პირველი ამოცანა, რომ უზრუნველგვეყო მძევლების უსაფრთხოება და მოგვეხსნა საფრთხე მათი სიცოცხლისთვის - მიღწეულია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში“, ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრისას განაცხადა.
„გრძელდება ოპერატიული სამუშაო, გრძელდება მოქმედებები, რომლებსაც ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს პერიოდში დამნაშავეს დააკავებენ. თუმცა, აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ძალიან ბევრი სპეკულაცია გაისმის სხვადასხვა სუბიექტის მიერ, არ აქვს მნიშვნელობა ესენი იქნებიან მედიის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები თუ უბრალოდ ე.წ. ექსპერტები. ფაქტი არის ერთი, ის რაც გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მინისტრის ხელმძღვანელობით და ადგილობრივი სამხარეო წარმომადგენლობის, ბატონი გალდავას მონაწილეობით, იყო ძალიან წარმატებული, შედეგიანი პირველი ეტაპი. ეს არის ფაქტი, შემდგომ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რომ ეს ადამიანი დააკავონ. წინასწარ საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ რამე იყო წარმატებული ან წარუმატებელი, არის არასწორი, ვინაიდან ჩემთვის რამდენადაც ცნობილია შინაგან საქმეთა სამინისტრო იყენებს თავის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას, რათა მოხდეს ამ ადამიანის იდენტიფიცირება და შესაბამისად დაკავება. სხვა დანარჩენი არის აბსოლუტურად ფუჭი სპეკულაცია, რომელსაც არ აქვს შინაარსი და მიმართულია იმისაკენ, რომ საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა.
თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა.
22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.