ქართული კულტურის კრიტიკის შესახებ (მესამე ნაწილი)

ქართული კულტურის კრიტიკის შესახებ (მესამე ნაწილი)

ცოდვის ცნების განსაზღვრებისათვის

მაშ, ასე, ქრისტიანული რელიგიის თვალსაზრსით არსებობს კეთილი, როგორც თავის თავში დამოუკიდებელი არსებობის მქონე არსი. ამ თვალსაზრისით ბოროტება თვისობრივად იმით განსხვავდება კეთილისაგან, რომ მას არ გააჩნია დამოუკიდებელი არსებობის საფუძვლები. იგი განიხილება, როგორც სიკეთიდან გადახვევის შემთხვევა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნაა და წარმოადგენს ქრისტიანული ცნობიერების ერთ–ერთ უმთავრეს განმსაზღვრელს. ბოროტებას არ გააჩნია დამოუკიდებელი არსი. ბოროტება არის მხოლოდ და მხოლოდ სიკეთის ნაკლებობა.

მივყვეთ მსჯელობის ძაფს.

თუ ცოდვა არის ბოროტება, ხოლო ბოროტება არის სიკეთის ნაკლებობა, მაშინ გამოდის, რომ ბოროტება ბოროტება კი არ ყოფილა, როგორც ასეთი, არამედ იგი ყოფილა სიკეთის გზიდან გადახვევის შემთხვევა.

სიკეთე გულისხმობს საზოგადოებრივი ცხოვრების სახეს, როგორც იდეალს და ამ იდეალისაკენ ადამიანის მისწრაფებას, რაც განსაზღვრავს ეროვნული საზოგადოების ცხოვრებისეული მოღვაწეობის ვექტორს ზნეობრივი თვალსაზრისით.

მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი გადაუხვევს ამ სახის მიხედვით განსაზღვრულ ცხოვრების წესს, მაშინ წარმოიშობა ბოროტება, ანუ ცოდვა. ესე იგი, ცოდვა ცოდვა კი არ არის, როგორც დამოუკიდებელი მოვლენა, არამედ ცოდვა არის სწორი ცხოვრების წესიდან გადახვევის შემთხვევა.

თუ ადამიანის საქციელის ზნეობრივი შეფასების კუთხიდან განვიხილავთ არსებულ მდგომარეობას, შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ სიკეთის არსი განისაზღვრება უფლის მიერ ადამიანზე დაკისრებული მისიით, რომელიც ადამიანის მიერ სწორი ცხოვრების წესის მიხედვით არის აღსასრულებელი, ხოლო ცოდვად განიხილება ადამიანის ისეთი საქციელი, რომელიც ამ მისიის აღსრულების გზიდან გადახვევის შემთხვევას გულისხმობს.

ცოდვის გაგება არის არა ცოდვის გაგება, როგორც ასეთი, არამედ წმინდა მისიის აღსრულების გზიდან გადახვევის გაგება.

ამდენად, ერთის მხრივ, თუ გასაგებია, თუ რაში მდგომარეობს მისიის არსი, რამეთუ მას გააჩნია თავისი დამოუკიდებელი არსი, მეორეს მხრივ, ყოვლად გაუგებარია, თუ რაში მდგომარეობს ცოდვის არსი, რამეთუ მას თავისი დამოუკიდებელი არსი არ გააჩნია.

ანუ თუ ადამიანმა იმრუშა, მისთვის ის კი არ არის მთავარი, რომ იმრუშა, რამეთუ თავად მრუშობა არ არის არსი, არ არის სახე, არ არის იდეალი, არამედ მთავარი ის არის, რომ დაარღვია მან ის ღირებულება, რომელიც განსაზღვრავს მისი ცხოვრების სახეს, ანუ წესს.

ამ თავში ჩვენი განვრცობის მიზანს წარმოადგენს ერთი დებულების ჩამოყალიბება:

არ შეიძლება პასუხისმგებელი იყო იმაზე, რაც არ არსებობს დამოუკიდებლად.

არ შეიძლება პასუხისმგებელი იყო ცოდვის არჩადენაზე, შეიძლება პასუხისმგებელი იყო წმინდა მისიის აღსრულებაზე, რაც გაიხილება, როგორც ადამიანის მისწრაფება იდეალისაკენ, რაც ამაღლებს სულიერად მას, აღუძრავს ნებას და აძლევს სულიერ ძალებს შემოქმედებითი აღორძინებისათვის და ასე შემდეგ.

პასუხისმგებელი შეიძლება იყო მხოლოდ იმაზე, რაც არსებობს.

პასუხისმგებელი ადამიანი და საზოგადოება შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რაც არსებობს თავის დამოუკიდებელ არსებობაში, ადამიანი და საზოგადოება პასუხისმგებელი შეიძლება იყოს ცხოვრების წესის, როგორც ხატის, იდეალის არსებობასა და შენარჩუნებაზე.

ადამიანი და საზოგადოება შეუძლებელია პასუხისმგებელი იყოს ცოდვის არჩადენაზე, როგორც ასეთზე, რამეთუ არ არის აზრი ცოდვაში ისეთი, რომელის აღსრულებაზედაც პასუხისმგებელი შეიძლება იყოს ადამიანი. ადამიანი შეიძლება იყოს თავისი მისიის აღსრულებაზე პასუხისმგებელი და აქედან გამომდინარე იმაზე, რომ არ ჩაიდინოს ცოდვა, როგორც გადახვევა თავისი მისიის აღსრულების გზიდან.

აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ მხოლოდ აზროვნების პოზიტიურ ფორმატს ახასიათებს პასუხისმგებლობა, როგორც ნაყოფი, რამეთუ გულისხმობს საზოგადოებრივი ცხოვრების გარკვეული პრინციპების, როგორც იდეალის, აუცილებლად აღსრულებას.

აზროვნების ნეგატიურ ფორმატს, როგორც დამოუკიდებლად არსებულს, როგორც არა აქვს დამოუკიდებელი არსი, ისევე არ იძლევა საშუალებას იყოს საზოგადოება და ადამიანი პასუხისმგებელი მისი არსებობის ან არ არსებობის შესახებ. ნეგატიური აზროვნების ფორმატი განიხილება, როგორც დამატება და დადასტურება იმ ხატისა, რომელსაც გულისხმობს პოზიტიური აზროვნების ფორმატი და ამაშია მისი, როგორც აზროვნების ფორმატის ძალა.

