პირბადე რჩება დაცვის საუკეთესო საშუალებად და მინდა ყველას მოვუწოდო, თუ ჩვენ გვეკეთება პირბადე, ის არსებული და არა დამამშვიდებელი პროგნოზები, პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის შემთხვევაში მცირდება. თუ 90%-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე იქნება პირბადით იქ, სადაც საჭიროა, გავრცელება შემცირდება 70%-ით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული ახლა, თუ რამდენი შემთხვევა იქნება ქვეყანაში.
პაატა იმნაძემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ შეიცვალა სტრატეგია და საქართველოში, ისევე როგორც ევროპის ქვეყნებში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები დაინერგა დიაგნოსტიკაში.
„თითოეულ ჩვენგანზეა ახლა დამოკიდებული, თუ რამდენად ბევრი შემთხვევა იქნება ქვეყანაში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გუშინ უკვე განხორციელდა სტრატეგიის შეცვლა და ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები დაინერგა დიაგნოსტიკაში, ევროკავშირმაც მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ ევროპის ქვეყნებშიც სწრაფი ტესტები დაიგეგმება დიაგნოსტიკაში პოლიმერაზა-ჯაჭვურ რეაქციასთან ერთად ასე ვთქვათ, ორივე იქნება გამოყენებაში“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163, გარდაიცვალა 193 პაციენტი.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი, 23 მაისს კი, მოიხსნა საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათიც გაუქმდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.