ლუკა ზაქარიაძემ რჩეულს სიყვარული გამარჯვების ღამეს აუხსნა

ლუკა ზაქარიაძემ რჩეულს სიყვარული გამარჯვების ღამეს აუხსნა

ლუკა ზაქარიაძესთან პირველად ინტერვიუ რამდენიმე კვირის წინ ჩავწერე. მაშინ ერთ-ერთი კონკურსანტი გახლდათ და გამარჯვებისთვის ემზადებოდა. ამჯერად მეორედ, უკვე "საქართველოს ვარსკვლავის" ამპლუაში შევხვდი და კონკურსანტი ლუკასგან რადიკალურად განსხვავებული მომეჩვენა. მშვიდი და მუდმივად დაფიქრებული ბიჭი, ძალიან გახარებული დამხვდა. გარდა სერიოზული პრიზებისა, ლუკამ თავისი ცხოვრების უდიდესი ოცნება აისრულა და საკუთარი ნიჭი საჯაროდ გამოიტანა. შეხვედრისას ხელში წერილი ეკავა, მითხრა, რომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო და ჩვენ თვალწინ გახსნა. წერილის ავტორი 76 წლის ბებია იყო, რომელიც რაიონში 65 წლის მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. მილოცვის გარდა ერთ-ერთი კომპოზიტორის დაწერილ სიმღერასაც სთავაზობდა, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებს გამარჯვებული, ამას დრო გვიჩვენებს.
ლუკა, 31 დეკემბერი შენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი აღმოჩნდა. რა მოხდა გამარჯვების შემდეგ?
იმდენად გახარებული ვიყავი, რომ ყველაზე დიდი სიგიჟე ჩავიდინე ცხოვრებაში. ჯერ თბილისში მამიდის მეგობართან შევხვდი ახალ წელს, სადაც ეს პერიოდი ვცხოვრობდი, შემდეგ კი მეგობრებთან ერთად ბაკურიანში წავედი. ტაქსი რომ გამოვიძახე, დაიგვიანა, დამაცადეთ, ახალ წელს ვხვდებიო, რა იცოდა, ვისთან მოდიოდა (იღიმება). ღამე ბაკურიანში წავედით, მანქანაში დამეძინა და რომ გამეღვიძა, შუაღამის ოთხ საათზე თოვლიან ბაკურიანში ვიყავი.
რატომ გადაწყვიტე ბაკურიანში წასვლა?
დრე ასეთი რამ არასოდეს გამიკეთებია. სადაც მივდიოდი, ოჯახის წევრებს ვუთანხმებდი. ასე იყო პროექტის განმავლობაშიც, მაგრამ ამ შემთხვევაში არავისთან შემითანხმებია. ბაკურიანში ხუთ მეგობარ ბიჭთან ერთად წავედი, შემდეგ კიდევ სამი ბიჭი და ბათუმელი მეგობარი გოგონებიც შემოგვიერთდნენ. არ დაგიმალავთ და იმ გოგონებიდან ერთ-ერთი მიყვარს. ეს იყო ცალმხრივი გრძნობა და პროექტის განმავლობაში დრო არ მქონდა სიყვარულისთვის. 
ბათუმელია ის გოგონა?
დიახ, რამდენიმე თვეა, რაც მარიამი მიყვარს. მე ხომ უცნაური ვარ და ჩემს ყურადღებას ყოველთვის განსხვავებული გოგონები იპყრობდნენ. მარიამი განსხვავებულ მუსიკას მღერის, "ჩემო ციცინათელას"...
პირველად სად მოუსმინე?
მეგობრისგან გავიგე და მერე მოვუსმინე. ძალიან ლამაზი გოგონაა. ახლაც რომ წარმოვიდგენ, თვალი მიშტერდება. 
სიყვარული როდის აუხსენი?
ბაკურიანში ვუთხარი, რომ მიყვარდა. მანამდეც იცოდა, მაგრამ მე არ მითქვამს. ფილარმონიაში რამდენიმე მეგობართან ერთად ყველა კონცერტზე ვეპატიჟებოდი, ოღონდ მეგობრულად, მაგრამ ჩემთვის მას ვუმღეროდი (იღიმება). მარიამი 16 წლის არის, ბათუმში სწავლობს და ამ პერიოდში ისე დაემთხვა, რომ თბილისში ინგლისური ენის კურსებს გადიოდა. 