ჩვენი განვრცობის მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ ხაზი გავუსვათ შემდეგ გარემოებას:

თუ გვსურს ჩვენ, ქართველ ერს, დავძლიოთ ახალი ეპოქის მიერ ჩვენს წინაშე დასმული ეპოქალური ამოცანა, ამისათვის აუცილებელია გავიცნობიეროთ საზოგადოებრივი ცხოვრების ის სახე, ან ის წესი, რომელიც აძლევს ქართველ ერს კოლექტიური შემოქმედების მოტივაციას მისკენ, როგორც იდეალისაკენ მისწრაფების საშუალებით.

ძველსა და ახალи აღთქმაში სამოქალაქო ცხოვრების სახის განმარტებისათვის

ქართულ რელიგიურ ცნობიერებას განსაზღვრავს ქრისტიანული მოძღვრება, რაც გულისხმობს ორი წმინდა წიგნის – ძველი აღთქმისა და ახალი აღთქმის ანუ ბიბლიის არსებობას.

გამომდინარე აქედან ჩვენც ქართველი ერის რელიგიური ცნობიერების აგებულებას იმ სახის არსებობის თვალსაზრისით, რომელსაც გულისხმობს პოზიტიური აზროვნების ფორმატი, ჩვენ ორ ნაწილად განვიხილავდით:

სახე, რომელსაც იძლევა პოზიტიური აზროვნების ფორმატი ძველ აღთქმაში ათი მცნების სახით.

სახე, რომელსაც იძლევა პოზიტიური აზროვნების ფორმატი ქრისტეს მოძღვრებაში ქრისტეს მაგალითის სახით.

ანუ ჩვენ ვსვამთ კითხვას და შევეცდებით პასუხი გავცეთ მას – საზოგადოებრივი ცხოვრების რა სახეს, რა წესს, რა იდეალს გულისხმობს ძველი აღთქმა და საზოგადოებრივი ცხოვრების რა სახეს, რა წესს, რა იდეალს გულისხმობს ახალი აღთქმა, რომლისკენაც თავისი საზოგადოებრივი ცხოვრების პროცესში განხორციელების თვალსაზრისით ადამიანთა საზოგადოება უნდა მიისწრაფოდეს?

ა) ათ მცნებაში ნაგულისხმები საზოგადოებრივი ცხოვრების სახე,

ათი მცნება:

1. მე ვარ უფალი, შენი ღმერთი.

2. არ იყოლიო სხვა ღმერთები ჩემს გარდა. არ გაიკეთო კერპი და არც ხატება იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ.

3. არ წარმოთქვა უფლის, შენი ღმერთის სახელი ამაოდ,

4. დაიცავი შაბათი, რათა წმინდა ჰყო იგი.

5. პატივი ეცი მამაშენსა და დედაშენსა, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი.

6. არა კაც კლა.

7. არ იმრუშო.

8. არ იქურდო.

9. არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი მოყვასის წინააღმდეგ

10. არ ისურვო შენი მოყვასის სახლი, არ ისურვო შენი მოყვასის ცოლი, არც მისი მსახური, არც მისი მხევალი, არც მის ხარი; არც მისი სახედარი და არც არაფერი, რაც შენი მოყვასისაა.

ჩვენ ვხედავთ, რომ ათიდან მხოლოდ სამი მცნება – პირველი, მეოთხე და მეხუთე – წარმოადგენს აზროვნების პოზიტური ფორმატის ნაყოფს, რამეთუ ამკვიდრებს ის სახეს, რომელთან მიმართებაშიც უნდა იცხოვროს საზოგადოებამ. ხოლო დანარჩენი შვიდი მცნება – ნეგატიური აზროვნების ნაყოფს, მოწოდებულს რელიგიური ცნობიერების პოზიტიური სააზროვნო ფორმატის მიერ წარმოდგენილი ხატის ანუ სახის საზოგადოებრივ ცნობიერებაში განმტკიცების მიზნით.

განვიხილოთ თითოეული მათგანი:

– 1. მე ვარ უფალი, შენი ღმერთი.

თუ არ არის უფალი, არ არის არაფერი, ამიტომაც ადამიანმა უნდა აღიაროს უფალი, როგორც ერთადერთი აბსოლუტური ძალა.

– 4. დაიცავი შაბათი, რათა წმინდა ჰყო იგი.

თუ არის უფალი, მაშინ ადამიანმა უნდა მიაგოს მას ის დღე, რომელიც უფლისთვის არის განკუთვნილი. შაბათის დაცვა წარმოადგენს უფლისათვის უფლის წილის მიგების ფაქტს.

ეს მცნება ამკვიდრებს უფლის მნიშვნელობის აბსოლუტიზაციის პრაქტიკაში დაკანონებას.

– 5. პატივი ეცი მამაშენსა და დედაშენსა, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი.

ეს მცნება თავის თავში მატარებელია ორი პოზიტიური მომენტისა:

1. იმ შინაარსს, რომელიც მასშია გამოხატული, უკვე აქვს აბსოლუტურის მნიშვნელობა საზოგადოებისათვის, რამეთუ მას ამბობს უფალი.

2. ხოლო სახის მოცემის თვალსაზრისით ამ მცნებაში ჩატეულია მთელი ზნეობრივი კანონი, რომლის მიხედვითაც არის მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელი საზოგადოების მიერ თავისი საზოგადოებრივი ცხოვრების მოწყობა ისე, რომ უფლის მიერ დადგენილი კანონების მიხედვით ხდებოდეს თაობათა მონაცვლეობა ეროვნულ საზოგადოებაში, იყოს გარანტირებული მემკვიდრეობა, იყოს ეროვნული საზოგადოების უკვდავება, დღეგრძელობა გარანტირებული ამ ქვეყანაზე.

თუ რას გულისხმობს მეხუთე მცნება, ჩვენ დაწვრილებით გვაქვს წარმოდგენილი ჩვენი შეხედულებები ნაშრომში „კულტუროლოგიის საფუძვლების განსაზღვრებისათვის“.

ანუ ათი მცნებიდან პოზიტიური აზროვნების ფორმატს ქმნის ზემოთ ჩამოთვლილი სამი მცნება, რომელთა მიერ შექმნილი აზრი შემდეგში მდგომარეობს:

ა) მე ვარ უფალი

ბ) შენ უნდა მცნო მე და მომაგო ყოველ კვირას ერთი დღე მე.

