სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სოზარ სუბარი, რაიონში არსებულ საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.
დეპუტატობის კანდიდატმა, ბიზნესმენებთან გაიხსენა ის პერიოდი, როცა იგი სახალხო დამცველი იყო და განსაკუთრებით იცავდა ბიზნესმენების უფლებებს. მისი თქმით, ძლიერი სახელმწიფოს აშენება ძლიერი ეკონომიკის გარეშე შეუძლებელია.
,, მაშინ, როდესაც ქვეყნის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა უმუშევრობაა, სწორედ ბიზნეს შეუძლია ამ პრობლემის მოგვარება. მთავარია, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებდეს იმისთვის, რომ ერთის მხრივ ბიზნესი იყოს თავისუფალი და მეორეს მხრივ იქმნებოდეს ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ბიზნესს საქმიანობას გაუადვილებს“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.
შეხვედრას ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ესწრებოდნენ.
მინისტრი ადგილობრივ ბიზნესმენებს ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე ესაუბრა და გააცნო ხელისუფლების მიერ პანდემიის პერიოდში განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზი.
ნათია თურნავამ ხაზგასმით აღნიშნა ის გარემოება, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია ბიზნესის დამოუკიდებლობა და მისი მხარდაჭერა. ამის აღსანიშნავად, მინისტრმა ბოლო 8 წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და უახლოეს პერიოდში საქართველოს ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება.