მას შემდეგ, რაც დიდ ეკრანებზე ვიხილეთ შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა (Mad Max: Fury Road), მილიონობით მაყურებელი ელოდება ამ სამყაროს შესახებ ახალი ფილმის გადაღებას და აი, ბოლოდროინდელი სიახლეები ამ მოლოდინს კიდევ უფრო გაგვიმძაფრებს.
The Guardian-ის ცნობით, შეშლილი მაქსის ახალ ნაწილში ისეთი ცნობილი მსახიობები ითამაშებენ, როგორებიც კრის ჰემსვორტი, ანია ტეილორ-ჯოი და იაია აბდულ მატინი არიან.
აღსანიშნავია, რომ ანია ტეილორ-ჯოი ახალგაზრდა ფურიოსას როლს შეასრულებს: მრისხანების გზაში ეს პერსონაჟი შარლიზ ტერონმა განასახიერა. რეჟისორი ჯორჯ მილერი აპირებდა, რომ შემდეგ ფილმშიც ტერონს ეთამაშა და თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით ის ეკრანზე გაეახალგაზრდავებინა, თუმცა რამდენიმე თვის წინ საჯაროდ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება შეცვალა და ამ როლისთვის ახალგაზრდა მსახიობს ეძებდა — მომავალი ფილმი პრიქველი იქნება და მრისხანების გზაში ნაჩვენებ ისტორიამდე რამდენიმე წლით ადრე განვითარებულ მოვლენებზე მოგვითხრობს, სადაც ფურიოსა გაცილებათ ახალგაზრდაა.
ანია ტეილორ-ჯოი 24 წლისაა და მან უკვე ისეთ ცნობილ ფილმებში ითამაშა, როგორებიცაა ალქაჯი (The Witch), შუშა (Glass) და ემა (Emma).
კრის ჰემსვორტს ბლოკბასტერების მოყვარულები კარგად იცნობენ მარველის სუპერგმირ თორის როლით, რომელიც The Avengers-ის ფილმებში ჩნდება. წელს ის ასევე ვიხილეთ ნეტფლიქსის ფილმში გამოხსნა (Extraction).
რაც შეეხება იაია აბდულ-მატინს, მან გასულ წელს ითამაშა HBO-ს სერიალში დარაჯები (Watchmen) და ამ როლით ემის ჯილდოც მოიპოვა ნომინაციაში კაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მინისერიალში.
შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა 2015 წელს გამოვიდა და როგორც მაყურებლებისგან, ისე კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა: ოსკარებზე ათ ნომინაციაში იყო წარდგენილი, მათ შორის საუკეთესო ფილმისა და რეჟისორის კატეგორიაში.
ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება გადაღებები და შესაბამისად, როდის უნდა ველოდოთ ფილმის პრემიერას, თუმცა შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ წინ საინტერესო სანახაობა გველოდება.