„თუ ლალვანის ქედი და ხუჯაბის მონასტერი უკვე გასულია ჩვენი სივრციდან, მაშინ ყურადღების გადატანა მექანიკურად მოხდა დავით გარეჯზე“

„თუ ლალვანის ქედი და ხუჯაბის მონასტერი უკვე გასულია ჩვენი სივრციდან, მაშინ ყურადღების გადატანა მექანიკურად მოხდა დავით გარეჯზე“

მხოლოდ დავით გარეჯთან მიმართებით არ იკვეთება გულგრილობა. თურმე ასეთივე ვითარებაა ლალვანის ქედთან, ხუჯაბის მონასტერთან და სხვა ტერიტორიებთან მიმართებით და, თუ აღმოვაჩენთ, რომ ისინი გასულია ჩვენი სივრციდან, მაშინ მივხვდებით, რომ ყურადღების გადატანა მექანიკურად მოხდა დავით გარეჯზე.

ამ გულგრილობის შესახებ For.ge-ს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, სასაზღვრო საკითხების დამოუკიდებელი ექსპერტი გელა ხუციშვილი ესაუბრა.

პროკურატურის მტკიცებით, დავით გარეჯის ტერიტორიის მონაკვეთი ქართველ მეცნიერთა მხრიდანაც დაუცველი ყოფილა. საუბარია სახელმწიფო ღალატის საქმეზე და დოკუმენტაციის გადამალვაზე აზერბაიჯანის სასარგებლოდ. რამდენად დამაჯერებელია ცალკეულ ექსპერტთა მოსაზრება, რომ კომისიის წევრები, განსაკუთრებით, ნატალია ილიჩოვა საეჭვოდ იქცეოდა?

- საერთოდ, უნდა გითხრათ, რომ ჩვენმა სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს, რომელი რესპუბლიკის სამართალმემკვიდრეა. თუ ჩვენ ვართ პირველი რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე, მაშინ უნდა ვიხელმძღვანელოთ 1920 წლის დოკუმენტაციით. ხოლო, თუ ვართ მეორე რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე, მაშინ, როდესაც შევედით დამოუკიდებელ რესპუბლიკად საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, იმ დოკუმენტებით უნდა ვიხელმძღვანელოთ. დავით გარეჯთან მიმართებით, რა თქმა უნდა, პირველი რესპუბლიკის დროინდელი დოკუმენტაცია გვაწყობს. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს დოკუმენტების გადამალვასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება, დოკუმენტი მარტო ერთი ადამიანის ხელში იყოს?! იყო ასეთი საინტერესო ორგანიზაცია „სპეცგეო“ ბაქოს ქუჩაზე, ისინი არსად წასულან, მართალია, დაშალეს, მაგრამ საბუთები შენახულია. ეს არის 30 კილომეტრი საზღვრის შიგნით და 10 კილომეტრი საზღვრის მიღმა, მთელი ტერიტორიები 25-ათასიან რუკაზე ჰქონდათ დატანილი. ახლა რუკებზე ლაპარაკობენ, მაგრამ რუკას თუ განმარტებითი ტექსტი არ აქვს დართული, ის როგორ შეიძლება იყოს სახელმძღვანელო მოხაზულობის მიხედვით? რუკა არის კოორდინატები, გრძედები, განედები, ეს არის აღწერილობა თითოეული მონაკვეთის. ტოტალური უვიცობაა ყველგან და გულგრილი დამოკიდებულება საკუთარი მოვალეობისადმი.

აზერბაიჯანის მხარეს საზღვრის დამდგენი კომისიის შემადგენლობა ძირითადად უცვლელად მუშაობს, მაშინ, როცა ქართული კომისიის წევრები გამუდმებით იცვლებიან. ახალ-ახალი წევრების შემატება რამდენად აზიანებს ამ კომისიის საქმიანობას?

