ჰარი პოტერის პირველი გამოცემის ეგზემპლარი აუქციონზე $78 ათასად გაიყიდა

ჰარი პოტერის პირველი გამოცემის ეგზემპლარი აუქციონზე $78 ათასად გაიყიდა

ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვის პირველი გამოცემის ეგზემპლარი, რომლის საშუალებითაც მამა შვილს ინგლისურს ასწავლიდა, აუქციონზე 78 ათას დოლარად (60 ათას გირვანქა სტერლინგად) გაიყიდა.

წიგნის იშვიათი ეგზემპლარი თავდაპირველად 40 ათას დოლარად იყო შეფასებული. იგი ერთ-ერთია პირველი გამოცემის ტირაჟიდან, რომელიც მხოლოდ 500 ეგზემპლარს მოიცავს. წიგნის მფლობელი ლუქსემბურგში მცხოვრები ბრიტანელი ემიგრანტი იყო.

აუქციონერ ჯიმ სპენსერის თქმით, ფასის ამ რიცხვამდე აწევა, რომელიც მყიდველის დამატებით გადახდილ თანხასაც მოიცავს, "განმაცვიფრებელია".

წიგნი გასაყიდად სტეფორდშირის ჰენსონების ბიბლიოთეკის აუქციონმა 13 ოქტომბერს გამოიტანა. ნივთის მფლობელმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, განაცხადა, რომ რომანი თავისი შვილებისთვის იყიდა წიგნის გამოცემიდან 18 თვის შემდეგ, 1998 წელს. მისი თქმით, "სრულიად აღფრთოვანებულია" რიცხვით, რომლითაც წიგნი შეფასდა.

"ჰარი პოტერის წიგნები ნამდვილად საკულტოა — განსაკუთრებით, საბავშვო ლიტერატურაში — ამდენად პირველი გამოცემის ღირებულება მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება", — ამბობს წიგნის ყოფილი მფლობელი.

მან ასევე დასძინა, რომ გაყიდვიდან შემოსულ თანხას შვილის სტუდენტური სესხების დაფარვისათვის გამოიყენებს.

წიგნის პირველი გამოცემის ეგზემპლარად აღიარება მას შემდეგ მოხდა, რაც დერბიშირის აუქციონერებმა ორი მახასიათებელი ნიშანი ამოიცნეს — ფრაზა "1 ჯოხის" განმეორება 53-ე გვერდზე და წიგნის სატიტულო გვერდის შიდა მხარეს ციფრების ჩამონათვალში 1-ის ფიგურირება.

ჰედსონების თქმით, საბოლოოდ, წიგნი კერძო მყიდველმა შეიძინა უცხოეთიდან, რომელიც მათ ტელეფონით დაუკავშირდა.

სპენსერი, რომელსაც ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვის პირველი ოთხი გამოცემის გარიგება ეკუთვნის, ამბობს, რომ ეს ფასი ცალეული წიგნისთვის გადახდილი ყველაზე დიდი თანხაა.

"სრულიად აღფრთოვანებული ვარ, რომ წიგნმა ასეთ საოცარ ფასს მიაღწია", — განაცხადა მან, — "იმედი მქონდა, 65 ათას დოლარად მაინც გაიყიდებოდა, თუმცა განმაცვიფრებელია ის ფაქტი, რომ 78 ათასად შეფასდა".