გ) ცხოვრების კანონი, რომელსაც მე გიდგენ, არის ერთადერთი და შენ ვალდებული ხარ იცხოვრო ისე, როგორც ამას ეს კანონი გულისხმობს, ეს კანონი უნდა მიიღო შენ შენი მშობლებისაგან და გადასცე შენს მომავლ თაობას, შენს შვილებს, მხოლოდ მაშინ იქნება სიკეთე შენს თავზე და მხოლოდ მაშინ იქნები შენ, ანუ შენი გვარი დღეგრძელი, ხოლო ყოველივე ეს იწყება პატივისცემით დედისა შენისა და მამისა შენისა, ანუ შენი მშობლებისა და, საერთოდ, შენი წინაპრების მიმართ.

აი, ის ყოველივე, რასაც, ჩვენის აზრით, გულისხმობს პოზიტიური ფორმატი ათ მცნებაში, ხოლო დანარჩენი შვიდი მცნება წარმოადგენს აკრძალვას იმისა, რაც ეწინააღმდეგება უფლის მიერ პოზიტიური აზროვნების ფორმატში ნაგულისხმებ სახეს, რომელსაც ამკვიდრებს ზემოთ ჩამოთვლილი სამი მცნება. კერძოდ,

2. არ იყოლიო სხვა ღმერთები ჩემს გარდა. არ გაიკეთო კერპი და არც ხატება იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ.

გასაგებია, რომ ეს მცნება წარმოადგენს ნეგატიური აზროვნების ფორმატის პროდუქტს, რამეთუ კრძალავს იმ ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება პოზიტიური აზროვნების მიერ დადგენილ კანონს – მე ვარ უფალი.

3. არ წარმოთქვა უფლის, შენი ღმერთის სახელი ამაოდ,

კომენტარი: აქციე შენ შენი ცხოვრების პრინციპად უფლის სახელით ცხოვრება, შენ იცხოვრე და არა ილაპარაკე. უფლის სახელით სპეკულიანტობის, საკუთარი იმიჯის შექმნა უფლის სახელის საშუალებით.

ეს მცნება აზღვევს უფლის მიერ დადგენილი კანონის ცხოვრებაში გატარების ქმედითობას და არიდებს ადამიანთა საზოგადოებას ათასგვარი სპეკულიაციებით მანიპულირების საფრთხეს.

- 6. არა კაც კლა.

- 7. არ იმრუშო.

- 8. არ იქურდო.

- 9. არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი მოყვასის წინააღმდეგ

- 10. არ ისურვო შენი მოყვასის სახლი, არ ისურვო შენი მოყვასის ცოლი, არც მისი მსახური, არც მისი მხევალი, არც მის ხარი; არც მისი სახედარი და არც არაფერი, რაც შენი მოყვასისაა.

დასკვნა: ათიდან ეს ბოლო შვიდი მცნება წარმოადგენს აზროვნების ნეგატიური ფორმატის ნაყოფს, რომელთა მიზანიც არის აღკვეთოს ადამიანში ისეთი საქციელი, რომელიც ეწინააღმდეგება დანარჩენ სამ მცნებაში ნაგულისხმევ სახეში, რაც, თავის მხრივ, უთუოდ წარმოადგენს აზროვნების პოზიტიური ფორმატის ნაყოფს.

ხოლო სახე, მოცემული მოსეს სჯულში პოზიტიური აზროვნების საშუალებით, მდგომარეობს შემდეგში:

სცანი უფალი შენი და მის მიმართ მსახურება დაიდგინე შენი ცხოვრების უპირველეს მოტივაციად.

უფალს მიაგე მისთვის განკუთვნილი დღე.

უფლის სახელით მიიღე მემკვიდრეობით დედისა და მამისა შენისაგან ცხოვრების ის წესი, რომელიც კი მათთვის უფალს დაუდგენია და გადაეცი შენს მომავალ თაობებს, რათა შენი გვარი, შენი კულტურა, შენს შესახებ ხსოვნა იყოს უკვდავი და დღეგრძელი.

აი, საზოგადოებრივი ცნობიერების ის საფუძვლები, რომლის არსებობასაც გულისხმობს ძველი აღთქმა ათი მცნების სახით, გამომდინარე საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის რაიმე სახის მიცემის თვალსაზრისიდან.

უფალი იესო ქრისტეს მაგალითი, მიცემული კაცობრიობისავის

რა სახე მისცა უფალმა იესო ქრისტემ კაცობრიობას იმისათვის, რათა მან მოიწყოს თავისი ცხოვრების წესი ზნეობრივი, სამართლებრივი და სოციალური თვალსაზრისით და რით განსხვავდება იგი იმ სახისაგან, რომელიც არის ნაგულისხმევი ძველი აღქმის მიერ?

ამოსავალი სახე საზოგადოებრივი ცხოვრების წესის სისწორის განსაზღვრებისა, ჩვენის აზრით, ყველა ქრისტიანისათვის წმინდა წიგნში, ბიბლიაში, როგორც პოზიტიური სააზროვნო ფორმატის შემცველ საღვთო წიგნში, მოცემულია უფალი იესო ქრისტეს მიერ ხალხისთვის და თავისი მოწაფეებისათვის ნათქვამ სიტყვებში:

„თუ გინდა გამომყვე მე, აღიღე ჯვარი შენი, უარჰყავ თავი შენი და გამომყევ მე“.

ანუ თუ გინდა იცხოვრო სწორი ცხოვრების წესით, ეუბნება უფალი ადამიანს, მაშინ აიღე ჯვარი შენი, უარჰყავ თავი შენი და გამომყევ მე.

სანამ ჩვენ ჩამოვაყალიბებთ ჩვენს აზრს იმის შესახებ, თუ როგორია ამ სიტყვებში მოცემული სახე ცხოვრების წესისა, აქვე ვიტყვით იმასაც, რომ უფალმა იესო ქრისტემ არა მარტო მიმართა ადამიანებს ჯვარის აღებისა და მის კვალდაკვალ მიდევნების შესახებ, არამედ მან, როგორც ღვთაებრივთან ბუნებასთან ერთად ადამიანური ბუნების მქონემაც, მისცა ადამიანებს ამგვარი საქციელის აღსრულების პირადი მაგალითიც – თავადვე უარყო თავი თვისი, თავადვე აიღო ჯვარი თვისი, თავადვე თავისივე მხრებით აიტანა იგი გოლგოთის ფერდობზე და ამ ჯვარზევე ცმული იმ ხალხის მიერ, რომლის ხსნისთვისაც იგი მოევლინა ამ სოფლად, თავადვე აღევლინა ზეცად.

