ბრიტნი სპირსმა მოიპოვა უფლება, რომ მამის გარდა სხვა მეურვეც ჰყავდეს

ბრიტნი სპირსმა მოიპოვა უფლება, რომ მამის გარდა სხვა მეურვეც ჰყავდეს

ბოლო თვეების განმავლობაში ბრიტნი სპირსის მრავალ გულშემატკივართან ერთად მედიაც აქტიურად აშუქებს პოპვარსკვლავის კანონიერ მეურვეობასთან დაკავშირებით მიმდინარე განხილვებს და აი, ბრიტნიმ პირველი გამარჯვებაც მოიპოვა: მომღერალს უფლება მიეცა, რომ ერთზე მეტი მეურვე ჰყავდეს.

2008 წლიდან ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესების გამო ბრიტნი სპირსზე კანონიერი მეურვეობა მამამისს, ჯემი სპირსს ჰქონდა. ამის გამო მომღერლის ბევრი ფანი მიიჩნევდა, რომ ჯეიმი მას თავისუფლებას უზღუდავდა და პეტიციაც კი შეიქმნა, რომ მეურვეობის წესები შეცვლილიყო. მართლაც აგვისტოში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თავად ბრიტნისაც აღარ სურდა, რომ მისი მეურვეობა მამამისს გადაბარებოდა.

ბრიტნი სპირსმა სასამართლოს თხოვნით მიმართა, რომ მისი მეურვე ჯოდი მონტგომერი ყოფილიყო, რომელიც მასთან დაახლოებული პირია და გასულ წელს მამამისის ჯანმრთელობის გაუარესების გამო მეურვეობა შეითავსა. Variety-ის ცნობით, თავად ჯიმი სპირსი კი მეურვეობის უფლების დაბრუნებას ითხოვდა და ბრიტნის სურვილს არ იზიარებდა.

ბრიტნი სპირსზე მეურვეობა 2008 წელს მამამისმა, ჯემი სპირსმა და ადვოკატმა, ენდრიუ უოლეტმა აიღეს, რის შედეგედაც უკვე 12 წელია მომღერალს უფლება არ აქვს, თავის ფინანსებთან თუ კარიერასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოს. მსგავს ზომებს სასამართლო იმ პირებთან მიმართებაში ატარებს, რომელთაც არ აქვთ უნარი, გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღონ: მაგალითად, დემენციის ან სხვა ფსიქიკური დაავადების მქონე პირების მიმართ.

2019 წელს როგორც ადვოკატმა, ისე მამამ მეურვეობაზე უარი თქვეს და ეს პასუხისმგებლობა დროებით ჯოდი მონტგომერის გადაეცა. ამ წლის ივლისში სასამართლოს ხელახლა, შესაძლოა, სამუდამოდ უნდა დაენიშნა ბრიტნი სპირსისთვის ახალი მეურვე, თუმცა ფანებისა და სხვა საჯარო პირების ონლაინ მოძრაობა #FreeBritney (თავისუფლება ბრიტნის) სასამართლოსგან მეტ გამჭირვალობასა და კრიტიკულობას მოითხოვს: ბევრი მიიჩნევს, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მომღერლის თავისუფლება უსაფუძვლოდ იყო შეზღუდული.

აღსანიშნავია, რომ მეურვეობის პირობების შეცვლის საკითხზე ღიად საუბრობს ბრიტნი სპირსის ძმაც:

"რაღაც პერიოდის განმავლობაში ის მეურვეობის ქვეშ იყო. ცხადია, თავდაპირველად ამის აუცილებლობა არსებობდა. აპირებენ, რომ ამ მხრივ რაღაც ცვლილებები შეიტანონ და ვიმედოვნებთ, ყველაფერი ბრიტნის სასიკეთოდ გადაწყდება", — განაცხადა ბრაინ სპირსმა ინტერვიუში.

ბრიტნი სპირსის მეურვეობის მრავალწლიანი ისტორიის შესახებ უფრო ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: თავისუფლება ბრიტნის — მაინც რა ხდება პოპის პრინცესის თავს.