გუშინ, მეთიუ მაკკონაჰი ჰოვარდ სტერნის შოუს ესტუმრა თავის ახალ მემუარზე, მწვანე შუქებზე (Greenlights), სასაუბროდ. დიალოგისას მსახიობმა თქვა, რომ მისი და დედამისის ურთიერთობა 8 წლის განმავლობაში გაწყვეტილი იყო მას შემდეგ, რაც მეთიუმ აღმოაჩინა, რომ დედამისი მის პირად ისტორიებს პრესას უმხელდა.
როგორც მეთიუ ამბობს, პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც ის ცნობილი გახდა.
"ცნობილი რომ გავხდი, მაშინ დედაჩემს ვურეკავდი ხოლმე, დედასთან საუბარი მჭირდებოდა. მაგრამ ზარს მხოლოდ დედაჩემი არ პასუხობდა — ქალი, რომელიც ზარის მეორე მხარეს იყო, ამავდროულად ფანიც იყო. ჩემი პოპულარობის ფანი", — ამბობს მაკკონაჰი.
მსახიობის თქმით, ის თავდაპირველად პოპულარობის გამო გრძნობდა, რომ მისი ცხოვრება "გაუწონასწორებელი" იყო.
"მასთან ვსაუბრობდი ხოლმე და უეცრად — ოჰო! — რაზეც ვისაუბრეთ, ის სამ დღეში გაზეთებში იბეჭდება. 'დედა, ეს მხოლოდ ჩვენ შორის უნდა დარჩენილიყო', ვეუბნებოდი", — ამბობს მსახიობი.
მეთიუს თქმით, ის დედამისს ევედრებოდა, მისი პირადი ამბები მედიასთან არ გაეთქვა, მაგრამ დედამისი მის ზურგსუკან მაინც აგრძელებდა ამას. ყველაფერმა პიკს მაშინ მიაღწია, როდესაც დედამისი 90-იანების შოუ Hard Copy-ში მივიდა და მაყურებლებს მეთიუს ბავშვობის სახლის საკმაოდ ინვაზიური და უხერხული ტური მოუწყო.
"ვხედავ დედაჩემს, ვიღაცას რომ ჩვენს სახლში ტურს უწყობს და ამბობს: 'აქ ერთხელ გამოვიჭერე, ამას და ამას რომ აკეთებდა საწოლზე. აქ შხაპის მიღებისას წავასწარი, მიხვდებით, რასაც შვრებოდა, ჰა ჰა ჰა'. შემდეგ ვურეკავ და ვეუბნები: 'დედა, რა ჩაიდინე?' — ის კი მეკითხება, 'რას გულისხმობ?'", — თქვა მაკკონაჰიმ.
თავდაპირველად მაკკონაჰის დედა თავს ისე აჩვენებდა, თითქოს Hard Copy-ში გამოჩენაზე არაფერი იცოდა, თუმცა საბოლოოდ მეთიუსთან მაინც აღიარა, თუ რატომ ქნა ეს: "არ მეგონა, რომ გაიგებდი".
"ის ყოველთვის მაინც დედაჩემად რჩებოდა, მაგრამ სხვა ადამიანი გახდა. იძულებული ვიყავი, რაღაც საზღვრები დამედგინა და 8 წლის განმავლობაში ჩვენი ურთიერთობა ძალიან დაძაბული იყო", — აცხადებს მსახიობი.
მიუხედავად ყველაფრისა, მეთიუ ამბობს, რომ დედას აპატია და ახლა "ყველაფერი ძველებურადაა". მისი თქმით, დღეს ის უკვე ბევრად უფრო კომფორტულად გრძნობს თავს და დედას ყურადღების ცენტრში ყოფნით ტკბობის საშუალებასაც აძლევს:
"როგორც კი ფეხზე წამოვდექი და ჩემი კარიერაც უფრო სტაბილური გახდა, სადავეებს ხელი ავუშვი და ვუთხარი: 'დედა, ყველაფერი შენს ხელთაა, რაც მოგესურვება. აი, კამერა'. და ისიც საოცარი იყო, ძალიან კარგი რაღაცები ჰქონდა სათქმელი და გასაკეთებელი, მე კი ვამხნევებდი. ძალიან რთული 8 წელი იყო, მაგრამ ეს საბოლოოდ გამოვიარეთ და დავძლიეთ", — დაამატა მაკკონაჰიმ.