მევლუთ ჩავუშოღლუ: დიპლომატიურ ენაზე ქვეყნისგან მოთხოვნა ნიშნავს ზემოდან ყურებას, ვინ მოგცათ უფლება, მოითხოვოთ ან მოუწოდოთ თურქეთს, გაიყვანოს ძალები სირიიდან

მევლუთ ჩავუშოღლუ: დიპლომატიურ ენაზე ქვეყნისგან მოთხოვნა ნიშნავს ზემოდან ყურებას, ვინ მოგცათ უფლება, მოითხოვოთ ან მოუწოდოთ თურქეთს, გაიყვანოს ძალები სირიიდან

თურქეთს ევროკავშირის წევრობისთვის ნებისმიერი კრიტერიუმის დაკმაყოფილება შეუძლია, თუ ბრიუსელს კეთილსინდისიერი მოლაპარაკებები სურს. როგორც თურქული სააგენტო „ანადოლუ“ წერს, ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ შვედ კოლეგასთან, ან ლინდესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

თავის მხრივ, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი თურქეთთან კარგი ურთიერთობებისკენ მიისწრაფვის. ან ლინდეს თქმით, ევროპა მიესალმება თურქეთის ძალისხმევას სირიელი ლტოლვილებისთვის თავშესაფრის მინიჭების კუთხით, ასევე ევროკავშირის წევრობისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, თუმცა აცხადებს, რომ შვედეთსა და თურქეთს გარკვეულ საკითხებზე უთანხმოება აქვთ.

„ამავე დროს, მე მკაფიოდ ვაცნობე ჩვენი პოზიცია ჩრდილოეთ სირიასთან დაკავშირებით. ევროკავშირის მტკიცე პოზიცია ამ საკითხზე უცვლელი რჩება. ჩვენ კვლავ ვითხოვთ თურქეთისგან, რომ გაიყვანოს ძალები. ასევე, აღსანიშნავია აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში არსებული სიტუაცია“, – განაცხადა შვედმა დიპლომატმა.

აღნიშნულ განცხადებას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მწვავე რეაქცია მოჰყვა.

„დიპლომატიურ ენაზე ქვეყნისგან მოთხოვნა ნიშნავს ზემოდან ყურებას. ეს არ არის სწორი მიდგომა. თქვენ შეგიძლიათ, თქვათ, „მოვუწოდებთ“, ნაცვლად „მოვითხოვთ“. ეს ნორმალური იქნება. თუმცა, ახლა მინდა, შემდეგი კითხვა დავსვა: ვინ მოგცათ თქვენ უფლება, მოითხოვოთ ან მოუწოდოთ თურქეთს, გაიყვანოს ძალები სირიიდან? სირიის რეჟიმმა მისცა ევროკავშირს ან შვედეთს ამის უფლება? ჩვენ არ გვსურს სირიის დაყოფა. თუმცა, თქვენ გვეუბნებით, რომ გავიყვანოთ ძალები სირიიდან, მხარი დავუჭიროთ „ქურთისტანის მუშათა პარტიას“, რომელსაც სირიის დაყოფა უნდა. თქვენ სენსიტიურად უდგებით ადამიანის უფლებებს, ლტოლვილთა უფლებებს. თუ ეს ასეა, რატომ არც ერთხელ არ გაგიკრიტიკებიათ საბერძნეთი ლტოლვილების მკვლელობისთვის ან მათი ნავების ჩაძირვისთვის?“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

საპასუხოდ ან ლინდემ აღნიშნა, რომ ის თურქეთში სტუმარია და დებატებში შესვლას არ ისურვებდა. მან ასევე სურვილი გამოთქვა, რომ თურქეთში ყველას შეეძლოს საკუთარი აზრის ისევე ღიად გამოხატვა, როგორც ამას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აკეთებს.

მევლუთ ჩავუშოღლუმ და ან ლინდემ ასევე მთიანი ყარაბაღის საკითხი განიხილეს.

„საერთაშორისო საზოგადოების მოწოდება ცეცხლის შეწყვეტისკენ გონივრულია, არავის უნდა ომი. თუმცა, ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებასთან ერთად, რომ ყოფილიყო მოწოდება სომხეთისთვის, გაიყვანოს ძალები აზერბაიჯანის მიწიდან, მაშინ ჩვენ ნამდვილად ვიხილავდით საერთაშორისო საზოგადოების ნებას, გადაწყვიტოს ეს პრობლემა“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

თავის მხრივ, შვედმა დიპლომატმა ეუთო-ს მინსკის ჯგუფის მუშაობას გამოუცხადა მხარდაჭერა.