„ლელოს“ აქტივისტი რაშად მუსაევი, რომელმაც მუქარის შემცველი ვიდეო გამოაქვეყნა, გარდაბნის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება

„ლელოს“ აქტივისტი რაშად მუსაევი, რომელმაც მუქარის შემცველი ვიდეო გამოაქვეყნა, გარდაბნის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება

„ლელოს“ აქტივისტი რაშად მუსაევი გარდაბნის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება. ის განყოფილებაში ადვოკატთან ერთად მივიდა, თუმცა არც მას და არც ადვოკატს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

პოლიციის განყოფილებასთან მივიდა პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ პოლიტსაბჭოს წევრი, გრიგოლ გეგელია. მისი განცხადებით, მუსაევი თავადაა მსხვერპლი, მის გადაბირებას „ქართული ოცნება“ ცდილობდა, რამაც ის „მძიმე ემოციურ ფონამდე მიიყვანა“.

„დღეს ისინი დაკვითხვას უტარებენ მსხვერპლს. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, არსებობს სერიოზული სამხილი იმისა, რომ რაშადის მიმართ ადგილი ჰქონდა მუქარას, დაშინების, გადაბირების მცდელობებსა და ა.შ. რაშადის მიმართვა, რომლის გამოც, მან გუშინვე მოუხადა საზოგადოებას ბოდიში, არის ემოციურ მდგომარეობაში გაკეთებული რამ. მე ძალიან კარგად მესმის მისი. არა მხოლოდ იმიტომ, რომ თანაგუნდელია, არამედ, იმიტომ, რომ ადამიანია. როდესაც ადამიანს აშინებენ ნარკოტიკის ჩადებითა და პატიმრობით, რა თქმა უნდა, მას აქვს მოჭარბებული ემოციური ფონი და თუ ამას ალკოჰოლიც დაემატება, ზედმეტად მოჭარბბებული ემოციით აკეთებს კომენტარს. ესაა კეთილსინდისიერი, პატრიოტი ადამიანი. რაშადი იდეებით იბრძვის ახალი საქართველოსთვის“ - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

გუშინ, მოქალაქე რაშად მუსაევმა, რომელიც „ლელოს“ აქტივისტია, პირად Facebook-ზე გაავრცელა ვიდეო, რომლის მიხედვითაც სავალან მირზოევს აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და სიცოცხლის მოსპობით ემუქრება.