რუსები და კუბოზე გაშლილი ქართული სუფრა

რუსები და კუბოზე გაშლილი ქართული სუფრა

იყო დრო როდესაც რუსი და ქართველი ხელოვნების მოღვაწეები ერთმანეთთან ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ. იმ ხანად, დიად საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდით, საზღვრებიც გახსნილი იყო და ერთმანეთის მონახულებაც პრობლემა არ იყო.

 

გავიდა ხანი, პოლიტიკური სიტუაცია შეიცვალა. “დედა-რუსეთმა” საკუთარი კლანჭები გამოაჩინა და მიწების წართმევასთან ერთად ერთგვარი “ცივი ომიც” გამოგვიცხადა. კარგი და ცუდი ყოველ ერშია, გამონაკლისს არც ქართველები და რუსებიც წარმოადგენენ. დღევანდელ წერილში იმ ძველ პერიოდს გავიხსენებ, როდესაც ამ ორი მეზობელი ხალხის ხელოვანებს  ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა გააჩნდათ. ეს კონტაქტები მართლაც არსებობდა და მას ისტორიის ფურცლებიდან ვერ ამოშლი.

 

ვლადიმერ ვისოცკი – ცნობილი მსახიობი, პოეტი, მომღერალი, უნიჭიერესი პიროვნება იყო. ის პოპულარული გახლდათ საქართველოშიც. ჩვენს ქვეყანაში ახლო მეგობარიც ჰყავდა, რეჟისორი და მსახიობი გოგი ქავთარაძე. სამწუხაროდ, მათი ერთად გადაღებული ფოტოები ბატონ გოგის სოხუმში დარჩა. გოგი ქავთარაძე ვისოცკიზე შემდეგს იხსენებდა: “ვლადიმერი ჩემზე ორი წლით უფროსი იყო. 26-27 წლისა იქნებოდა როცა გავიცანი. რთული ხასიათისა იყო. მიუხედავად ამისა, უცებ დავძმაკაცდით. ჩვენს დაახლოებაში სასმელმაც დიდი როლი შეასრულა, უარს არასოდეს ვამბობდით. არ იფიქროთ, მარტო სასმელში იყო საქმე. ჩვენ სუფრასთან ვსაუბრობდით, ლექსებს ვამბობდით. ვალოდია მღეროდა, გულახდილი იყო. ხშირად ამბობდა, პოეტი ვარ, გული მტკივა, რომ ამას ვერავინ ხვდება. მხოლოდ სიმღერების ავტორად მიმიჩნევენო. გულნაკლული წავიდა ამ ქვეყნიდან.

 

შემდეგ დაიწყო დიდი მეგობრობა რუსთაველისა და ტაგანკის თეატრებისა. ტაგანკის თეატრს მაშინ მსოფლიოში იცნობდნენ, ამიტომ მისი თბილისში ჩამოსვლა მართლა მოვლენა იყო. ქართულად, გულითადად დავხვდით. გადავწყვიტე ერთ დღეს სიურპრიზი მომეწყო. სუფრაზე მოვატანინე რუსული “სელიოდკა”, ახალი ჩაცივებული ლუდი და არაყი, მოხარშული ცხელ-ცხელი კარტოფილი.

 

სტუმრები გაგიჟდნენ სიხარულით. ერთი წლის შემდეგ ჩვენ ჩავედით საგასტროლოდ მოსკოვში. ახლა ვისოცკიმ მოგვიწყო სიურპრიზი. სპექტაკლის შემდეგ ნამდვილი ქართული სუფრა გაგვიშალა საცივით, ხაჭაპურით და ქართული ღვინით. იმ ღამით გადაღება ჰქონდა, განზე გამიხმო – ლხინში ვერ დავრჩები და არ გეწყინოსო. მხოლოდ თითო სირჩა კონიაკი დავლიეთ. ახლაც მახსოვს, კუთხეში ვისხედით, დიდხანს ვილაპარაკეთ. ერთხელ მითხრა, პოპულარობა ისეთი რამეა, ყველა ვერ უძლებს, ალბათ ვერც მე გავუძლებო.”

