აზერბაიჯანის ქალაქ განჯის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 33-ს აღწევს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.
უწყების განცხადებით, დაშავებულთა შორის ბავშვებიც არიან. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 5 გარდაცვლილისა და 28 დაშავებულის შესახებ. აზერბაიჯანმა სომხეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დღეს დილით კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ერთი რაკეტა განჯაში საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. ერევანში განჯაზე სარაკეტო იერიშს უარყოფენ და ბაქოს საპასუხო ბრალდებას უყენებენ. სომხეთი აზერბაიჯანს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ადმინისტრაციული ცენტრის, სტეპანაკეტრის დაბომბვაში სდებს ბრალს.
აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 9 ოქტომბერს შეთანხმდნენ.