პირადი ანგარების მეტი, „ნაციონალურ“ მოძრაობას არაფერი არ ამოძრავებდა. ისინი სამშობლოს არ აღიქვამდნენ და არც დღეს აღიქვმენ, - განაცხადა რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „დღის ქრონიკა“, დავით გარეჯის შესახებ საუბრისას.
„მათი მოქმედება ადასტურებს, რომ ეს არაა მათი სამშობლო. „ნაციონალური მოძრაობისთვის“, ბოკერიასთვის, ეს არაა მათი სამშობლო, ესაა მათი ინტერესების სფერო. ამ დამოკიდებულებებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა, რადგან არსებობს მშობლიური დამოკიდებულება და - მატერიალური, საკითხისადმი. მათ აქვთ მერკანტილური ინტერესები. ეს არჩევნები ჩაივლის, მაგრამ ყველა მათი გამონათქვამი, ყველა სიტყვა, რომელიც მათ აქვთ ნათქვამი, დარჩება. იმ სიტყვებზე პასუხისგება მოუწევთ. ძირითადად, ეს იქნება მორალური ხასიათის და თავიანთი შვილებისა და გარშემომყოფების გამო, თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრის, ვინც დღეს ბევრს კივის, მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობაც დადგება“ - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.
7 ოქტომბერს პროკურატურამ დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. 8 ოქტომბერს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.