ნიკოლოზ სამხარაძე გარეჯის საკითხზე: პროცესი 1994 წელს დაიწყო და 26 წელია მიმდინარეობს, შესაბამისად, ამის წინასაარჩევნო პროცესთან მიბმა აბსურდია

ნიკოლოზ სამხარაძე გარეჯის საკითხზე: პროცესი 1994 წელს დაიწყო და 26 წელია მიმდინარეობს, შესაბამისად, ამის წინასაარჩევნო პროცესთან მიბმა აბსურდია

დავით გარეჯის საკითხზე პროცესი 1994 წელს დაიწყო და უკვე 26 წელია მიმდინარეობს, შესაბამისად, ამის წინასაარჩევნო პროცესთან მიბმა სრული აბსურდია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსმა, მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეჩვიდმეტე ნომერმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ახალი გარემოებები, რომელიც გაჩნდა დავით გარეჯთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლების პოზიციას კიდევ უფრო გაამყარებს სასაზღვრო მოლაპარაკებების დროს.

„ის ახალი გარემოებები, რომლებიც გაჩნდა დავით გარეჯთან დაკავშირებით, მხედველობაში მაქვს რუკები, რომელიც ჩვენ მივიღეთ, არის ის, რაც საქართველოს ხელისუფლების პოზიციას კიდევ უფრო გაამყარებს სასაზღვრო მოლაპარაკებების დროს. შესაბამისად, ის, რომ ეს წინასაარჩევნოდ არის თუ არჩევნების მერე, ეს მუდმივი პროცესია. ეს პროცესი დაიწყო 1994 წელს და მიმდინარეობს უკვე 26 წელია, შესაბამისად ამის წინასაარჩევნო პროცესთან მიბმა არის სრული აბსურდი. არჩევნებამდე დარჩა სამი კვირა და არ მგონია, ამ პერიოდში გამოძიება ისეთ სიღრმეებში შევიდეს, რომ საარჩევნოდ სააკაშვილამდე მივიდეს. ანუ, ესეც წმინდა წყლის აბსურდია“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.