თუ ჩავუკვირდებით როგორც უფალი იესო ქრისტეს მიერ ნათქვამს, ისე მის მიერ მიცემულ მაგალითს, მაშინ შეგვეძლება ასე ვთარგმნოთ შინაარსი სიტყვებისა, რომლითაც მან მიმართა ხალხსა და თავის მოწაფეებს – ადამიანო, თუ გინდა იცხოვრო სწორი ცხოვრების წესით, დადგენილით უფლის მიერ, მაშინ შენც კვალდაკვალ ჩემდა უნდა უარჰყო თავი შენი, შენც კვალდაკვალ ჩემდა უნდა აიღო ჯვარი შენი, შენც კვალდაკვალ ჩემდა უნდა აიტანო იგი შენი ცხოვრების გოლგოთაზე და შენც კვალდაკვალ ჩემდა უნდა ეცვა ჯვარს ისე, როგორც მე ვეცვი, რათა დაიმკვიდრო ცათა სასუფეველი.

გამომდინარე ზემოთ თქმულისა პოზიტიური აზროვნების შესახებ, რომელიც ამკვიდრებს კეთილს ანუ ხატს საზოგადოებრივი ცხოვრების წესის შესახებ, დადებულს უფლის მიერ, ჯვარში იგულისხმება საზოგადოების მიერ კეთილის აღსრულების მისია, ანუ მისია ცხოვრების იმ წესის მიხედვით მოწყობისა, რომელიც არის უფლის მიერ ამ ქვეყნად ადამიანთა საზოგადოებისათვის დადებული.

„აღიღე ჯვარი შენი“ – ნიშნავს, აიღე, ადამიანო, პასუხისმგებლობა სწორი ცხოვრების წესზე, ანუ მისიაზე, რომელიც უფალს შენთვის დაუდგენია.

ანუ მიიღე წმინდა მისია საზოგადოების ცხოვრების წესის შენს მიერ მოვლა–პატრონობისა, რომელიც შენთვის უფალს დაუკისრებია.

ანუ ამ შემთხვევაში ხდება უფლის მიერ ადამიანისათვის მის მიერ აღსასრულებელი მისიის განსაზღვრა.

„უარჰყავ თავი შენი“ – ის, ვინც თავისი ერისა და სამშობლოს მოვლა–პატრონობის პასუხისმგებლობის შეგნებით არის აღვსილი, აღვსილია უანგარობით, რაც, როგორც შედეგი, უპირველესად იძლევა თავისი თავის უარყოფას.

თავისი თავის უარყოფის გარეშე ადამიანის მიერ უფლის წინაშე სამშოლოსა და მშობლიური ერის ცხოვრების წესზე მოვლა პატრონობის პასუხისმგებლობის აღება ყოვლად შეუძლებელია.

აიტანე შენი მხრებით შენი ჯვარი შენი ცხოვრების გოლგოთაზე – ნიშნავს, იცხოვრო ისე, რომ შენი ცხოვრების უპირველეს მოტივაციას წარმოადგენდეს საკუთარი ერისა და სამშობლოს (ანუ მოყვასის) მსახურება, მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი ადამიანი, როგორც ხორციელი არსება, არის სუსტი და სჩვევია თავისი ვალდებულებების წმინდა ჯვარის მიწაზე დავარდნა, ანუ ამ ვალდებულებების აღსრულების მიმართულებიდან გადახვევა.

ხოლო შინაარსი უფალი იესო ქრისტეს მიერ ნათქვამი სიტყვებისა „და გამომყევ მე“ გამოხატავს სწორედ იმ არსს, რითაც განსხვავდება ქრისტიანული მოძღვრება მოსეს სჯულისაგან, რომელიც ძველ აღთქმაშია გადმოცემული.

თუ მოსეს სჯულის მიხედვით ადამიანი ადამიანის მიმართ არის განმსჯელი, რასაც გულისხმობს სანტენცია „კბილი კბილის წილ, თვალი თვალის წილ“, ქრისტეს სჯულის მიხედვით ადამიანს ეკრძალებს განსაჯოს მეორე ადამიანის საქციელი, როგორი უსამართლოც არ უნდა იყოს იგი.

მისი ვალია უყვადეს მოყვასი თვისი, როგორც უყვარს უფალი თვისი.

მაგრამ ეს არ ნიშნავს სამართლებრივ თავგასულობას. ამ მხრივ უფალი იესო ქრისტე იძლევა საზოგადოების მიერ საზოგადოების წევრის მიმართ მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის განაჩენის გამოტანის კანონს.

იგი ამბობს – თუ შენი ძმა არასწორს აკეთებდეს, გაიყვანე შენ იგი ცალკე და უთხარი შენ მას ამის შესახებ. თუ გაიგებს იგი იმ შენიშვნას, რომელსაც შენ ეუბნები მას და გაგებით მოეკიდება, მაშინ შეგიძენია შენ ძმა. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ვერ გაიგებს, მაშინ დაუძახე ორ მოწმეს და მათთან ერთად უთხარი. თუ მაინც ვერ გაიგებს, მაშინ ეკლესიას უთხარი, ხოლო თუ მაშინაც ვერ გაიგებს, მაშინ გამოაცხადე იგი მებაჟედ, ანუ გარიყე საზოგადოებიდან.

ამ სიტყვებში მოცემულია საზოგადოებრივი ცხოვრების სამართლებრივი საფუძვლები, მისი ზნეობრივი სახე. ადამიანი თავად თავისი ცხოვრების ჯვარის თავისი ცხოვრების გოლგოთაზე ატანით ემსახურება უფალს. ადამიანი ცხოვრობს უფალთან მიმართებაში. თუ ვინმა სხვა ადამიანმა დააშავა რაიმე, მაშინ მან დაარღვია კოლექტიური ღვთისმსახურების პროცესი, რაც აუცილებლად გამოსასწორებელია კოლექტივისავე მიერ კოლექტიურად.

რას ნიშნავს სიტყვები „ და გამომყევ მე?“

როდესაც უფალი იესო ქრისტე გააკვრეს ჯვარზე და შეხედა მან ხალხს, რომელთა მსახურებისთვისაც ის მოევლინა ამ სოფლად, თუ როგორ იყო იგი მისი ჯვარცმით კმაყოფილი, არა თუ არ გაბრაზებულა და არ უთქვამს, როგორც ვინმე სულმოკლე ადამიანს მათთვის – ამდენი გემსახურეთ, მაგრამ მაინც ვერა დაგანახეთ რაო, – არამედ მიმართა მამა–უფალს – შეუნდე უფალო, რამეთუ არ უწყიან, თუ რასა იქმან“.

ანუ აღასრულა უპირველესი შეგონებათაგანი, მის მიერვე წარმოთქმული:

გიყვარდეს ღმერთი შენი, გიყვარდეს მოყვასი შენი.

მან, როგორც კაცობრივი ბუნებისამ, აღასრულა თავისი, როგორც უფლის მიერ ნათქვამი მცნებები ადამიანის მიერ სიცოცხლის ბოლომდე თავისი მოყვასის სიყვარულის შესახებ.

ანუ ადამიანის მიერ მსახურება ადამიანისა და ადამიანთა საზოგადოების წინაშე არის მსახურება უფლის წინაშე. ერის წინაშე მსახურების სახით ადამიანი უბრუნებს უფალს წმინდა ვალს, რომელიც მას გააჩნია დაბადებითვე ყოველივე იმ სიკეთის გამო, რომელიც უფალმა ადამიანს გაუჩინა ყოველი ღირებულების სახით, რომელიც მას თავის ცხოვრებაში მას ახლავს.

უფალი იესო ქრისტეს ჯვარზე გაკვრის დროს ნათქვამ სიტყვებში გამოხატულია ის უმაღლესი აზრი, რომელიც შემდეგში მდგომარეობს:

– უფალთან მიმართებაში მცხოვრები ადამიანი, აკეთებს რა რაიმე სიკეთეს ვინმე მეორე ადამიანის ან მთლიანად საზოგადოების მიმართ, ამგვარი ფორმით იგი წმინდა ვალს უბრუნებს უფალს, რაც თავისი არსით წარმოადგენს დასრულებულ ზნეობრივ აქტს. ამგვარი მოტივაციით ადამიანთა მიმართ მოქმედ ადამიანს არ გააჩნია მოთხოვნა, რომ ვინმემ სამაგიერო მოაგოს მას სანაცვლოდ.

მოტივაცია, რომლის დროსაც ადამიანი საზოგადოებრივ ურთიერთობებში მონაწილეობისას ორიენტირებულია უფალთან მიმართებაში, და განიცდის საზოგადოების მიმართ თავის უანგარო დამოკიდებულებას, როგორც უფლის მიმართ წმინდა ვალის დაბრუნებას, არის უმაღლესი გამოვლინება ადამიანური მისიის აღსრულებისა.

არის სხვა მოტივაციაც, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის მონაწილეობას საზოგადოებრივ ურთიერთობებში, არა როგორც უფალთან თავისი წმინდა ვალის დაბრუნების პროცესს, არამედ მის მიერ თავისი პიროვნული ინტერესების დაკმაყოფილების პროცესს.

ამ შემთხვევაში ადამიანის მიერ ადამიანის მიმართ გაწეული სიკეთე, ანუ მსახურება, განიხილება მის მიერ, როგორც საქციელი, რომელიც საჭიროებს სიკეთის ადრესატის მიერ მისთვის საპასუხო სიკეთის დაბრუნებას.

ამგვარი დამოკიდებულება არა მხოლოდ ქრისტიანული ზნეობიდან, არამედ ზოგადსაკაცობრიობიდან გამომდინარე წარმოადგენს ადამიანურ სისუსტეს და ვლინდება მაშინ, როდესაც სიკეთის მქმნელი ადამიანი ორიენტირებულია ანუ ცხოვრობს არა უფლის მიმართ, არამედ ადამიანის მიმართ. არა უფალთან, არამედ ადამიანთან მიმართებით მოტივირებული ადამიანის მიერ გაწეული სიკეთე ანგარებიანია და არ წარმოადგენს დასრულებულ ზნეობრივ აქტს, როგორც უფალთან მიმართების შემთხვევაში, რამეთუ ეს ადამიანი არ არის წინდაწინ ვალდებული გაუკეთოს მეორე ადამიანს სიკეთე. ამიტომ იგი ელის მისგან სამაგიერო სიკეთეს, რაც უკვე ვეღარ განიხილება სიკეთედ. (ამის შესახებ დაწვრილებით განხილვას ნახავთ ჩემს ზემოთ ხსენებულ ნაშრომში).

და ყველაზე მთავარი დასკვნა ანალიზისა შესახებ სიტყვებისა „და გამომყევ მე“:

თუ ადამიანი უანგაროდ ემსახურება თავის ერსა და სამშობლოს, თავის მოყვასს, მაშინ მას ელის ცათა სასუფეველში აღსვლა ისევე, როგორც უფალი იესო ქრისტე ამაღლდა ცად.

თუ დავუკვირდებით, უფალი იესო ქრისტეს მიერ ადამიანთა მოდგმისათვის მიცემულ მაგალითში იკითხება ზოგადად ადამიანის დანიშნულება ამ ქვეყანაზე და იგი თავის შინაარსში მოიცავს ნებისმიერი ეროვნული წარმომავლობისა და ნებისმიერი რელიგიური კუთვნილების საზოგადეობის კულტურას.

სწორედ ამ თვალსაზრისით არის ქრისტიანული რელიგია, ქრისტიანული მსოფლმხედველობა, მიუხედავად იმისა, ამას აღიარებენ თუ არა სხვა რელიგიის წარმომადგენლები, ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობისა.

ვერც ერთი რელიგიური მიმდინარეობის მქონე საზოგადოების წარმომადგენელი იმ სახის მიხედვით ცხოვრებას, რომელიც მისცა კაცთა მოდგმას უფალმა იესო ქრისტემ, ვერ გაექევა.

სახე, რომელსაც იძლევა ქრისტეს მოძღვრება, მდგომარეობს შემდეგში:

„უარყავ თავი შენი, აღიღე ჯვარი შენი და გამომყევ მე“.

უფალის სახელით თავისი მშობლიური ერისა და ქვეყნის მსახურება.

თავისი წმინდა ვალდებულებების ჯვარი თავისი ერისა და თავისი ქვეყნის წინაშე ისევე პატიოსნად აიტანოს თავისი ცხოვრების გოლგოთაზე, როგორც ეს გააკეთა უფალმა იესო ქრისტემ, რათა იგი გარდაცვალების შემდეგ ამაღლდეს ცად და დაიმკვიდროს ადგილი ცათა სასუფეველში.

აი, ის სახე, რომელსაც აძლევს ქრისტიანული მოძღვრება, როგორც პოზიტიური აზროვნების ფორმატი, ეროვნულ კულტურასა და ეროვნულ საზოგადოებას, რათა ის მარადის არსებობდეს.

