ილჰამ ალიევი: ნიკოლ ფაშინიანი სოროსის პროდუქტია

ილჰამ ალიევი: ნიკოლ ფაშინიანი სოროსის პროდუქტია

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს „სოროსის პროდუქტი“ უწოდა.

„მე ხშირად ვამბობ, რომ ფაშინიანი სოროსის პროდუქტია. ვფიქრობ, ყველა დამეთანხმება ამაში“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა მთიან ყარაბაღში სეპარატიზმით დაიწყო.

„მთიან ყარაბაღში სეპარატიზმა სასხლეტი კაუჭის ფუნქცია შეასრულა. ბევრს დაავიწყდა, თუ ვინ იდგა იმ მიტინგების უკან“, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.