ეკატერინე ტიკარაძე: ჩვენი ვარაუდით, ნოემბერ-დეკემბერში ინფიცირებულთა რიცხვი იქნება მზარდი

ეკატერინე ტიკარაძე: ჩვენი ვარაუდით, ნოემბერ-დეკემბერში ინფიცირებულთა რიცხვი იქნება მზარდი

ნოემბერსა და დეკემბერში ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ინფიცირებულთა რიცხვი იქნება მზარდი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხდა.

მინისტრის განცხადებით, კოვიდინფიცირებულთა მზარდი რიცხვი არ უნდა გახდეს არაკონტროლირებადი. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვაკონტროლებთ სიტუაციას და დღესაც შეგვიძლია მოვიძიოთ პირველადი და მეორეული კონტაქტები. სწორედ ესაა იმის გარანტი, რომ ვიყოთ დამაჯერებლები იმ შემდეგ ნაბიჯებში, რომლებსაც ვგეგმავთ, იქნება ეს საწოლფონდის გაზრდა, დამატებითი შეზღუდვები თუ ეკონომიკისთვის იმ შანსის მიცემა, რომ არ შევზღუდოთ და არ იყოს ქვეყანაში სრული კარანტინი“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მისი თქმით, დღეს მთავარი მიზანია კოვიდინფიცირებულთა კონტაქტების სწორი მოძიება. პაციენტები რომელთაც არ აქვთ სიმპტომები მათი მონიტორინგი მოხდება ბინაზე, მაგრამ ვისაც არ აქვთ თვითზოლაციის საშუალება, მათ კოვიდსასტუმროებში გადაიყვანენ და ჰოსპიტალური სექტორი იქნება მობილიზებული. „კონტროლირებადი სიტუაციის ფარგლებში, იმედი გვაქვს, რომ ქვეყანა შეინარჩუნებს ცხოვრების რიტმს და არ მოხდება შემზღუდავი პროცესები, რაც ასე მნიშვნელოვანია ქვეყნის მოსახლეობისთვის“, - აღნიშნა ტიკარაძემ.