თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი: მზად ვართ, აზერბაიჯანში სამხედროები გავაგზავნოთ, თუ ბაქო მსგავსი თხოვნით მოგვმართავს

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი: მზად ვართ, აზერბაიჯანში სამხედროები გავაგზავნოთ, თუ ბაქო მსგავსი თხოვნით მოგვმართავს

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა, ფუატ ოქტაიმ განაცხადა, რომ ანკარა მზად არის, აზერბაიჯანში სამხედროები გააგზავნოს, თუ ოფიციალური ბაქო მსგავსი თხოვნით მიმართავს.

„კონფლიქტის პირველივე დღიდან ჩვენმა პრეზიდენტმა მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. თურქეთი ყოყმანს არ დაიწყებს“, - განაცხადა თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ტელეარხ CNN Turk-თან ინტერვიუში.

29 სექტემბერს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის, მხარი დაუჭიროს აზერბაიჯანს, როგორც მოლაპარაკებების მაგიდასთან, ასევე ბრძოლის ველზე.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

9 ოქტომბერს აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ. რამდენიმე საათში მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.

მათ შორის კიდევ ერთი სამშვიდობო შეთანხმება 17 ოქტომბერს დაიდო, თუმცა, ის კვლავ დაირღვა და აზერბაიჯანი და სომხეთი ამაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ.