მაიკ პომპეო: ვიმედოვნებთ, რომ სომხები შეძლებენ თავი დაიცვან იმისგან, რასაც აზერბაიჯანელები აკეთებენ

მაიკ პომპეო: ვიმედოვნებთ, რომ სომხები შეძლებენ თავი დაიცვან იმისგან, რასაც აზერბაიჯანელები აკეთებენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ იმედი გამოთქვა, რომ სომხეთი აზერბაიჯანისგან თავის დაცვას შეძლებს.

„ვიმედოვნებთ, რომ სომხები შეძლებენ თავი დაიცვან იმისგან, რასაც აზერბაიჯანელები აკეთებენ“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რადიოსადგურ WBS-ის ეთერში.

მაიკ პომპეომ ასევე აღნიშნა, რომ კონფლიქტში მონაწილე მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას უნდა დაუბრუნდნენ.

„ვიმედოვნებ, რომ მხარეები ცეცხლს შეწყვეტენ და შემდეგ მოლაპარაკებებს შეუდგებიან, რათა გამოსავალი იპოვონ ამ პრობლემიდან“, - აღნიშნა მან.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე გააკრიტიკა თურქეთის ქმედებები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით.

„თურქეთი ამ კონფლიქტში ჩაერია და აზერბაიჯანი რესურსებით უზრუნველყო. ამით თურქეთმა კონფლიქტის რისკები გაზარდა“, - დასძინა მაიკ პომპეომ.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.