- სადელიმიტაციო კომისიის წევრები რიგ სახელმწიფოებში სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებენ კომისიის წევრობის სტატუსს. ახლა რატომღაც მხოლოდ ჩიჩხიტურსა და გარეჯის კონკრეტულ მონაკვეთზე იქნა მთელი ყურადღება გადატანილი და უყურადღებოდ დარჩა სომხეთის საზღვარზე ლალვანის ქედი და ხუჯაბის მონასტერი. კაციშვილი არ ინტერესდება, იქ ამჟამად რა მდგომარეობაა. სინამდვილეში, იქაც ისეთივე კატასტროფული მდგომარეობაა.

ანუ სომხებს გადაეცათ ეს ტერიტორიები?

- მე აღარ ვარ ახლა ისეთი კომპეტენციის მქონე კაცი, რომელსაც შეუძლია ამის გადამოწმება, მაგრამ ღრმად მწამს და ეჭვი მაქვს, რომ იქ მოხდა ანალოგიური თაღლითობა და უფრო მეტიც. ლალვანის ქედი იყო კონდომინიუმი, ანუ ორივე სახელმწიფო ვსარგებლობდით ამ ტერიტორიით. ასეთივე ცუდი და სავალალო მდგომარეობაა შატილის მიმართულებით, მდინარე ანდაკისა და არღუნის შესართავთან, აქაც 1999 წლის 19-21 მაისს კომისიის წევრების მიერ ხელმოწერილ იქნა დოკუმენტი, რომელიც საქართველოს საზიანოდ იყო შედგენილი. კატასტროფული მდგომარეობაა დიკლოს მთაზეც, სადაც 3000 კვადრატული მეტრი მიწის ფართობია მიტაცებული დაღესტნის მიმართულებით. ჩვენ კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს დემოგრაფიული ვითარების გამო, მოსახლეობა აღარ გვყავს ამ პერიფერიებზე. გარდა ამისა, არასწორად არის გაკეთებული საზღვრის გამიჯვნა ლაგოდეხის მომიჯნავე ტერიტორიაზეც. იქ საზღვარი ალაზანზე გადის, მდინარე გადავარდა და ახლა სოფელ ერისიმედს გვედავებიან. ასეთი ლაფსუსები ხდება ხოლმე.

ივერი მელაშვილი ძალიან კარგი სპეციალისტია, ის მიწათმომწყობია, მან კარგად იცის საქართველოს მიწათსარგებლობის უფლებით 1985 წელს რა ტერიტორიები გადმოეცა. იყო საინტერესო კარტოგრაფი, ცხონებული ჯანსუღ კეკელია.

ასეთი პრობლემები მხოლოდ სახმელეთო საზღვარზეა? რა ხდება საზღვაო მონაკვეთზე? ის მაინც თუ არის დაცული?

- ძალიან დაუდევრად ვექცევით საზღვაო მონაკვეთს, 7500 კვადრატული კილომეტრი, ზღვის ტერიტორიული წყლების მონაკვეთი ქვეყნის მთლიან ტერიტორიაში შეყვანილი არ გვაქვს.

ეს გამიზნულად კეთდება?

- ეს არის უვიცობა ან ღალატი. როდესაც მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირი იკავებს თანამდებობას, მას უფლება აღარ აქვს, თქვას, არ ვიცოდი, შევცდი. მოქმედება, ან უმოქმედობა, რომელსაც მძიმე შედეგი მოსდევს, დანაშაულია.

უკვე არის პრეცედენტი, როცა ჩვენი სამხრეთელი მეზობელი სათავისოდ იყენებს ჩვენს საზღვაო მონაკვეთს?

