სამწუხაროდ, მისი უწმინდესობის ნათელი, არაორაზროვანი და თანმიმდევრული სამშვიდობო გზავნილი დამახინჯებულად იყო წარმოდგენილი და, ზოგ შემთხვევაში, გავრცელებულიც, რამაც დაბნეულობა გამოიწვია, - ამის შესახებ საქართველოში წმინდა საყდრის სადესპანოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში რომის პაპის განცხადების დამახინჯებულად გაშუქებას ეხება.
„პაპ ფრანცისკეს, სხვადასხვა დროს არაერთი მიმართვა გაუკეთებია და მოუწოდებია ლოცვისკენ სამხრეთ კავკასიის ხალხებს შორის მშვიდობის დასამყარებლად. პაპი ფრანცისკე და წმინდა საყდარი ძალისხმევას არ იშურებენ მშვიდობის მხარდასაჭერად. წმინდა საყდრის სადესპანო საქართველოსა და სომხეთში დაუყოვნებლივ აქვეყნებს ამგვარ მიმართვებს თავის ვებგვერდზე და სოციალურ ქსელებში.
პაპის სამშვიდობო მიმართვები და ლოცვები მუდამ მოწონებას პოვებდა საერთაშორისო საზოგადოებაში, საქართველოსა და სომხეთის კათოლიკურ იერარქიაში, მთელ მსოფლიოში მოქმედ კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენციებში, მათ შორის აშშ-ის კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენციაში, კეთილი ნების ყველა ადამიანში.
ა.წ. 11 ოქტომბერს სამხრეთ კავკასიაში შეიარაღებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით პაპმა ფრანცისკემ განაცხადა შემდეგი: „მოხარული ვარ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჰუმანიტარული მოსაზრებებით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა, რასაც, იმედია, არსებითი სამშვიდობო შეთანხმება მოჰყვება. მიუხედავად ზავის სიმყიფისა, მოვუწოდებ მხარეებს მისი განახლებისკენ და ვიზიარებ ადამიანური მსხვერპლით, ტანჯვა-ვაებითა და საცხოვრებელ თუ საკულტო ნაგებობათა ნგრევით გამოწვეულ გულისტკივილს. ვლოცულობ და მოგიწოდებთ ილოცოთ დაღუპულთა და საფრთხის წინაშე მყოფთათვის“.
სამწუხაროდ, მისი უწმინდესობის ნათელი, არაორაზროვანი და თანმიმდევრული სამშვიდობო გზავნილი დამახინჯებულად იყო წარმოდგენილი და, ზოგ შემთხვევაში, გავრცელებულიც, რამაც დაბნეულობა გამოიწვია.
წმინდა საყრდის სადესპანო იმედოვნებს, რომ პაპი ფრანცისკეს გზავნილი, მისი ღრმა შეშფოთება და ლოცვისკენ მოწოდება შეუერთდება იმ უამრავი ადამიანის ძალისხმევას, რომლებიც იღწვიან მშვიდობის დასამყარებლად სამხრეთ კავკასიის ხალხებს შორის“, - აღნიშნულია განცხადებაში.