ბაკურიანში როგორ აუხსენი სიყვარული?
ის ბიჭი არ ვარ, გოგოს ხელი დაავლოს, გვერდზე გაიყვანოს და უთხრას, მიყვარხარ. ლამაზად ვუთხარი, რომ მიყვარდა, ღამე იყო და ძალიან ლამაზი გარემო. ხუთ წუთში მეგობრები შემოგვიერთდნენ, ემოციურად ვიყავი დატვირთული. 
არ გიფიქრია, რომ შენი პოპულარობა მარიამის მოხიბვლაში დაგეხმარებოდა? 
ყოველთვის გრძნობით ვმღერი და სცენაზე ჩემს შინაგან სამყაროს ვაშიშვლებ. ეს იყო ერთ-ერთი საშუალება, რომ ჩემს პირად ცხოვრებაშიც რაღაც წვლილი შემეტანა. თავიდან კასტინგზე სხვანაირი ადამიანი ვჩანდი და შემდეგ ჩემი შინაგანი სამყარო სცენიდან გადმოვეცი.
ლუკა, უცნაურად განვითარდა შენი ამბავი "საქართველოს ვარსკვლავში". პირველ ტურში აუტ­­საიდერებში იდექი, საბოლოოდ გაიმარჯვე.
კასტინგიდან 
ხალხი მგულშემატკივრობდა, მაგრამ ჟიურიმ პირველ ტურში აუტსაიდერებში ჩამსვა. ხალხის სიმპათია ყოველთვის დიდი იყო ჩემ მიმართ და ეს პირველი ტურის სიმღერებიდანაც გამოჩნდა, რადგან ინტერნეტსივრცეში ყველაზე მეტი ნახვა ჩემს ვიდეოებს ჰქონდა. მე მაინც მიმაჩნია, რომ საკუთარი თავი ყველაზე მეტად მაშინ ვაჩვენე, როდესაც "getsemane" შევასრულე. ყველამ იცის ამ სიმღერის გენიალურობა და რა ხმაც სჭირდება მის შესრულებას.
ამ ტურამდე ორი დღით ადრე ჩავწერეთ ინტერვიუ და მაშინ მითხარი, რომ ხმის იოგებზე პრობლემები გქონდა.
ეს პრობლემა კონკურსის ბოლომდე გამყვა. ხუთი კვირის განმავლობაში გაციებული ვიყავი და ახლაც ბოლომდე არ გამოვჯანმრთელებულვარ.
კონკურსის განმავლობაში სოციალურ ქსელში წერდნენ, "იმედია, ამ ბავშვს მიხედავენ და არ "გააპაპსავებენო"...
კასტინგზეც აღვნიშნე, რომ პაპსას ტიპის ესტრადას არ ვუსმენ, რომ უკვე ჩამოყალიბებული გემოვნება შემეცვალოს. ეს არასოდეს მოხდება. ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთაც როკი უყვართ და დააფასებენ შენს ნიჭსა და შესაძლებლობას. შეიძლება, აქამდე არ ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ ამ ტიპის ვოკალისა და ემოციების მქონე შემსრულებელი გამოეყვანათ. მგონი, ჩემი სახით გამოუჩნდათ ასეთი ადამიანი. ჯერჯერობით პროექტის ავტორები მპირდებიან, რომ "საქართველოს ვარსკვლავს" პოპულარობა არ მოაკლდება. როდესაც ხალხის რჩეული ხარ 75%-ით, შენი სახე არ უნდა დაკარგო.
ლუკა, კონკურსის განმავლობაში ყველაზე მეტად ვისი შეფასება იყო შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?
თქვენ ალბათ ნიკოლოზ რაჭველის სიტყვებს გულისხმობთ - "თქვენ წინაშე მოვლენაა და ქუდები მოიხადეთო"... პირველივე კასტინგზე აღვნიშნე, რომ ნიკოლოზ რაჭველი ჩემს თვალში გენიოსია. მიუხედავად იმისა, რომ კლასიკოსია, რასაც მე ნაკლებად ვუსმენ, მან იცის, რა არის მუსიკა და ვინ არის მომღერალი. რა თქმა უნდა, ნინო ქათამაძეც ძალიან მიყვარს და ვიცი, რომ მაგარი პროფესიონალია, მაგრამ შინაგანი ხმა მეუბნებოდა, რომ ნიკას აზრი უფრო მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. 
