ერთ-ერთი გათავისუფლებული მძევალი დავით ხვიბლიანი „ტვ პირველთან“ „საქართველოს ბანკში“ მომხდარ ინციდენტს იხსენებს და ტერორისტის შესახებ საუბრობს.
„ისეთი თვალის ფერის ადამიანი დარწმუნებული ვარ, არასდროს შემხვედრია, მას ნიღაბი ეკეთა და თვალების გარშემო საღებავი ესვა. სიგარეტიც არ მოუწევია, წყალსაც თავისი ბოთლიდან სვამდა. მითხრა, ფული შენ წამოიღეო. ჯარისკაცი რომ ვიყავი, მანამდე თავად ვუთხარი“, – იხსენებს ხვიბლიანი „ტვ პირველთან“.
შეგახსენებთ, ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ გაჩნდა მოსაზრება, რომ ის „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდამსხმელის თანამზრახველი იყო.
ამას სამხედრო კატეგორიულად უარყოფს:
„ის, რასაც ჩემზე ავრცელებენ, სრული ცილისწამებაა. ამით ჩემი ღირსებაც შელახეს და ჩემი სამსახურისაც. არცერთ ჯარისკაცს პატივი არ სცეს, რაც ქართველისთვის ლამაზი საქციელი არ არის“, – ამბობს ხვიბლიანი.
შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელმა 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ სამხარეო პოლიციის უფროსი შენობაში შევიდა და სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. ამავდროულად შესრულდა თავდამსხმელის მოთხოვნა და მას ნახევარი მილიონი დოლარი გადასცეს.