საქართველოში კორონავირუსის მართვაში ცვლილებები შევიდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან განმარტა, რომ ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა რეანიმატოლოგების, ინფექციონისტებისა და სხვა წამყვანი სპეციალისტების შეხვედრა, სადაც შეაფასეს არსებული ვითარება და შესაბამისად მიიღეს რამდენიმე გადაწყვეტილება.
ცერცვაძის ინფორმაციით:
განახლდა COVID-19-ის მკურნალობის გაიდლაინი არსებული მონაცემებისა და თანამედროვე მიდგომების შესაბამისად. როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, მსოფლიოში ყოველდღიურად გროვდება ახალი ცოდნა კორონავირუსთან ბრძოლაში და აუცილებელია, რომ გაიდლაინებიც ამის მიხედვით განახლდეს. COVID-19-ის მკურნალობის გაიდლაინი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
გადაწყდა 5 მობილური ჯგუფის შექმნა, რომლის შემადგენლობაშიც იქნება ინფექციონისტი, რეანიმატოლოგი და სამინისტროს წარმომადგენელი.
გარდა ამისა, ორ ჯგუფში დამატებულია პრაქტიკოსი ექიმი, რომლებსაც კოვიდის მართვის გამორცდილება აქვთ.
5 მობილური ჯგუფიდან ერთი გაემართება აჭარაში, ერთი – იმერეთში, სამი ჯგუფი კი იმუშავებს თბილისში.
როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ამბობს, ამ მობილურ ჯგუფს ექნება შერეული ფუნქცია: ის გააკეთებს აუდიტს, შეაფასებს კლინკების ძლიერ და სუსტ მხარეებს და მერე სამინისტრო მოახდენს რეაგირებას, სად რა რგოლი გააძლიეროს. ის არ შემოიფარგლება მხოლოდ ინსპექტირებით, არამედ, ადგილზე გაუწევს პრაქტიკულ დახმარებას ექიმებს.
ცერცვაძის ცნობით, მსგავსი მობილური ჯგუფების შექმნის წინაპირობა გააჩინა ბოლო 2-3 კვირის შემთხვევებისა და სიკვდილობის ზრდამ.
“საჭიროა მყისიერი საპასუხო ზომები. შედეგს საქართველო იგრძნობს ერთ კვირაში”, – აღნიშნავს ცერცვაძე.
მობილური ჯგუფების შექმნა, ძირითადად, გამოიწვია შემთხვევების ზრდამ და ასევე, კოვიდის მართვაში, ჯამში, 35 კლინიკის ჩართვამ. პირველ ეტაპზე კოვიდპაციენტებს მხოლოდ 11 კლინიკა იღებდა.