- გამოყენებული არ არის? თურქეთის თევზსაჭერი სეინერები შემოდიან და იჭერენ თევზს, თანაც, უღმერთოდ იჭერენ. ბადის ტრალი ფსკერს მთლიანად თხრის, მთელი საზღვაო ფაუნა მიაქვს და ანადგურებს. რა ხდება, უკვე ვეღარ ვიგებ. არ შეიძლებოდა სასაზღვრო უწყების დანგრევა მას მერე, რაც ვალერი ჩხეიძემ ააწყო ეს სისტემა. დღეს სახელმწიფოს ერთადერთი მისახედი რაც აქვს, ეს ქვეყნის საზღვარია. 2018 წელს როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი ვიყავი, პირველ საკითხად რასაც ვაყენებდი ის იყო, ვინც არ უნდა გახდეს საქართველოს პრეზიდენტი, რა უფლებებითაც არ უნდა იყოს შეზღუდული, მას საკანონმდებლო ინიციატივა თუ არა, პარლამენტში საკითხის შეტანის უფლება მაინც აქვს და პირველსავე სხდომაზე უნდა დასმულიყო საკითხი საქართველოს სახელმწიფო საზღვრების ინვენტარიზაციის შესახებ, რათა წარმოდგენა ვიქონიოთ, რა სივრცეში დავრჩით და ვიმყოფებით. შეიძლება საზღვრის საკითხში არ დავდო ბრალი ცალკეულ პირებს, რადგან არ იციან ეს საკითხი, მაგრამ ყველა ხელისუფალი სცოდავს საერთაშორისო ხელშეკრულებების გაფორმებისას. მთელი რიგი ხელშეკრულებებია გაფორმებული, რომელიც უზარმაზარ პასუხისმგებლობას გვაკისრებს და ზარალდება საქართველოს ინტერესები. არადა, მიღებულია ეს ხელშეკრულებები ვიღაცის ხმაზე აყოლით. ეს არის ლტოლვილთა შესახებ კონვენცია, ეს არის ამჟამინდელი ხელშეკრულებები აზერბაიჯან-სომხეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ, ეს არის თურქეთსა და საქართველოს შორის გაფორმებული ჩარჩო-ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეთანხმება სასაზღვრო საკითხებთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი დაგროვდა და კაცი არ არის ამის განმკითხველი.

თქვენ ახსენეთ სხვადასხვა პერიოდში კომისიის წევრების მხრიდან დაუდევრობა ან მოღალატეობრივი ნაბიჯები. რა გარანტიაა, რომ დავით გარეჯთან მიმართებითაც იგივე არ მოხდა?

- იცით, რაშია საქმე? კომისიის წევრებს კიდევ ქვემოთკენ ჰყავთ ხელქვეითები. ეს არის ტიპური ქართული სიზარმაცე, რაც უფრო მატულობს კომპეტენცია, კლებულობს კომპენენტურობა, მინდობილია ეს საქმეები ცალკეულ ექსპერტებზე, ტექნიკურ მუშაკებზე, რომლებიც ამზადებენ ამ მასალებს. ამიტომაა, რომ სპეცსამსახურებმა დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის მთელი შემადგენლობა და ტექნიკური პერსონალი სკრუპულოზურად უნდა შეისწავლონ, ეს უკვე დაგვიანებულია. იყო ასეთი პერიოდი ჩვენს მოღვაწეობაში, რომ კომისიის თავმჯდომარეს ამტკიცებდა პარლამენტი. დღესაც, ალბათ, უმჯობესი იქნება, სადელიმიტაციო კომისიის თავმჯდომარე ჰორიზონტალურად პრეზიდენტს ექვემდებარებოდეს, რადგან პრეზიდენტია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის გარანტი. პრეზიდენტს უნდა მიეცეს უფლებამოსილება, იყოს საქართველოს მთავარი სასაზღვრო წარმომადგენელი. ვინმეს პირადი დაინტერესება, გაყიდვა და უბედურებები რომ გვაწუხებს, ეს იქიდანაც ჩანს, რომ მთელი სტრატეგიული ნედლეული, ენერგორესურსები, ხორბალი და სხვა, აზერბაიჯანს გადავეცით.