ქრისტიანობის განსაზღვრა სამოქალაქო ცხოვრების მოწყობის თვალსაზრისით

ყოველივე ზემოთ ნათქვამიდან შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა:

ქრისტიანულ რელიგიაში აზროვნების პოზიტიური ფორმატის მიერ ნაგულისხმები ხატის ანუ სახის მიხედვით ქრისტიანობა ნიშნავს აღსრულებას ადამიანისა თუ ადამიანთა საზოგადოების მიერ ჯვარ–პატიოსანის მისიისა, რომელიც უფალს მისთვის დაუკისრებია.

ამ დასკვნას ქართველი ერის მიერ თავისი სამოქალაქო ცხოვრების მოწყობის თვალსაზრისით აქვს უდიდესი მნიშვნელობა, რამეთუ განსაზღვრავს უფლის მიმართ მისი, როგორც მრევლის პასუხისმგებლობას ღირსეულად უპატრონოს თავის თავსა და თავის სამშობლოს.

აქ ჩვენ თვალსა და ხელს შუა შეგვექმნა პრეცედენტი იმის შესახებ, არის თუ არა თუნდაც რიგითი ქართველი, ან თუნდაც სრულიად ქართველი ერი რწმენის მდგომარეობაში.

თუ მრევლი ღირსეულად არა პატრონობს თავის ერსა და თავის ქვეყანას, მაშინ იგი არ არის მორწმუნე, ხოლო თუ მრევლი ღირსეულად პატრონობს თავის ერსა და თავის ქვეყანას, მაშინ იგი არის მორწმუნე.

თუ მრევლი პასუხისმგებელი არ არის უფლის წინაშე თავისი საზოგადოებრივი ცხოვრების მოწყობაზე, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი არ არის მორწმუნე, რამეთუ მას არ აუღია თავის თავზე ის მისია, რაც მისთვის უფალ იესო ქრისტეს დაუკისრებია.

თუ მრევლი პასუხისმგებელია უფლის წინაშე თავისი საზოგადოებრივი ცხოვრების მოწყობაზე როგორც ზნეობრივი, ისე სამართლებრივი და სოციალური თვალსაზრისით, რაც მისი სამოქალაქო ცხოვრების უმთავრეს მოტივაციას წარმოადგენს, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი არის მორწმუნე.

ჩვენის წარმოდგენით ქრისტიანობა ნიშნავს ერისა და კაცის მიერ ჯვარ–პატიოსნობის მისიის თავის თავზე აღებას.

ქართველ ერში რელიგიური ცნობიერების დღევანდელი მდგომარეობის შესახებ

(რელიგიური ცნობიერება დარღვეულია უფლის წინაშე საზოგადოების მიერ იდეალზე (საზგადოებრივი ცხოვრების წესზე) პასუხისმგებლობის არ არსებობის გამო)

რა მდგომარეობაა ამ მხრივ დღეს ჩვენი საზოგადოების ცნობიერებაში?

აღებული აქვს თუ არა თავის თავზე ქართველ ერს და მის ნებისმიერ რიგით წევრს უფლის წინაშე პასუხისმგებლობა თავისი საზოგადოებრივი ცხოვრების ზნეობრივი, სამართლებრივი და სოციალური მოწყობის იმ სახეზე, რომელიც უფალს მისთვის დაუდგენია?

პასუხი: არა თუ არა აქვს აღებული პასუხისმგებლობა თანამედროვე ქართველ ერს უფლის წინაშე იმ მისიის შესახებ, რომელიც უფალს მისთვის დაუდგენია, არამედ მის რელიგიურ შეგნებაში არც კი დგას საკითხი ამ მისიის არსებობის შესახებაც კი, და აი, რატომ:

დღევანდელი მდგომარეობით ჩვენი ერის რელიგიური ცნობიერების უმთავრეს ორიენტირს, რომელიც განსაზღვრავს ქრისტიანულ შეგნებას ქართველ ერში, განაპირობებს თითოეული ადამიანის მიერ ცოდვის ჩადენა–არ ჩადენის პრობლემა.

ჩვენი რელიგიური ცნობიერების მიხედვით მთავარია ჩვენ არ ჩავიდინოთ ცოდვა – აი, ის უპირველესი ორიენტირი, რომლის მიხედვითაც არის მოწყობილი თანამედროვე ქართველი ერის რელიგიური ცნობიერება.

ცოდვის პრობლემა, როგორც ბოროტების აკრძალვის თემა, წარმოადგენს აზროვნების ნეგატიური ფორმატის პროდუქტს, რომლის არსებობასაც თავისი ბუნების მიხედვით მხოლოდ მაშინ აქვს გამართლება, თუ კი იგი ამკვიდრებს საზოგადოებრივი ცხოვრების იმ სახეს, რომელიც პოზიტიური აზროვნების ფორმატის მიხედვით არის საზოგადოებისათვის მოცემული.

რას ნიშნავს ამ თვალსაზრისით ცოდვის პრობლემის ქცევა ქართველი ერის რელიგიური ცნობიერების ამოსავალ პრიორიტეტად?

ეს ნიშნავს შემდეგს:

ქართველი ერის რელიგიურ ცნობიერებაში ნეგატიური აზროვნების ფორმატმა შეიძინა დამოუკიდებელი ხასიათი და პოზიტიური სააზროვნო ფორმატის გარეშე იქცა რწმენის საგნად.

ეს იმას ნიშნავს, რომ თანმედროვე ქართველი ერის ცნობიერებაში წინა პლანზე წამოწეულია არა მისია და მისი აღსრულების აუცილებლობა უფლის წინაშე, რაც განსაზღვრავს საზოგადოების ცნობიერებაში იდეალს, მისკენ მისწრაფების ვექტორსა და სიბრძნეს იმის შესახებ, თუ როგორ არის ეს შესაძლებელი, არამედ ამ მისიის დარღვევის ფაქტი, წარმოჩენილი, როგორც დამოუკიდებელი მოვლენა, მოწყვეტილი მისიის განცდას, რაც თავისი ბუნებით, როგორც ამის შესახებ თავის ადგილას გვქონდა საუბარი, წარმოადგენს აბსურდს.

ამ მდგომარეობაში ჩავარდნილი თანამედროვე ქართველი ერის, როგორც ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლისათვის, მთავარია არა ის, რომ აღასრულოს თავისი მისია, რაც გამოიხატება უფლის სახელით თავისი ერისა და სამშობლოს მოვლა–პატრონობის პასუხსიმგებლობაში, არამედ ის, რომ არ ჩაიდინოს ცოდვა – კაცი არ მოკლას, არ იმრუშოს, არ იპაროს, არა ცილ სწამოს, არ ეთქმოდეს გული არცა...

