ბელარუსში „სიამაყის მარშის“ 600-მდე მონაწილე დააკავეს

ბელარუსში „სიამაყის მარშის“ 600-მდე მონაწილე დააკავეს

ბელარუსის მილიციამ კვირას გამართულ საპროტესტო აქციებზე „სიამაყის მარში“ 586 ადამიანი დააკავა, მათ შორის 500 დემონსტრანტი მინსკში. ამის შესახებ უფლებადამცველი ცენტრი „ვესნა“ იტყობინება, რომელმაც დაკავებულების სახელები გამოაქვეყნა.

მინსკის გარდა დემონსტრანტები ბრესტში, ვიტებსკში, მოგილიოვში, გროდნოსა და სხვა ქალაქებში დააკავეს. სამართალდამცველებს დაკავებულთა რაოდენობაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

„სიამაყის მარშის“ მონაწილეები ალექსანდრ ლუკაშენკოს პრეზიდენტობას აპროტესტებდნენ. მათ წინაღმდეგ კვირას წყლის ჭავლები გამოიყენეს. რამდენიმე ადამიანი დაშავდა. საპროტესტო მსვლელობა გვიან ღამემდე გაგრძელდა.

23 სექტემბერს მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა, რომლის შესახებ მანამდე არაფერი იყო ცნობილი. ღონისძიებას ასობით ბელარუსი საჯარო მოხელე დაესწრო. ცერემონიის კადრები ადგილობრივ მედიაში მხოლოდ ღონისძიების დასრულების შემდეგ გავრცელდა. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიმ კი თავი ბელარუსის ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად გამოაცხადა.

ევროკავშირმა ბელარუს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა.