ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობა არის არა მხოლოდ ჩვენი ფასეულობები და არა მხოლოდ ჩვენი გაცხადებული პოლიტიკური მიზანი , არამედ ეს არის ჩვენი ხალხის არჩევანი- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა „ქართული ოცნების“ მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.
ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს არჩევანი და მიზანი ქვეყნის კონსტიტუციაშიც არის ასახული.
„როგორც პოლიტიკურმა გუნდმა, ჩვენ განვაცხადეთ შემდგომი 4 წლიანი პერიოდის პროგრამის პრეზენტაციაში, რომ ყველა ჩვენი ქმედება , ყველა მიმართულებით, ეს იქნება ეკონომიკური ბლოკი, სოციალური, განათლება, კულტურა თუ ნებისმიერი სხვა წინ გადადგმული ნაბიჯი, მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენი ქვეყანა განვავითაროთ ისეთ დონეზე, გავზარდოთ როგორც ჩვენი მოსახლეობის შემოსავლის დონე, ჩვენი ინფრასტრუქტურის განვითარება, სტანდარტები როგორც პროდუქტების უსაფრთხოების, ასევე გარემოს დაცვის სფეროში, ჩვენი განათლება, ჯანდაცვა, მივიყვანოთ ისეთ დონეზე, რომ მოგვეცეს საშუალება, გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ვიცე-პრემიერის თქმით, ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის განაცხადის წარსადგენად 2024 წელს მმართველი გუნდი ასახელებს იმისათვის, რომ ქვეყანამ შეძლოს ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილება.
„ როდესაც ისმის კითხვა, რატომ 2024 წელს-იმისთვის, რომ ეს განაცხადი განიხილოს ევროკავშირმა, საჭიროა, ქვეყანა აკმაყოფილებდეს ევროპული განვითარების საშუალო დონეს , რომელიც მოგვცემს უკვე გარანტიას, რომ ჩვენი განაცხადი იქნება სერიოზულად აღქმული, იქნება განხილული და ამ განაცხადის გაკეთება დასრულდება, რა თქმა უნდა, ჩვენი სრულფასოვანი წევრობით“- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.