მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ვგეგმავთ დამატებით 20 მილიარდი ლარის ჩადებას ქვეყნის ინფრასტრუქტურაში და მიუხედავდ იმისა, რომ ჩვენი მმართველობის რვა წელიწადში იმაზე ბევრად მეტი გავაკეთეთ, ვიდრე ეს იყო წინა პერიოდში, 2024 წლამდე მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარებაში ორჯერ მეტი ინვესტიცია განხორციელდება, რაც ორჯერ უფრო მეტ შედეგს ნიშნავს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა რუსთავში, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.
„დღეს გვქონდა საშუალება კიდევ ერთხელ წარგვედგინა ჩვენი მოქალაქეებისთვის ანგარიში იმასთან დაკავშრებით, თუ რა გავაკეთეთ სხვადასხვა სფეროში და რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის გეგმები, რაც გვაქვს შემდეგი 4 წლის განმავლობაში. ეს საკითხები ხშირად გარკვეული პოლიტიკური სპეკულაციების საგანი ხდება, მაგრამ დღეს რიცხვებში დავინახეთ, რომ როგორც ეკონომიკაში გავაორმაგეთ ინვესტიციები, ასევე ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმართულებით ორჯერ და უფრო მეტადაც არის გაზრდილი ინვესტიციებიც და გაკეთებული საქმეც. ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია სოციალური, ჯანდაცვის და გარემოს დაცვის მიმართულებებით და ეს არის ის სფეროები, რომელიც ჩვენს საქმიანობას, ყოველდღიურ ცხოვრებას ეხება. ამიტომ, აუცილებელია პანდემიის მიუხედავად, განვავითაროთ ყველა სფერო და სტაბილური, მდგრადი მომავალი შევუქმნათ ჩვენს მოქალაქეებს,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.