პერუში არქეოლოგებმა კატის უზარმაზარი გამოსახულება აღმოაჩინეს

პერუში არქეოლოგებმა კატის უზარმაზარი გამოსახულება აღმოაჩინეს

სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე, პერუს რესპუბლიკის სამხრეთით აღმოაჩინეს კატის გეოგლიფი (მიწაზე გამოსახული გეომეტრიული ან ფიგურული გამოსახულება), რომელიც ორ ათასწლეულზე მეტი ხნისაა.

როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, კატის ეს ფიგურა პერუს ნაცრისფერი ქვიშის უდაბნოში ერთ-ერთ გორაკზე ქრისტეს შობამდე 200-დან 100 წლამდე შუალედში უნდა შექმნილიყო და ის 37 მეტრის სიგრძისაა.

The Guardian-ის ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მიწაზე მსგავსი მასშტაბური გამოსახულება აღმოაჩინეს: ნასკას ხაზების სახელით ცნობილ ფიგურებს შორის გადააწყდებით კოლიბრს, მაიმუნსა და ვეშაპსაც კი.

ნასკას ხაზები, რომელიც როგორც ცხოველების, ისე გეომეტრიული ფიგურების ასობით გამოსახულებას მოიცავს, პერუს დედაქალაქ ლიმადან 400 კილომეტრითა დაშორებული და 450 კვადრატულ კილომეტრზეა წარმოდგენილი. ეს ტერიტორია 1994 წლიდან იუნესკოს მსოფლიო საგანძურშია შეტანილი.

"ფიგურა გაურკვევლად ჩანდა და მალე სულ გაქრებოდა კიდეც, რადგან ის გამოსახულია ციცაბო ფერდობზე, რომელზეც ბუნებრივი ეროზია დიდ გავლენას ახდენდა", — განაცხადა პერუს კულტურის სამინისტრომ ახალ აღმოჩენასთან დაკავშირებით.

"გასაოცარია, რომ კვლავ ვპოულობთ ახალ ფიგურებს, მაგრამ ასევე ვიცით, რომ კიდევ ბევრის აღმოჩენა შეიძლება", — აღნიშნა ჯონი ისლამ, რომელიც პერუში ამ არქეოლოგიურ სამუშაოებს ხელმძღვანელობს.

ნასკას ხაზებს სამხრეთ ამერიკის კონტინეტზე მცხოვრები ადამიანები ნიადაგის ზედა ფენის მოშორებით, რომელიც ძირითადად ქვებისგან შედგებოდა, და უფრო ღრმა, ქვედა ფენის ღია ფერის ნაწილის გამოჩენით ქმნიდნენ.

არქეოლოგ ჯონი ისლას განცხადებით, ბოლო წლებში ასამდე მსგავსი გამოსახულება აღმოაჩინეს, რომელიც სწორედ ნასკას კულტურას მიეკუთვნება. აღსანიშნავია, რომ ამ გამოსახულების დანახვა მიწიდან ადამიანისთვის თითქმის შეუძლებელია: მათი სრულად აღქმა მხოლოდ ციდან, გარკვეული სიმაღლიდან შეიძლება, რის გამოც დღემდე აქტიურად იკვლევენ, თუ რატომ იქმნებოდა ეს გამოსახულებები თავის დროზე.