მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) კვლევის მიხედვით, 2025 წლისთვის მსოფლიოში სამუშაო ამოცანების ნახევარს მანქანები შეასრულებენ. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კვლევა მსოფლიოს 300 უმსხვილესი კომპანიაში ჩატარდა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ „რობოტების რევოლუცია“ მსოფლიოს მასშტაბით 97 მილიონ სამუშაო ადგილს შექმნის, მაგრამ დაახლოებით ამავე რაოდენობის ადამიანი სამსახურს დაკარგავს, რაც უამრავი ადამიანის კეთილდღეობას რისკის ქვეშ დააყენებს.
ავტომატიზაცია უპირველეს ყოვლისა რუტინულ და მექანიკურ საქმიანობას შეეხება, ახალი სამუშაო ადგილები კი მოვლის, მონაცემთა ანალიზისა და მწვანე ეკონომიკის სფეროებში გაჩნდება. WEF-ში ასევე აღნიშნავენ, რომ ახალი ტექნოლოგიების ადაპტირება კორონავირუსის პანდემიამაც დააჩქარა, რადგან კომპანიები მუშაობის ახალ მეთოდებს ეძებენ. შედეგად, მუშები ორმაგი საფრთხის წინაშე დგანან. მათ სამუშაო ადგილებს COVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და ავტომატიზაციის დაჩქარება ემუქრებათ.