14 სექტემბერს HBO-ს ახალი სერიალის We Are Who We Are (ის ვართ, ვინც ვართ) პრემიერა შედგა, რომლის უკვე რამდენიმე ეპიზოდი იხილეს მაყურებლებმა და მათ შორის ერთ-ერთში პერსონაჟებმა დიზაინერ დემნა გვასალიაზეც მოასწრეს საუბარი.
სერიალის მეხუთე სერიაში, რომელიც 12 ოქტომბერს გამოვიდა, მთავარი გმირი, სახელად ფრეიზერი მეორეხარისხოვან პერსონაჟ ჯონათანთან თავის სამომავლო გეგმებზე საუბრისას სწორედ ქართული წარმოშობის ამ ცნობილ დიზაინერს ახსენებს:
" – დემნა გვასალიას შესახებ გსმენია?
– ვშიშობ, რომ არა.
– კარგი, ის Vatemenet-ის მთავარი დიზაინერია და ახლა Balenciaga-სთვის ქმნის სამოსს. ის ქართველია და მას ბავშვობიდან ახსოვს ომი. მან ეს კოლექცია შექმნა Balenciaga-სთვის (ტელეფონში აჩვენებს ფოტოებს). ხვდები? მან ომის მოგონებები ქსოვილად აქცია".
ამ ახალ სერიალს მსოფლიოს სხვა მრავალ კუთხესთან ერთად ქართველი მაყურებლებიც ჰყავს, რომელთაც, რა თქმა უნდა, შენიშნეს ეს მომენტი და მოულოდნელად სასიამოვნო სიურპრიზით აღფრთოვანება სოციალურ ქსელებში გააზიარეს.
აღსანიშნავია, რომ HBO-ს ეს ახალი სერიალი იტალიური წარმოშობის რეჟისორმა ლუკა გუადანინომ, გადაიღო, რომელსაც მაყურებლები კარგად იცნობენ თავისი გახმაურებული ეკრანიზაციით შენი სახელი დამიძახე (Call Me by Your Name): 2017 წელს გამოსულმა ამ ფილმმა ოსკარის ოთხი ნომინაცია დაიმსახურა, მათ შორის საუკეთესო ფილმის კატეგორიაში.
ის ვართ, ვინც ვართ გუადანინოს პირველი სატელევიზიო პროექტია და მისი სიუჟეტი 14 წლის ფრეიზერზე მოგვითხრობს, რომელიც ნიუ-იორკიდან იტალიაში მშობლებთან ერთად სამხედრო ბაზაზე ჩადის, სადაც ამავე ბაზაზე მცხოვრებ კეიტლინს გაიცნობს და დამეგობრდებიან. სწორედ აქედან იწყება მათი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი, როცა მოუწევთ რთული დილემის პირისპირ აღმოჩენილი ძვირფასი ურთიერთობები გადაარჩინონ.