მარტო 2008 წლის ომის ერთ თვეში ზუგდიდის, გორის, საგარეჯოს, თბილისის ელევატორები (ხორბლის მიმღებ-გადამამუშავებელი) ზოგიერთი მთლიანად, ზოგი 50%-ით „სოკარს“ გადაეცა. ლორდი ჰამილტონის სიტყვებს გავიმეორებ, ვიღას აღარ აბრალებენ ამ სიტყვების თქმას, „სახელმწიფოს არ უნდა ჰყავდეს მუდმივი მტრები და მუდმივი მეგობრები, მას უნდა ჰქონდეს მუდმივი ინტერესები“. ჩვენს მეზობლებს აქვთ მუდმივი ინტერესები, საქართველოს მუდმივი ინტერესები კი ვინმეს გაუგია? საქართველოს მუდმივი ინტერესები უნდა იყოს მიწა, ტერიტორია, რომელსაც ასე გვედავებიან. დავკარგავთ ტერიტორიას, აღარ ვიქნებით ერი, ვიქნებით ეროვნება. მდგომარეობა სავალალოა.

ანუ თქვენ მიანიშნებთ, რომ ირაკლი მელაშვილის კეთილსინდისიერებაში ეჭვი არ შეგაქვთ, მაგრამ შეიძლება ხელქვეითებმა გარიგებები დადეს?

- ძნელია, ვინმეზე ბრალის წაყენება, უდანაშაულობის პრეზუმპცია არსებობს, ერთი კი ფაქტია, საშინელი უვიცობა და დაუდევრობა, საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულებაა. ჯერ ასე ჩავთვალოთ, მერე გამოძიება ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს. მთავარია, ახლა გაირკვეს ლალვანის ქედის და ხუჯაბის მონასტრის საკითხი. თუ აღმოვაჩინეთ, რომ ეს უკვე გასულია ჩვენი სივრციდან, მაშინ მივხვდებით, რომ ყურადღების გადატანა მექანიკურად მოხდა დავით გარეჯზე. სასაზღვრო საკითხებში დავბერდი და, როგორც კი დაიწყო დავით გარეჯის საქმე, ინტუიციამ მიკარნახა, რომ ერთი თემა მეორით იფარებოდა. კიდევ ძალიან რთული მდგომარეობაა ვახტანგისში, ასეთი მონაკვეთია გარდაბანში. გარდაბანი და ახალქალაქი მოწყვლადი მონაკვეთებია, აქ ერთი ეთნოსი პირდაპირ ემიჯნება მოპირდაპირე მხარეს, აქეთ სომხები არიან, იქით აზერბაიჯანელები. დღეს უკვე ფულია ბევრი რამის განმსაზღვრელი და ბევრ ეთნოსში, სადაც ენაც კი არ იციან ჩვენი, მოქალაქეობრივი ღირსების გრძნობა დევალვირებულია, ეს ადამიანები გამოდიან მერკანტილური მიზნების მსხვერპლნი და მსახურნი.

Aburjga Tasmanieli ჯანმრთელობას ვუსურვებ ბატონ გელა ხუციშვილს! ვის სცალია საქართველოს საზღვრებისა და საერთოდ საქართველოსათვის?! აქ ხომ დასავლური დემოკრატია უნდა დაინერგოს -დაირგას და და მერე მთელი ერის მეცადინეობა ამ ეკალის გახარებისკენ უნდა იქნეს მიმართული! ქვეყანა, ხალხი შეჭამა პარტიულმა ვაკხანალიამ, რაც წლითი-წლობით კი არ წყნარდება პირიქით მატულობს და ეს ქარბორბალა ფესვებიანად გლეჯს თუ ერმა დღემდე რაიმე სიკეთე და სიქველე მოიტანა! ქართველი ხალხი ბუნებით კეთილია, ყოველ შემთხვევაში ბოროტი არ არის, მაგრამ ამ გამუდმებულმა დემოკრატიულმა დაპირისპირება-ჭიდილმა ეროვნული ერთიანობის იდეა მოსპო, საზოგადოება დაიყო სისტემურ კლანებად და ამ კლანებს შორის დაპირისპირებამ უკვე კარგა ხანია შეიძინა ტრაგიკულად ბოროტი შინაარსი!
3 წლის უკან