გოგა ხაინდრავა გარეჯის საქმეზე: აზერბაიჯანთან არანაირი უთანხმოება არ არის

გოგა ხაინდრავა გარეჯის საქმეზე: აზერბაიჯანთან არანაირი უთანხმოება არ არის

დავით გარეჯის საქმის ახალი დეტალები საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის პრობლემებს არ წარმოქმნის, - ამის შესახებ გოგა ხაინდრავამ „დღის ქრონიკაში“ განაცხდა. მისი თქმით, ამ საკითხზე მხოლოდ „ყბადაღებული მედიები“ დაობენ, რომლებიც ამაში ფულს იღებენ, რაშიც პოლიტიკური და ფინანსური ინტერესები ფიგურირებს.

„აზერბაიჯანის და საქართველოს ინტერესები იმდენად არის გადადაჭვული ერთმანეთთან და იმდენად ტრადიციულად კეთილგანწყობილი ურთიერთობები გვაქვს უკვე მეორე საუკუნეა და მანამდეც, რომ ეს არ დადგება დღის წესრიგში იმ პრობლემად, რა პრობლემადაც უნდათ წარმოაჩინონ ამ ვაი პოლიტიკოსებმა ქართველებმა, რომ თურმე ჩვენ აზერბაიჯანს ტერიტორიულ პრეტენზიებს ვუყენებთ. ხო უნდა იყო ქართველი წარმოშობით და ქართულ სახელმწიფოზე ხო უნდა ფიქრობდე, შენ ოჯახზე და შენი ქვეყნის მომავალზე, რომ ეს საკითხი გადაიტანო ტერიტორიულ პრეტენზიებში და საბაბად დაასახელო, რომ ამის გამო შეიძლება აზერბაიჯანთან რამე უთანხმოება მოხდეს. აზერბაიჯანთან არანაირი უთანხმოება არ არის“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.