 

თბილისში ხშირად ჩამოდიოდა ცნობილი რუსი მსახიობი ალისა ფრეინდლიხი. ფრეინდლიხს ჩვენს ქალაქში მასპინძლობას ყოფილი ფეხბურთელი, იმ ხანად დიდი საკონცერტო დარბაზის დირექტორ-განმკარგულებელი მიხეილ ჯოჯუა უწევდა.

 

მსახიობი სასტუმრო “თბილისში” ჩერდებოდა და დროთა განმავლობაში საქართველოს ყველა ღირსშესანიშნაობაც დაათვალიერა. სწორედ ერთ-ერთი ასეთი სტუმრობისას მიიწვია გიორგი შენგელაიამ თავის მიუზიკლში “ვერის უბნის მელოდიები”, ბალეტის მასწავლებლის როლში. ალისას ძალზე უყვარდა ქართველები, როგორც კი დროს გამონახავდა ჩამოდიოდა ხოლმე. მოგვიანებით მიხეილ ჯოჯუა ფუნიკულიორის დირექტორად დანიშნეს. იქ იყო შესანიშნავი საზაფხულო თეატრი. ბატონი მიხეილი რუსეთიდან ცნობილ მსახიობებს ხშირად იწვევდა. რვა საათზე იწყებოდა სპექტაკლი.

 

ამის შემდეგ მსახიობებს ფუნიკულიორის რესტორანში იწვევდნენ. ერთ მშვენიერ საღამოს რესტორანში ალისა ფრეინდლიხი და მიხეილ ბოიარსკი იმყოფებოდნენ. შემოვიდნენ მაშინდელი საქართველოს მთავრობის წევრები, რომლებსაც ახლდათ სსრ კავშირის ვაჭრობის მინისტრი. ამ ადამიანმა ალისა და მიხეილი რომ დაინახა, ასევე მოსკოვის “მოსსოვეტის” თეატრის მსახიობები გადაირია, ამათ აქ რა უნდათო. ათი წლის მანძილზე გრძელდებოდა ასეთი შეხვედრები. ალისას ძველი თბილისი მოსწონდა განსაკუთრებით. მოსწონდა ქართული ღვინო – ხვანჭკარა. უყვარდა ქართველებთან ერთად ქეიფი.

რევაზ ლაღიძის სიმფონიური სურათი “საჭიდაო” ნებისმიერ ქართველს მოუსმენია, მაგრამ ცოტა მათგანმა თუ იცის, რომ ამ მუსიკალურმა ნაწარმოებმა ცნობილი რუსი კომპოზიტორი დიმიტრი შოსტაკოვიჩის აღფრთოვანება გამოიწვია. კომპოზიტორთა კავშირის ერთ-ერთ პლენუმზე პირველად შესრულდა “საჭიდაო”. შემდეგ გაიმართა დებატები. მუსიკოსმცოდნე პავლე ხუჭუამ ბრძანა:

 

“ – რეზო ლაღიძე ბოროტმოქმედია, დიახ, ნამდვილი ბოროტმოქმედი. ის უნდა ჩაკეტო ოთახში, იჯდეს და წეროს მუსიკა. ნაცვლად ამისა, იგი დროს ნადირობასა და თევზაობაში ატარებს და არ უფრთხილდება საკუთარ ნიჭს.”

პლენუმის სტუმართა შორის იყო მეოცე საუკუნის უდიდესი კომპოზიტორი დიმიტრი შოსტაკოვიჩი. – უაღრესად თავმდაბალი და მორიდებული პიროვნება. მივიდა ტრიბუნასთან და თქვა:

  

“ – с удовольствием стал-бы заядлым рыбаком,  если в мою сеть попадеться такая  “золотая  рыбка”  как  “сачидао” “

  

მეორე დღეს კულუარებში ხუმრობდნენ, მონკავშირის მაღაზიაში კომპოზიტორთა გრძელი რიგი დადგაო.

 მრავალ ქართველ ხელოვანს თავის დროზე სწავლა და ცხოვრება მოსკოვში მოუწია. არაერთი მათგანი იმ პერიოდს დღემდე დიდი სიყვარულით იხსენებს. გამონაკლისი არც ცნობილი ქართველი რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძეა.

