რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ ლელა წურწუმია ახალი წლის წინ დააკავეს და მომღერალმა რამდენიმე საათი დაკითხვაზე გაატარა. თუმცა როგორც კი ლელას დაკავების ამბავი ბიძინა ივანიშვილის ყურამდე მისულა, ძალიან გაბრაზებულა და მომღერალი გამოაშვებინა. როგორც მითხრეს, დაკავების მიზეზი კომპანია "ბადაგონი" ყოფილა, რომლის წილის 12%, გავრცელებული ხმების თანახმად, ლელა წურწუმიას ეკუთვნის. ამბობდნენ, ახალმა მთავრობამ "ბადაგონში" ფინანსური დარღვევა აღმოაჩინა და სავარაუდოდ, ლელაც იმიტომ დაიჭირესო.
კომპანია "ბადაგონი", რომლის წილის დიდ პროცენტს იტალიელები ფლობენ, ვარდების რევოლუციის შემდეგ სკანდალში გაეხვა. კახეთის მაშინდელი გუბერნატორი პეტრე ცისკარიშვილი კომპანიაში შევიდა და რამდენიმე კასრი ღვინო ტელეკამერების წინ გადაღვარა იმ მიზეზით, რომ ღვინო საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. ზუსტად იმ დროს, როდესაც "ბადაგონში" ღვინოს ღვრიდნენ, ევროკავშირის ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტი სიამაყით ლაპარაკობდა იმის შესახებ, რომ იტალიელებმა კახეთში ინვესტიციები დააბანდეს და უგემრიელეს ღვინო "ბადაგონს" აწარმოებდნენ... მოგვიანებით ეს სკანდალი ყველას მიავიწყდა, ან მიავიწყებინეს, და კომპანიის სარეკლამო რგოლი საკმაოდ ხშირად გადიოდა ქართულ ტელევიზიებში. რასაკვირველია, შევეცადე, ლელას დაკავების ამბავი გადამემოწმებინა და მომღერალის მეუღლეს, კახა მამულაშვილს დავუკავშირდი, რომელმაც ჩემს ნათქვამზე ბევრი იცინა:
- საინტერესო თემაა ჭორისთვის. რას ამბობენ, რატომ დაიჭირეს ლელა?
- ამბობენ, "ბადაგონის" 12%-იანი წილის მფლობელია. კომპანიაში ფინანსური დარღვევა აღმოაჩინეს და იმიტომ დააკავეს. ლელას დაჭერის ასეთი ვერსიაა ქალაქში გავრცელებული.
- რას ამბობთ, ჩვენი მეგობარი, კომპანია "ბადაგონის" პიარმენეჯერი ლიზა ბაგრატიონი ხომ არ დაიჭირეს და ლელა ხომ არ ჰგონია ხალხს? ვხუმრობ, რასაკვირველია. ლიზას ჯვარი სწერია.
- ე.ი. ლელას "ბადაგონთან" არანაირი შეხება არ აქვს?
- არა, რასაკვირველია. ამ კომპანიასთან არც მე და არც ლელას არასდროს არანაირი შეხება არ გვქონია. მხოლოდ მისი გახსნის დღეს იმღერა ლელამ კონცერტზე, ეგ იყო და ეგ.
- როგორ ფიქრობთ, ეს ჭორი რატომ გავრცელდა ქალაქში. რამდენიმე ადამიანისგან გავიგე, რომ ლელა ახალი წლის წინა დღეებში რამდენიმე საათით იყო დაკავებული...
- ვერ გეტყვით, ალბათ ჭორიკნებისთვის კარგი თემაა.
- მადლობა კომენტარისთვის.
- მადლობა თქვენ, რომ ამ ჭორით ბევრი მახალისეთ.
კახა მამულაშვილთან საუბრის შემდეგ რამდენიმე საათში ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლელა სამუშაოდ სომხეთში მიიწვიეს და 8 იანვარს მეუღლესთან ერთად საქართველო დატოვა. ამ ინფორმაციის თანახმად, ლელას ადრეც სთავაზობდნენ სამუშაოს ამერიკაში, სომხეთში, მონღოლეთში და ლელამ სომხეთი აირჩია. საქართველოში არ დააფასეს და წავიდაო, წერდნენ. მალევე გავრცელდა მამულიჩას კომენტარი, სადაც ამბობს, რომ ლელა ახალ ალბომზე მუშაობს, გაზაფხულზე კონცერტის გამართვას გეგმავს და არსად წასვლას არ აპირებს. თვითონ კახა ამ ყველაფერზე ბევრს ხალისობდა "ფეისბუქში" და ამბობდა, მონღოლეთისკენ მივდივარო. იქვე დასძენდა, სომხეთში სამუშაოდ გადასვლის თემამ ლელას დაჭერა გადაფარაო. მეგობრები ეკითხებოდნენ, რატომ დაიჭირესო, კახამ კი უპასუხა, როგორც ამბობენ, "ბადაგონში" წილს ართმევენო. აშკარაა, რომ კახას ეს ჭორი მხოლოდ ჩემგან
არ მოუსმენია, რადგან "ბადაგონიდან"
ლელასთვის წილის ჩამორთმევის შესახებ არაფერი მიკითხავს. თუ ეს ჭორი მართალია, გაუგებარი რჩება, რატომ აღშფოთდა პრემიერ-მინისტრი მაინცდამაინც ლელა წურწუმიას დაჭერის გამო და მაინცდამაინც ლელა რატომ გამოაშვებინა ქვეყანაში მიმდინარე დაჭერების ფონზე. ვერც იმ აზრს დავეთანხმები, რომ ლელა საქართველოში დაფასებული არაა. მართალია, ლელას ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როგორც "რეიტინგის" მკითხველისთვის გახდა ცნობილი, მანქანა დაუკაწრეს და აგინეს, რაც ლელას მეუღლემ "რეიტინგთან" ინტერვიუშიც დაადასტურა, მაგრამ დაფასებული ნამდვილად არის. მომღერალს არც ანაზღაურება უნდა ჰქონდეს დაბალი. როგორც გავიგე, ვარსკვლავების სახლში ბინის რემონტზე ლელა უამრავ ფულს ხარჯავს. შპალერი თურმე იტალიაში შეუკვეთა, რომლის დიზაინიც თავად შეურჩევია და ასეთი შპალერი მხოლოდ მას ექნება. ასევე მზადდება თურმე ავეჯიც ამავე ბინისთვის... მართალია, მამულიჩა ლელას დაჭერის ამბავს უარყოფს, მაგრამ ფაქტია, რომ ლელა წურწუმიას შესახებ ბოლო დროს ბევრი ჭორ-მართალი ვრცელდება. იმედია, უახლოეს მომავალში გაირკვევა, რა არის ამ ყველაფერში ტყუილი და რა - მართალი.