს მისი არაეკლესიური საკმიანობის შესახებ. ჯვრის მონასტერშია მერიის გვერდით. მამა ტარიელი ის ადამიანია, რომელსაც უწმინდესი აბარებს აღსარებას.
სულ ცალ ფეხზე მკიდია ხეპრეებისა და დებილების აზრის შეცვლა. ბნელები და გაუნათლებლები რომ ხართ, გგონიათ ვითომ ყველაფერი გესმით. ჯერ ერთი, გადახედეთ მის სამეგობრო წრეს და მერე თქვენსას. იმიტომ არაა, რომ მისი საქმე სულ უკან მიდის და წინ არ მიიწევს? გასკდით შურითა და ბოღმით და იარეთ მათხოვრებმა, როგორიც ახლა დადიხართ. მთელი შოუ-ბიზნესი და ცნობილი ადამიანები მის გვერდითაა. წონიანი და ყველა თანამდებობის პირი მისი მეგობარია. თქვენ ვის დაკარგვიხართ, თქვე მათხოვრებო. ირაკლი ლომაია თქვენ ფასს ერთ რესტორანში ხარჯავს და გზაზე მათხოვრებს ურიგებს. თქვენ კი აქ ეგდეთ და ლანძღეთ რამდენიც გინდათ”.
როგორც ხედავთ, „ირაკლისტების“ მხრიდან უზრდელობა და საზოგადოებისადმი შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება სახეზეა. ისინი მხოლოდ მათნაირებს და მათი ტიპის ადამიანებს აღიარებენ.
მაგრამ, საკმარისია ვინმემ იხუმროს ლომაიას მისამართით, რომ მსწრაფლივ ყველა წყევლასა და გინებას იწყებს. შემდეგ, კი, ყველა წერილი, სადაც ლომაია გაშარჟებულია, ფორუმებიდან და „ფეისბუკიდან“ ქრება. ჩვენ მოვასწარით ერთ-ერთი ასეთი წერილის შენახვა იქამდე, სანამ ის წაიშლებოდა.
„გამარჯობა, ირაკლი. ხომ ხარ ჯიგრულად? მე შენ ზებუნებრივ ხელს ყოველთვის ვგრძნობ და ვიცი რომ, შენ მუდამ ჩვენს გვერდით ხარ. ბავშვობიდან შაკიკი მქონდა და ერთხელ რადიოში მოგისმინე და მაშინვე გადამიარა. მერე მახსოვს „მარშრუტკაში“ ამოხვედი. მე ფული არ მქონდა. ჰოდა, ვნერვიულობდი, მეთქი მძღოლმა არ მაგინოს. და შენ მიხვდი ამ ყველაფერს, მძღოლი მონუსხე და ისე ჩავედი, რომ მძღოლი ვერც კი მიხვდა. ერთხელ კიდევ ტოტალიზატორში ვიყავი, იუვე-ბოლონია იყო თამაში და იუვეზე ვდებდი „ლაბავოი“ ერთიანს. შენ შემოხვედი და მაშინვე გაშიფრე, რომ თამაში გაყიდული იყო და ბოლონიას X2 დამადებინე. მაშინ მე 23 ლარი მოვიგე და ბიჭებთან ერთად პახმელიაზე ხაში ვჭამე. იმის მერე სულ შენ დიდებაში და ლოცვაში ვარ. იქნებ როგორმე მოახერხო და სახლში მესტუმრო, კაი პურმარილი ჩემზე იყოს. ეხლა მისამართს არ დავწერ. შენ ხომ ზეციდან მოვლენილი ქმნილება ხარ და ყველაფერი გეცოდინება ჩემს შესახებ. გაიხარე. იკა!“
ბოლოს კი, ის აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ „ირაკლისტებიც“ და ის ადამიანებიც, რომლებიც ირაკლი ლომაიამ ვერ მოატყუა, თანხმდებიან იმაზე, რომ ადამიანს განსაკუთრებული ნიჭი უნდა გქონდეს, რომ ამდენი ხალხი მოატყუო, ძალიან დიდი ფული იშოვნო და შენი საქმე მხოლოდ წლების შემდეგ გახდეს სასამართლოს განხილვის საგანი.