  

“მოსკოვში რიაზანის ქუჩაზე ვცხოვრობდი, ქართველების საერთო საცხოვრებელში. ერთ ოთახში ვბინადრობდით თენგიზ აბულაძე, რეზო ჩხეიძე, სულხან ცინცაძე და მე. პელმენს თუ ვიშოვიდით მშიერ მოსკოვში, იმ დღეს ბედნიერები ვიყავით. ერთ პერიოდში ვცხოვრობდით მოსკოვში და ვმეგობრობდით რეზო თაბუკაშვილი, გურამ ასათიანი, გიზი ამირეჯიბი, თამაზ მელიავა, ვახტანგ ფიფია. გოგი და ირაკლი ოჩიაურებს ბიძია გარდაეცვალათ ციმბირში, გადასახლებაში. ჩამოვიდნენ. ნეშტი უნდა წაესვენებინათ. უთხრეს კუბო მოსკოვში იყიდეთ, თორემ ციმბირში ვერ იშოვითო. იყიდეს.

 

ერთადერთს – თამაზ მელიავას ჰქონდა ოთახი, იმ კუბოზე ცოტა დიდი იყო. დადგეს იქ. ოჩიაურების გამგზავრება გაჯანჯლდა. ამასობაში ისე შევეჩვიეთ კუბოს, ზედ სუფრას ვშლიდით.  გია დანელია მოგვიანებით შემოგვიერთდა. თამაზ მელიავამ მოიყვანა ჩვენთან. თავიდან ძალიან სხვანაირი იყო – სუფთა მოსკოველი, “დედიკოს ბიჭი”, არც სვამდა. ჩვენ გავაფუჭეთ. უცებ აუღო ალღო და გაქართველდა”.

 

რუსებთან ურთიერთობა ჰქონდა ცნობილ ქართველ მწერალ ნოდარ დუმბაძესაც. ბატონი ნოდარი მეტად მოსწრებული ენით იყო ცნობილი და მისი ენაკვიმატობის მსხვერპლნი ხშირად ჩვენი ჩრდილოეთელი მეზობლებიც გამხდარან.

ნოდარი ხშირად თხზავდა თავშესაქცევ გონებამახვილურ რუსულ “ჩასტუშკებს” და თავისებურადაც ჩაიღიღინებდა ხოლმე. ხრუშჩოვის პერიოდში, როცა გაზეთებში სოფლის მეურნეობის განვითარების გზებზე აუარებელი იწერებოდა, ასეთი რამ წაიმღერა:

 

“ – наша мама на рассвете поймала аиста.  планомерное развитие сельского хозяйства.”

მეორე “ჩასტუშკაც” იმავე ხანებში ჰქონდა მოგონილი და კოსმოსის ათვისების თემას შეეხებოდა:

 

“ – хорошо, что наш гагарин ни киргиз и ни узбек,  ни грузин и ни татарин,  а советский человек.”

 

ერთი პერიოდი, ნიკიტა ხრუშჩოვს ქართველების ციმბირში გადასახლება სურდა. იმ წელს თბილისში ძალზე აცივდა და თოვლიც მოვიდა. გადაიხედა ნოდარმა ფანჯარაში: “ე ბიჭო, მგონი მართლა გაგვასახლა იმ უპატრონომ, რაღაცა არ გავს საქართველოს ეს ყველაფერიო.”

 

ჩვენი დღევანდელი წერილის დასასრულს კი იმ პატარა სახალისო ამბავს გაგახსენებთ, რომელსაც ერთხელ ადგილი სოფელ ჩუმლაყში ჰქონდა. კომუნისტების დროს ჩუმლაყის კინოთეატრში მოიტანეს რუსული მხატვრული ფილმი “დუმი მატერი”. გაკვირვებულმა კინოთეატრის მექანიკოსმა ეს სათაური რამდენჯერმე წაიკითხა, შემდეგ ცოტა ხანი იფიქრა და აფიშაზე დიდი ასოებით დააწერა: “ – ამ საღამოს. 8 საათზე, ნახირის შემდეგა, ნახამთ რუსულ მხატვრულ ფილმს “დედის დუმები”.