„ვინც მამა კირიონს ტალახს ესვრის, ის დიდი დარტყმის მიმყენებელია ეკლესიისთვის“

„ვინც მამა კირიონს ტალახს ესვრის, ის დიდი დარტყმის მიმყენებელია ეკლესიისთვის“

კარტოგრაფების საქმე კიდევ ერთი წყალგამყოფი აღმოჩნდა, რომელმაც არა მარტო საერო პირები, არამედ სინოდის წევრებიც ორად გაყო. თვით სასულიერო პირთა შორისაც ისმის შეფასებები, ხომ არ სჯობდა, ბერ კირიონს თავი შეეკავებინა ამ საქმეში მთავარ მოწმედ გახდომისგან, რადგან ისე გამოდის, თითქოს ეკლესიამ დააჭერინა კარტოგრაფები. მბრალმდებლობა კი ბერმონაზვნობის პრინციპის დარღვევაა.

ირაკლი ღარიბაშვილი სხვაგვარად ფიქრობს. ის მიიჩნევს, რომ მამა კირიონი, როგორც დავით გარეჯის მცველი და ძალიან ღირსეული გმირი კაცი, ხმალამოღებით იბრძოდა ამ საკითხის გასარკვევად და ატეხა განგაში მაშინ, როდესაც ნახა, რომ ამოიწურა ნდობის ყველა ვადა, რასაც საზღვრის დამდგენი კომისია ჰპირდებოდა.

ეკლესიის როლი როგორი უნდა ყოფილიყო ასეთ სიტუაციაში?

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, როცა ბოროტება ხდება, არათუ სასულიერო პირის, ნებისმიერი მოქალაქის ვალია, ეს ბოროტება აღკვეთოს. სამართლის სხვანაირი გაგება არ არსებობს.

„აბა, ხელი უნდა დავაფაროთ ბოროტებას? ღალატის დამალვა არ შეიძლება. ზუსტად ის ხალხი, ვინც ლაპარაკობს, რომ ღალატი არ არის ჩადენილი, პოლიტიკური ცხვრები არიან. მათ თვითონვე თქვეს, ჩვენ ღვთის ცხვრები ვართ, მაგრამ პოლიტიკის ცხვრებიო. თუ შენ ღალატს არ ეძახი ღალატს და ეს აშკარა ეროვნული ღალატია, ეკლესიის, ხატის, რჯულის ღალატი, ვინც ამას ხმამაღლა არ ამბობს და მამა კირიონს ტალახს ესვრის, ის დიდი დარტყმის მიმყენებელია ეკლესიისთვის. ერისკაცი ვარ და საეკლესიო იერარქებს ვერ განვიკითხავ, მაგრამ თვითონ ეს საქციელი დამამცირებელია“, -აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

მისივე განმარტებით, დავით გარეჯის საქმეში ღალატი რომ იყო, ეს ყველამ იცოდა საქართველოს ეკლესიაში. უბრალოდ, ახლა მამა კირიონის საქციელს პოლიტიკური ანტიპათია-სიმპათიის გამო განიხილავენ. ზოგი ამას აკეთებს იმიტომ, რომ ქოცების მომხრეობა არ დააბრალონ, ზოგი იმის გამო, რომ ნაცებთან კურკურებს, ზოგი პეტრე ცაავას გამო. მაშინვე ხმას იღებდა ეკლესია ამ დანაშაულის შესახებ, მამა კირიონმა ეს დღეს კი არ გაახმაურა, არამედ რამდენი წელია, ამაზე ლაპარაკობს.

„ადრე ჩვენი მესაზღვრეები იდგნენ ჩიჩხიტურთან და უდაბნოს მონასტერთან თხემზე, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები კი იდგნენ თხემის ძირში. ახლა სინოდის სხდომა რისთვისაა საჭირო, არ ვიცი, განცხადება უკვე გააკეთა საპატრიარქომ სავსებით ცალსახად, რომ დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორიაა და დანარჩენი გამოძიების საქმეა. ამ საქმეში ზედმეტსიტყვაობა არ შეიძლება. დისკუსიაში შესვლა და პოლიტიკის შეტანა ეკლესიაში დაუშვებელია, მიუღებელია და არც ღირს. ამ მხრივ აქტიურობს ის ხალხი, ვინც საწინააღმდეგო პოზიციაზეა და იძახის, რომ თურმე ღალატი ეს არ არის“,-აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.

ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ სასულიერო პირებიც ადამიანები არიან და მათაც განსხვავებული შეხედულებები აქვთ ამა ათუ იმ თემაზე. კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით მათ განსხვავებულ პოზიციაში ტრაგიკული არაფერია. აქ მთავარია ეკლესიის ოფიციალური პოზიცია, რასაც განასახიერებს უწმინდესი და სინოდი იმის გათვალისწინებით, რომ პატრიარქს აზერბაიჯანულ მოსახლეობაში, მათ შორის, მუსლიმ სასულიერო წრეებში დიდი ავტორიტეტი აქვს.

