ბინძური ზრახვები დასუფთავების გადასახადის გასაზრდელად

ბინძური ზრახვები დასუფთავების გადასახადის გასაზრდელად

ოპოზიცია ეჭვობს, რომ დასუფთავების გადასახადი მკვეთრად და ნახტომისებურად გაიზრდება. ამიტომაც “თავისუფალი დემოკრატები” “ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელსაც პარლამენტი იხილავს.  

პარტიის წევრის ლევან იზორიას განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, აღნიშნული კანონიდან ამოღებული უნდა იყოს მე-12 პრიმა 1 მუხლის მე-4 პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს, რომ დასუფთავებისთვის “მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ სულ მოსახლეზე 1,5 ლარს თვეში”. მისი მტკიცებით, კანონპროექტის მიღების მიზეზს სწორედ ამ ზღვრული ოდენობის მოხსნა წარმოადგენს.  

დღეს მოქმედი ნორმით, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის ოდენობა ერთ სულ მოსახლეზე თვეში 1,5 ლარს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისთვის - ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე 25 ლარს, კანონპროქტის თანახმად კი, ეს ჩანაწერი საერთოდ უქმდება. 

გარდა ამისა, მოქმედ კანონმდებლობაში დაფიქსირებულია ცალსახა მოთხოვნა, რომ დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა ამ მომსახურების ორგანიზებისა და ადმინისტრირებისათვის საჭირო ხარჯებს არ უნდა აღემატებოდეს, კანონპროექტით კი ეს მოთხოვნაც უქმდება. 

“კანონპროექტის ავტორთა ინიციატივით, დასუფთავების ადგილობრივი მოსაკრებელი მომავალში მხოლოდ თვითმმართველთა ერთეულმა უნდა განსაზღვროს და შესაბამისად, დასუფთავების ზედა ზღვრის ოდენობის დადგენის სამართველბრივი საჭიროება და აუცილებლობა არ უნდა არსებობდეს”, - აღნიშნა იზორიამ.  

მისი შეფასებით, ეს ინიციატივა აშკარად ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და პირდაპირ მიმართულია იმისკენ, რომ ქალაქის საკრებულომ შეხედულებებისამებრ გაზარდოს მოსაკრებელი.  

“თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელები კანონპროექტს ანტიკონსტიტუციურ აქტს უწოდებენ და მასში ადამიანის სოციალური უფლებების ხელყოფის მცდელობას ხედავენ.  

როგორც დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა, მხოლოდ კანონით დგინდება მოსაკრებელი საქართველოში, კანონმდებლებს კი სურთ, რომ ეს უფლება ადგილობრივ თვითმმართველობებს გადასცენ.  

“თუ გავითვალისწინებთ გიგი უგულავას მადას, რომელიც უფრო გაატკეცდა ბოლო პერიოდში, შესაძლოა, დასუფთავების მოსაკრებელი ფიზიკური პირისთვის 4-5 ლარი გახდეს, ხოლო იურიდიული პირისთვის - 40-50 ლარი”, - თქვა მან. 

ცაგარეიშვილმა ხელისუფლება ქართველი ხალხის წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ უკანონობაა, როცა გადასახადები იზრდება წყალზე, ტრანსპორტზე, მოსაკრებელზე, ასევე ერთიანდება საგადასახადო ქვითარი. 

“თავისუფალი დემოკრატები” აღნიშნული კანონპროექტის ძალაში შესვლის შემთხვევაში, კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

გადასახადების მომატებამდე სემეკმა კომუნალური გადასახადების ერთიანი სისტემით გადახდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. ერთიანი სისტემით ამოღება კი პირველი დეკემბრიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა ამ პრინციპით გადასახადების ამოღება გადაიდო. 

“წყლისა და დასუფთავების გადასახადების გადაუხდელობის გამო მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის გათიშვა 1-ლი დეკემბრიდან არ მოხდება”, - განაცხადა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილმა.

მისი თქმით, ახლა ყველაფერი კომპანიებს შორის ხელშეკრულებაზეა დამოკიდებული, რაც, შესაძლოა, 1-ელ იანვრამდეც ვერ მოესწროს.