ანუ არა აღასრულოს, არამედ არ დააშავოს.

თანამედროვე ქართველი ერის სულიერი ვექტორი, განსხვავებით ჩვენი სასიქადულო წინაპრებისაგან, არ არის მიზანმიმართული იმ იდეალის აღსასრულებლად, რაც არის იმთავითვე ჩადებული ქრისტიანულ ცნობიერებაში აზროვნების პოზიტიური ფორმატის სახით.

ამიტომ, თანამედროვე ქართველი საზოგადოება არ არის პასუხისმგებელი თავისი საზოგადოებრივი ცხოვრების ზნეობრივი, სამართლებრივი და სოციალური მოწყობის წესზე.

ამიტომ, ჩვენი, თანამედროვე ქართველი საზოგადოების ყოველდღიური ცხოვრების წესი ზნეობრივი თვალსაზრისით ასე დიამეტრალურად განსხვავდება იმ ზნეობრივი პრინცინებისაგან, რომელსაც ჩვენი დედა–ეკლესია გვიქადაგებს.

ამიტომ, რწმენის თვალსაზრისით თანამედროვე ქართველი საზოგადოება არ არის მორწმუნე საზოგადოება.

უფლის მიმართ რწმენა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ აზროვნების პოზიტიურ ფორმატში, ხოლო თანამედროვე ქართველი ერი მოქცეულია აზროვნების ნეგატიური ფორმატის ტყვეობაში – აი ის უმთავრესი მიზეზი, რომელიც წარმოადგენს საფუძველს იმ ხიდჩატეხილობისა, რომელიც არსებობს დღეს დედა–ეკლესიასა და მის მრევლს, ქართველ ერს შორის. აი, მიზეზი ქართველი ერის სულიერი მორღვეულობისა და გატეხილობისა.

ჯვარ–პატიოსანის სამოქალაქო იდეოლოგია – ქართველი ერის სამოქალაქო ცხოვრების მარადიული ფორმულა

ვფიქრობ, ჩვენ ასე თუ ისე, ჩამოვაყალიბეთ ჩვენი აზრი ჩვენს მიერ წინა თავებში დასმულ კითხვაზე იმის შესახებ, თუ რაში მდგომარეობს საზოგადოებრივი ურთიერთობების ზნეობრივად, სამართლებრივად და სოციალურად მოწყობის ის ხატი ანუ ის სახე, ანუ სამოქალაქო ცხოვრების ის წესი, რომელსაც აძლევს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს სჯულის სახით ქართველ ერს?

ისიც ვთქვით, რომ ძირითადი მიზეზი თანამედროვე ქართული კულტურის კრიზისის არსებობისა მდგომარეობს ქართული ეროვნული ცნობიერების აზროვნების ნეგატიურ ფორმატში მოქცეულობაში.

ანუ მას დაკარგული აქვს სახის, როგორც იდეალის განცდა, ამ იდეალისაკენ მისწრაფების ნებელობითი ვექტორი და ტექნოლოგიები, რომლის საშუალებითაც ამ იდეალის განხორციელებაა ცხოვრებაში შესაძლებელი.

შესაბამისად, იმისათვის, რომ გამოვიდეს თანმედროვე ქართული კულტურა კრიზისის მდგომარეობიდან, და შეიძინოს ყველა ის ატრიბუტი, რომელიც განაპირობებს ეროვნული კულტურის აღმავლობას, საჭიროა მოექცეს იგი (ქართული კულტურა) აზროვნების პოზიტიურ ფორმატში, გაითავისოს ის სახე, რომელსაც მას უქადაგებს ქრისტიანული ცნობიერება და იქციოს იგი თავისი საზოგადოებრივი ცხოვრების უპირველეს ზნეობრივ კანონად – აი, ის შინაგანი ამოცანა, რომელიც დგას დღეს ქართველი ერის წინაშე.

ჯვარ–პატიოსანის მცნების განსაზღვრისათვის

შეიქმნა სახე, რომელიც წარმოადგენს ერის მიერ თავისი თავის კოლექტიური მოვლა–პატრონობის მარადიულ ფორმულას.

ან არსებობს ერი და ის უფალი იესო ქრისტეს მაგალითის მიხედვით (როდესაც ადამიანი და საზოგადოება ერის მიმართ მსახურების საშუალებით ემსახურება უფალს) ცხოვრობს, ან არ არსებობს იგი და აღიგვება პირისაგან მიწისა.

ერისა და მამულის წინაშე თავისი წმინდა ვალდებულებების ჯვარის თავისი ცხოვრების გოლგოთაზე პატიოსნად ამტანი ადამიანის სახე არის სახე ადამიანისა, რომელიც ცხოვრობს უფალი იესო ქრისტეს მაგალითის მიხედვით. გამომდინარე აქედან, კაცს, რომელიც თავისი ცხოვრების გოლგოთაზე თავისი ერისა და ქვეყნის წინაშე წმინდა ვალდებულებების ჯვარს პატიოსნად მიეზიდება, ჩვენ ვუწოდებთ ჯვარ–პატიოსან კაცს.

უფრო მეტიც, უფალმა იესო ქრისტემ მისცა ერს ფორმულა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოუაროს მთელმა ერმა თავის თავს. ამიტომ, იდეოლოგიას, რომელიც განსაზღვრავს არა მხოლოდ ჯვარ–პატიოსანი ადამიანის არსს, არამედ ერის მიერ თავისი თავის კოლექტიური მოვლა–პატრონობის არსს, ჩვენ ვუწოდებთ ჯვარ–პატიოსანთა სამოქალაქო იდეოლოგიას.

აი, სახე, რომელსაც იძლევა რელიგიური ცნობიერება და რომელიც არსებობს მას შემდეგ, რაც არსებობს ერი.

ამ თვალსაზრისით, ეს სახე, განსაზღვრული ჩვენს მიერ, სრულებითაც არ არის ახალი. იგი არის მარადი სახე ერის არსებობისა. იგი მოიცავს სამოქალაქო ცხოვრების წესის შეგნებას, როგორც იდეალს, იგი მოიცავს საზოგადოების მიერ ამ იდეალისაკენ სწრაფვის ნებას, და, აგრეთვე, იმ ტექნოლოგიებს, რომელთა აღსრულების შემთხვევაშიც არის ეს შესაძლებელი.

ამ თვალსაზრისით ჯვარ–პატიოსანის სამოქალაქო იდეოლოგია არის მარადი ფორმულა ერის არსებობისა.

