კახა კახიშვილი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე: ოპონენტებს უნდოდათ საარჩევნო კამპანიის პერიოდში პანაშვიდზე ევლოთ და ხელისუფლება გაელანძღათ, ეს რა ჩაიდინესო

კახა კახიშვილი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე: ოპონენტებს უნდოდათ საარჩევნო კამპანიის პერიოდში პანაშვიდზე ევლოთ და ხელისუფლება გაელანძღათ, ეს რა ჩაიდინესო

მე მესმის ოპონენტების, მათ აუცილებლად უნდოდათ სურათი, ლამაზი საარჩევნო კამპანიის პერიოდში ერთი ადამიანის სიცოცხლე რომ შეეწირებოდა და მერე ვნახავდით ამ ადამიანებს, პანაშვიდებზე როგორ ივლიდნენ და გალანძღავდნენ ხელისუფლებას, ეს რა ჩაიდინესო, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ისნის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, კახა კახიშვილმა ზუგდიდში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე საუბრისას განაცხადა.

„კარგია რომ ეს ფაქტი დამთავრდა იმით, როგორც დამთავრდა, მაგრამ ყველაფერი ჯერ დამთავრებული არ არის. მე ვიცი რომ ამ საკითხზე გამოძიება ინტენსიურად მუშაობს“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა.

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.