„თუნდაც მეუფეებს უნდა ჰქონდეთ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია და უნდა იმსჯელონ ამაზე. უბრალოდ, მთავარია, ეს არ იყოს არჩევნებში ჩართული რომელიმე მთავარი სუბიექტის, ხელისუფლების ან ნაციონალური ოპოზიციის მიერ პროვოცირებული. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიული როლის დაფიქსირებით კონსტიტუციაში ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის დამოკიდებულება მშობლიური ეკლესიის მიმართ ცალსახად გაცხადებულია. ეს არის დაფასება, მათ შორის, კომპენსაციის მიცემა იმ ზარალისთვის, რაც საბჭოთა ხელისუფლებამ მიაყენა ჩვენს ეკლესიას. ეს ყველაფერი ლეგიტიმურია, მაგრამ, მეორე მხრივ, აქ ხშირად იგნორირებულია სეკულარიზმის პრინციპი. მომიტევოს უფალმა, მაგრამ ეს პრინციპი ხშირად ირღვეოდა და ირღვევა დღესაც, რადგან ეკლესიის ავტორიტეტი დიდია, რასაც იყენებდა ხან ოპოზიცია, ხან ხელისუფლება თავისი ინტერესებისათვის. არა მგონია, ეს სწორი იყოს. ჩვენი ეკლესიის ლიდერი ავტორიტეტულია, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, მაგრამ მის შემდეგ თუ ეკლესიის ახალი ლიდერი ისეთი ავტორიტეტის აღარ იქნება, შეიძლება სეკულარიზმის მიჯნის დარღვევამ სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს“, - აცხადებს ვაჟა ბერიძე.

მისივე განმარტებით, ჩვენ არ მივდივართ თეოკრატიული სახელმწიფოს მიმართულებით, არც თეოდემოკრატიულის მიმართულებით, როგორც ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი იდეოლოგი გია ჭანტურია აყენებდა საკითხს, ჩვენ არ მივდივართ არც ბერძნული მოდელის მიმართულებით, როდესაც სახელმწიფო რელიგია უნდა იყოს მართლმადიდებლობა და სახელმწიფო უნდა აფინანსებდეს და უხდიდეს ხელფასებს მაღალ იერარქებს.

„90-იან მეც ვმონაწილეობდი მიდგომების შემუშავებაში და კონკორდატი, რომელიც სეკულარიზმს ეფუძნება, იდეალური ვარიანტია. როგორც კი ეს ირღვევა, წარმოიშობა პრობლემა, რაც სახელმწიფოსთვისაც პრობლემაა, პოზიცია-ოპოზიციისთვისაც და ეკლესიისთვისაც. ამ პრაქტიკის გადახედვაა საჭირო, როგორც ჩვენი დედაეკლესიის, ისე სახელმწიფოს მხრიდან“,-აღნიშნა ვაჟა ბერიძემ.

Aburjga Tasmanieli რა საჭიროა ასეთი ზოგადი პათეტიკური საკითხის დასმა " ვინც მამა კირიონს ტალახს ესვრის, ის დიდი დარტყმის მიმყენებელია ეკლესიისათვის"! სიტყვა ვინც შეგვიძლია აქვე დავაკონკრეტოთ, მაგალითად პროფესორები ცირა ბარამიძე, გოჩა ბარნოვი, კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი, კიდევ მრავალი სამოქალაქო პირი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს კიდევ მეტი დამაზიანელებლები და ტალახის მსროლელები არიან თვით ეკლესიის წიაღში, რომ არაფერი ვთქვათ ეშმაკის ფეხის მკვნეტელ "მეუფე" პეტრეზე, აგერ ჰა - მეუფეები ვახტანგი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი, მელქისედეკ ხაჩიძე და ა.შ!
ეს ყველაფერი არის საქართველოს ევროპული არჩევანი! ეს არის ლიბერალური დემოკრატიის არსი!
1 თვის უკან
გრიგორი ეს კაცი დიდი ეროვნულ განძს იცავს! იცავს ცარიელი ხელებით, პრაქტიკულად მარტო! სახელმწიფო კი პირიქით ხელს უშლიდა. ეს არანაკლები გმირია, ვიდრე ექვთიმე თაყაიშვილი. უმაღლესი რანგის ჩინოვნიკები და მღვდელმთავრები კი დახმარების მაგიერ ხელს უშლიდნენ დადღესაც ხელს უშლიან. მეუფეები;პეტრე, ვახგანგი და ა.შ. მამა კირიონს კი არა მელაშვილსა და ილიჩოვა-ბადალიანს(!) იცავენ. დიახ, ბადალიანს!!!! ესა მისი გვარი თურმე !!!
4 კვირის უკან