ჯვარ–პატიოსანთა სამოქალაქო იდეოლოგია თავისი არსით არის სამოქალაქო ცხოვრების ზნეობრივი, სამართლებრივი და სოციალური თვალსაზრისით მოწყობის ის წესი, ანუ სახე, ანუ ხატი, რომელიც გამოხატავს შესაბამის ხედვას.

თუ ჩვენ შევთანხმდებით იმის შესახებ, რომ ჯვარ–პატიოსანის სამოქალაქო იდეოლოგია თავისი არსით არის ქრისტეს სჯულის სამოქალაქო ასპექტი, რომლის მიხედვით ცხოვრებაც უშუალოდ განსაზღვრავს როგორც სრულიად ქართველი ერის, ისე მისი თითოეული წევრის უფლის მიმართ რწმენის ხარისხს, მაშინ ჩვენ შეგვეძლება ვთქვათ, რომ გლობალიზაციის ეპოქის მიერ ქართველი ერის წინაშე წამოყენებული ეპოქალური ამოცანის გადაწყვეტა მდგომარეობს სწორედ ჯვარ–პატიოსანთა სამოქალაქო იდეოლოგიის ჩამოყალიბებასა, ერის მიერ მის გაცნობიერებასა და თავისი საზოგადოებრივი ცხოვრების წესად დადგენაში.

ჯვარ–პატიოსანთა სამოქალაქო იდეოლოგიის მოწოდებულია ქართველი ადამიანი აქციოს ჯვარ–პატიოსან ადამიანად, ქართველი ერი აქციოს ჯვარ–პატიოსანი ადამიანების ერად და საქართველო აქციოს ჯვარ–პატიოსან ადამიანთა ქვეყანად.

ჯვარ–პატიოსანთა სამოქალაქო იდეოლოგია – ერის მიერ თავისი თავის კოლექტიური მოვლა–პატრონობის ერთადერთი შესაძლებლობა

მაგრამ ერის მიერ თავისი თავის მოვლა–პატრონობის პროცესი არის ეროვნული საზოგადოების კოლექტიური მოღვაწეობის შედეგი, რის გამოც არც ერთ კაცს, მარტოსა და მოწყვეტილს საზოგადოებისაგან, არ შეუძლია თავისი ჯვარი აიტანოს პატიოსნად თავისი ცხოვრების გოლგოთაზე.

საზოგადოების თითოეული წევრის მიერ თავისი წმინდა ჯვარის ატანა თავისი ცხოვრების გოლოგთაზე მხოლოდ და მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ მისი მოღვაწეობა არის შემადგენელი ნაწილი იმ საერთო მოღვაწეობისა, რომელსაც ეწევა ეროვნული საზოგადოება თავისი თავის მოვლა–პატრონობის განხორცელების მიზნით.

ამიტომ, ჯვარ–პატიოსანი კაცი ვლინდება ჯვარ–პატიოსანთა საზოგადოებაში, რაც ქმნის კოლექტიური მოღვაწეობის პრეცედენტს.

შეიქმნა სახე – ერმა კოლექტიურად უნდა მოუაროს თავის თავსა და თავის ქვეყანას იმ წესების მიხედვით, რომელიც მისთვის უფალს დაუდგენია, რაზეც მისი თითოეული წევრი არის თავისი ცხოვრებით პასუხისმგებელი.

კაცს, რომელიც პატიოსნად მიეზიდება თავის ჯვარს წმინდა ვალდებულებებისა თავისი ერისა და ქვეყნის წინაშე თავისი ცხოვრების გოლოგოთაზე მიუხედავად უამრავი წინააღმდეგობებისა, ეწოდება კაცი ჯვარ–პატიოსანი.

სამოქალაქო საზოგადოების მოწყობის ამ იდეოლოგიას, რომელიც არის ერთადერთი შესაძლებელი ვარიანტი ერის მიერ თავისი თავის მოვლა–პატრონობისა, ჩვენ ვუწოდებთ ჯვარ–პატიოსანის სამოქალაქო იდეოლოგიას.

ჯვარ–პატიოსანის იდეოლოგია არის ის ერთადერთი იდეოლოგია, რომელიც იძლევა საზოგადოებრივი ცხოვრების ზნეობრივი, სამართლებრივი და სოციალური მოწყობის სახეს,

ჯვარ–პატიოსანთა საზოგადოების და ჯვარ–პატიოსანი ადამიანის სახე – ქართული კულტურის შეფასების ერთადერთი კრიტერიუმი

ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სახე, რომელიც, როგორც შეფასების საზომი, უნდა მოემსახუროს ქართველ ერს თავისი სულიერი მდგომარეობის ადეკვატურ შეფასებაში, რის განსაზღვრაც წარმოადგენდა ჩვენს მიზანს.

ანუ იმისათვის, რათა თანამედროვე ქართული კულტურის კრიტიკა შესაძლებელი გამხდარიყო, აუცილებელი იყო შეფასების შესაბამისი საზომის ანუ შეფასების შესაბამისი კრიტერიუმის ჩამოყალიბება საზოგადოებრივი ცხოვრების მოწყობის გარკვეული წესის სახით, რის ხორცშესხმასაც ჩვენ ჩვენი თვალთახედვით შევეცადეთ.

თუ ჩვენ შევთანხმდებით იმაში, რომ ჯვარ–პატიოსანთა სამოქალაქო იდეოლოგია თავისი არსით წარმოადგენს იმ ფორმულას, რომელიც განსაზღვრავს ქართველი ერის არსებობას და მისი არსებობა იგულისხმება ქართველი ერის არსებობასთან პარალელურად, მაშინ ჩვენ შეგვეძლება დავადგინოთ იგი ქართველი ერის საზოგადოებრივი ცხოვრების მოწყობის ერთადერთ სახედ, რომელიც იყო, არის და იქნება ყოველთვის, სანამ არსებობს ქართველი ერი.

ამგვარი დასკვნის გამოტანა ჩვენ საშუალებას გვეძლევს შევაფასოთ თანამედროვე ქართული კულტურა, როგორც ასეთი, მის ყველა შესაძლო გამოვლინებებში, შევაფასოთ ყველა ის წყალქვეშა დინებები, რომლებიც განაპირობებდნენ მის ისეთად ჩამოყალიბებას, როგორადაც ის დღეს გვევლინა. განვასზღვროთ იდეალი, აღვიძრათ ამ იდეალისაკენ მისწრაფების ნება და აგრეთვე, გავითავისოთ ის ტექნოლოგიები, (ანუ სიბრძნე), რომელიც არის საჭირო ამ ამოცანების ცხოვრებაში განსახორციელებლად.