ნეტფლიქსი თავისი ახალი მიუზიკლით ეცდება, ჩვენი განწყობა წინასაახალწლოდ მაინც გამოასწოროს.
ფილმზე The Prom (გამოსაშვები საღამო) რაიან მერფიმ იმუშავა და მისი სამსახიობო გუნდი ჰოლივუდის კაშკაშა ვარსკვლავებითაა დახუნძლული: მერილ სტრიპი, ნიკოლ კიდმანი, ჯეიმს კორდენი, კერი ვაშინგტონი და ენდრიუ რანელსი ფილმში მთავარ პოზიციებს ინაწილებენ.
თუ რა ზღაპრულ სანახაობას გვიმზადებენ ისინი, ამაზე წინასწარ სულ რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნებული ტრეილერით შეგვიძლია ვიმსჯელოთ:
IndieWire-ის ინფორმაციით, ნეტფლიქსის ეს ახალი ამბიციური პროექტი ამავე სახელწოდების მქონე მიუზიკლის მიხედვით გადაიღეს, რომელიც 2016 წელს ბროდვეის სცენაზე დაიდგა. მისი სიუჟეტი ბროდვეის ძველ ვარსკვლავებზე მოგვითხრობს, რომლებიც ახალგაზრდა გოგოს თავის შეყვარებულთან ერთად სკოლის გამოსაშვებ საღამოზე მოხვედრაში ეხმარებიან: ის ლესბოსელია და სკოლის დირექტორმა პარტნიორთან ერთად გამოჩენა აუკრძალა.
ერთგულ მაყურებელს ორი ოსკაროსანი მსახიობი — ნიკოლ კიდმანი და მერილ სტრიპი აქამდეც უნახავს ერთად ეკრანებზე: მათ ითამაშეს 2002 წელს გამოსულ ფილმში საათები, 2019 წელს კი გამოჩნდნენ HBO-ს გახმაურებულ სერიალში დიდი პატარა ტყუილები, რომელიც, შესაძლოა, მალე მესამე სეზონით დაბრუნდეს, მანამდე კი შეგვიძლია ისინი რაიან მერფის ამ ახალ ფილმში ვიხილოთ.
რაიან მერფიმ ასევე ნეტფლიქსთან თანამშრომლობით ერთი თვის წინ გამოუშვა სერიალი რაჩედი (Rached), რომელიც რეკორდსმენი შოუ აღმოჩნდა: წელს ამ სტრიმინგ სერვისზე ყველაზე მეტჯერ სწორედ ეს სერიალი ნახეს.
მოკლედ, ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ გამოსაშვები საღამოს პრემიერის თარიღს, 11 დეკემბერს და წინასაახალწლო პერიოდი ჩვენს საყვარელ მსახიობებთან ერთად გავატაროთ.