ნიკუშა შენგელაია: არ მიყვარს ქართველების თავის გამოჩენა, წაქცეულს რომ დაესევიან ხოლმე

ნიკუშა შენგელაია: არ მიყვარს ქართველების თავის გამოჩენა, წაქცეულს რომ დაესევიან ხოლმე

გასული წლების განმავლობაში ნიკუშა შენგელაიას სამოქალაქო აქტიურობა საზოგადოებას კარგად ახსოვს... როგორც თავად ამბობს, ეს 9 წელი, შემოქმედებითი კუთხით, მისთვის სრულიად უმოქმედო იყო და ძალიან მწვავედ განიცდიდა ყველაფერს, რაც ქვეყანაში ხდებოდა. თუმცა, ბოლო დროინდელი ცვლილებებით გახარებული ჩანს და მომავალსაც იმედის თვალით გაჰყურებს.

- ბატონო ნიკუშა, თუ არ ვცდები, ბიძინა ივანიშვილთან ახლო ურთიერთობა გაკავშირებთ.

- დიახ. ბედობას ბატონ ბიძინასთან ბიზნესცენტრში შევხვდით.. საოცრად კეთილშობილი, ნამდვილი ქართული ოჯახია... ძალიან მაღალი მორალის ხალხია, მათ დიდ პატივს ვცემ და როცა მიწვევენ, ყოველთვის დიდი სიხარულით მივდივარ. 

- როგორ გარემოში შეხვდით ბედობას?

- რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივი გარემო იყო: ანსამბლ "ქართული ხმების" წევრები ოჯახებით იყვნენ მიწვეული, დავით მაღრაძე მეუღლესთან ერთად, ნინელი ჭანკვეტაძე, კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი... ამ წრეს ჩვენ პატარა სამეგობროს ვეძახით.

- დარწმუნებული ვარ, ქვეყნის ბედზეც საუბრობდით.

- რა თქმა უნდა, ბატონმა ბიძინამ გაგვანდო, რის გაკეთებას აპირებს... ძალიან განიცდის ხალხის გასაჭირს და სურს, პირველ რიგში ეკონომიკური მდგომარეობა გამოასწოროს. უნდა, რომ ბიზნესმა ფეხი მოიკიდოს და ხალხი დასაქმდეს. ბატონი ბიძინა ამ საკითხზე ძალიან ბევრს ფიქრობს. მისთვის ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებთან. 

- თქვენ შეურიგებელ პროტესტს გამოხატავდით წინა ხელისუფლების მიმართ.. დღეს მიხეილ სააკაშვილი ისევ ქვეყნის პრეზიდენტია...


- სააკაშვილი გულზე არავის ეხატება და მესმის მათი, ვისაც აღარ სურს, ქვეყანას კვლავ ის მართავდეს. თუმცა, ჩვენ ხომ ვიცით, რომ მისი ძალაუფლება რეალურად დამთავრებულია. მისი მართვის სტილი ძალოვან სისტემებზე იყო დაყრდნობილი, დღეს კი ეს საყრდენი გამოცლილი აქვს... აჯობებს, კონსტიტუციურად დასავლეთის თვალშიც დაამთავროს თავის ვადა (მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციას, როგორც უნდოდათ, ისე ცვლიდნენ)... მთავარია, ბერკეტები არ ჰქონდეს პოლიტიკური კრიზისის შესაქმნელად. პარლამენტის დათხოვნასაც სთავაზობენ, მაგრამ იცის, რომ ეს ნაბიჯი მისთვის უარესი იქნება. ახალი არჩევნები თუ იქნება, ნაციონალური მოძრაობა შეიძლება ვერც კი შევიდეს პარლამენტში. მთავარია, ხალხი მხარს ვის უჭერს. მიხეილ სააკაშვილს აღარანაირი ძალა აღარ აქვს, ამიტომაც ვერ ვხედავ პრობლემას მის პრეზიდენტობაში... არ მიყვარს ქართველების თავის გამოჩენა, წაქცეულს რომ დაესევიან ხოლმე. ვითომ ახლა გახდნენ პატრიოტები. სულ ათი კაცი ვიმაღლებდით ხმას მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და ბევრი, ვინც დღეს გაჰყვირის, მაშინ იმალებოდა. არ არის ეს ღირსეული საქციელი, მაგრამ არა უშავს, მათ ნამუსზე იყოს!.. 

- გვახსოვს, ყველა მიტინგზე პროტესტს გამოხატავდით, თუმცა, ვერ იტანდით, როცა ვინმე ოპოზიციონერს გიწოდებდათ...

- დიახ, მე ოპოზიციონერი ვიყავი, მაგრამ არა პოლიტიკური ოპოზიციონერი. არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ და ეს იყო ჩემი საზოგადოებრივი, მოქალაქეობრივი პოზიცია. ვფიქრობ, ქვეყანა რომ სწორად ჩამოყალიბდეს, სწორედ ასეთ პროტესტს უნდა ექცეოდეს ყურადღება... ჩვენი ქვეყანა თითოეული ჩვენთაგანისაა, ჩვენი საერთო სახლია. ეს არის ადგილი, სადაც უნდა განვითარდეს ყველაფერი, რაც ზოგადსაკაცობრიო სივრცეში ვითარდება. ძალიან დიდი კულტურის მქონე ქვეყანაა. არჩევნებმა დაამტკიცა, რამხელა პოლიტიკური კულტურა გამოიჩინა ქართველმა ხალხმა. საზოგადოებამ შეძლო ის, რაც პოლიტიკოსებმა ვერ შეძლეს. ყველაზე მთავარია, როცა ადამიანი გრძნობს, რომ ქვეყნის მშენებლობის თანამონაწილეა... ქვეყანას ხალხი აშენებს და არა მთავრობა.