ინსულტის გამო პიანისტი კიტ ჯარეტი დაკვრას ვეღარ შეძლებს

ინსულტის გამო პიანისტი კიტ ჯარეტი დაკვრას ვეღარ შეძლებს

კლასიკური მუსიკისა და ჯაზის შემსრულებელმა კიტ ჯარეტმა, რომლის ალბომიც The Köln Concert ისტორიაში პიანინოზე შესრულებული კომპოზიციების ერთ-ერთი ყველაზე მეტად გაყიდული ალბომია, განაცხადა, რომ გადატანილი ორი ინსულტის შემდეგ დაკვრას ვეღარ შეძლებს.

75 წლის მუსიკოსმა New York Times-თან ინტერვიუში ისაუბრა თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ 2018 წლის თებერვლიდან მაისამდე ინსულტის შედეგებს ებრძოდა, საბოლოოდ კი სხეულის ნაწილი მაინც პარალიზებული დარჩა.

"სხეულის მარცხენა მხარე კვლავ ნაწილობრივ პარალიზებული მაქვს. ამჟამად ხელჯოხის საშუალებით გავლა შემიძლია, თუმცა ამის მისაღწევადაც ძალიან დიდი დრო, წელიწადი ან მეტი დამჭირდა", — განაცხადა მუსიკოსმა, რომელმაც თითქმის ორი წელი სარეაბილიტაციო ცენტრში გაატარა.

"როცა პიანინოზე ორი ხელით დაკრული მუსიკა მესმის, ეს ფიზიკურ დონეზე მაყენებს ტკივილს. თუნდაც სუფთად შესრულებული შუბერტი ან ნებისმიერ სხვა რამ რომ მოვისმინო, უკვე საკმარისია ჩემთვის, რადგან ვიცი, იმავეს გაკეთება მე აღარ შემიძლია. არ ველოდები, რომ ეს მდგომარეობა გამოსწორდება. გამოჯანმრთელების პროცესში საუკეთესო რაც შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ მარცხენა ხელით ფინჯნის დაჭერა შევძლო", — აღნიშნავს კიტ ჯარეტი თავისი ჯანმრთელობის სიმძიმეზე საუბრისას.

კიტ ჯარეტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ცხადყოფს, რომ ამ სახელგანთქმული ხელოვანის კარიერის გზა დასრულდა, რომელიც 1964 წელს დაიწყო: თინეიჯერობაში ის ჯაზბენდებთან ერთად უკრავდა, 70-იან წლებში კი ისეთ ცნობილ მისიკოსებთან თანამშრომლობდა უკვე, როგორიცაა მაილზ დეივისი. 1975 წელს გამოაქვეყნა თავისი ლეგენდარული ალბომი The Köln Concert, რომლის 4 მილიონამდე ეგზემპლარია გაყიდული.

"არ ვიცი, რა მელოდება მომავალში. ვეღარ ვგრძნობ, რომ პიანისტი ვარ. სულ ესაა, რისი თქმაც შემიძლია", — ამბობს მუსიკოსი.