ძალიან პოპულარული ხარ, თითქმის ყველა თაობა გგულშემატკივრობდა. ალბათ რთულია, შენს ასაკში მოულოდნელად თავს დატეხილ პოპულარობას გაუძლო. 
არა, ხალხი ნამდვილად იმსახურებს, რომ ღირებულს უსმინოს, თან მათი ქვეყნის შვილის ნამღერს. მათ წინაშე ყოველთვის მოვალე ვიქნები. პოპულარობა თავში არასოდეს ამვარდნია, ამის საშუალებას საზოგადოებაც არ მოგცემს. ასეთ ადამიანებს არავინ სცემს პატივს. პროექტში მოსვლამდე ჩემს სტიქიაში ვმღეროდი და ხალხმა "საქართველოს ვარსკვლავით" გამიცნო. რა თქმა უნდა, ჩემი ნიჭის წყალობით, მაგრამ მაინც ხალხის შექმნილი ვარ... 
ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ შენს გამარჯვებას?
ძალიან დიდი სიხარულით. მამამ ყოველთვის იცოდა, რომ თავში რაღაც ჭია მყავდა და მუსიკა ძალინ მიყვარდა, ამიტომ არ გაჰკვირვებია. ბათუმს გაუხარდა ძალიან, რადგან ასეთი ტიპის პროექტში ბათუმელმა პირველად გაიმარჯვა. 
ლუკა, ახლა სად იცხოვრებ?
დედაქალაქში, რადგან ახლა საჭიროა აქ ყოფნა. თან ალბათ შემოთავაზებები მექნება. იმას არ ვამბობ, რომ ვიღაც ამიყვანს და მიპატრონებს, მაგრამ ალბათ ყურადღებას მომაქცევენ. 
ძალიან კარგი პრიზები მიიღე...
გიტარით დავიწყებ, ალბათ ხვდებით, რატომაც. მანქანა, ბინა ბათუმში და საგზური გოაში. სამოგზაუროდ მეგობართან ერთად წავალ და ერთი კვირა დავისვენებ. მანქანა უკვე გავიფორმე. მართვა ჯერ არ მისწავლია, მხოლოდ ღვედის შეკვრა და მუსიკის ჩართვა ვიცი (იცინის).
2012 შენი ოცნებების ახდენის წელი იყო. ალბათ მაინც შეიცვალა შენში რაღაც...
უფრო მხიარული გავხდი. ბაკურიანიდან თბილისში რომ დავბრუნდი, ის სამთვიანი წვალება გამახსენდა. ახლობელი ადამიანები ვნახე და ძალიან გამიხარდა. მე ჩემი იდეა განვახორციელე, მინდოდა, საქართველოს მასშტაბით რაღაც ახალი მეთქვა. მიხარია, რომ ხალხის რჩეული გავხდი. 
 ადრე მითხარი, რომ თაყვანისმცემელი გოგონები სოციალურ ქსელში გწერდნენ, ალბათ ახლა უფრო გააქტიურდნენ. 
ახლა უკვე პირად ნომერს მთხოვენ, დარეკვა და დალაპარაკება უნდათ. იცით, რას აკეთებენ, ზოგი მირეკავს და "ალოს"-ს რომ ვეტყვი, მერე ტელეფონს მითიშავს. მიხარია, რომ მათაც უხარიათ. კარგია, როცა ადამიანები შენ მიმართ კეთილგანწყობილები არიან. 
როგორ ფიქრობ, ერთი წლ­ის შემდეგ რომ შევხვდეთ ინტერ­ვიუზე, რით დაიწყებდი საუბარს?
შეიძლება, კლიპზე დავიწყო საუბარი... როგორი კლიპი გამოვიდა (იღიმება). არ ვიცი, არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ ალბათ სიახლეები მექნება. სამი თვის წინ მეგობრებთან ერთად ეზოში ლუდის ფულს ვაგროვებდი და ასეთი თემები იყო ჩვენი სალაპარაკო. ახლა კი ხალხის ემოციებზე ვსაუბრობ. ცხოვრებაში ხომ ყველაფერია მოსალოდნელი.