მსოფლიო პოლიტიკის ახალი ეტაპი - რას  უქადის ეს საქართველოს? (ნაწილი მეორე)

მსოფლიო პოლიტიკის ახალი ეტაპი - რას უქადის ეს საქართველოს? (ნაწილი მეორე)

[მანანა აბაშიძე]
სტატიის პირველ ნაწილში ვსაუბრობდით იმის შესახებ, რომ მსოფლიო პოლიტიკაში ახალი ეტაპი დაიწყო. ცხადია, ამ პროცესებში ძალიან დიდია რუსეთის როლი. მის აქტიურობა-პასიურობაზე, პოზიციაზე - მათ შორის, ცივილიზებული სამყაროსთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით - სერიოზული გავლენა ექნება ნებისმიერი პრობლემის მოგვარების საქმეში.

რუსეთი
თუ ყურადღებით დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ რუსული საგარეო–პოლიტიკური სვლები, ასე ვთქვათ, გაორებულია. ანუ მასზე ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს რუსულ დუუმვირატში რეალური ძალაუფლებისთვის გაჩაღებული ბრძოლა. უახლოესი ერთი წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს თუ გადავხედავთ, ამის დამამტკიცებელ არაერთ მაგალითს ვნახავთ.

გაზაფხულზე მოსკოვში ჰილარი ქლინთონი იყო ჩასული. მისი ვიზიტის პროგრამაში პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა გათვალისწინებული არ იყო. გაღიზიანებულმა პუტინმა სასწრაფოდ, ერთ-ერთ პროვინციაში, ატომურ ელექტროსადგურში, პრესის თანდასწრებით, სელექტორული თათბირი მოაწყო. აქ მან განაცხადა, რომ ირანში, ბუშერის პროვინციაში, რუსეთის მიერ მშენებარე ატომური ელექტროსადგური უკვე ამ ზაფხულს ამუშავდებოდა.

აღსანიშნავია, რომ ირანის წინააღმდეგ გაეროს მიერ სანქციების შემოღების საკითხისთვის რუსეთის მხარდაჭერის შესახებ მოლაპარაკებები ჯერ დასრულებული არ იყო. ამის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ პუტინმა ქლინთონს ფაქტობრივად, შანტაჟი მოუწყო. სახელმწიფო მდივანსაც რაღა დარჩენოდა - სახელმწიფო მდივნის პროგრამაში პუტინთან დაუგეგმავი შეხვედრა სასწრაფო წესით შევიდა.

ახლა, უკრაინის ახალი პრეზიდენტის მიერ შავი ზღვის ფლოტის ბაზირების ვადის გახანგრძლივების საკითხიც გავიხსენოთ. მაშინ მედვედევი პირველდ ეწვია უკრაინას ოფიციალური ვიზიტით ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ. იანუკოვიჩის ინაუგურაციიდან 100 დღეც კი არ იყო გასული. და უცებ, ის იძულებული გახდა ესოდენ არაპოპულარული ნაბიჯი გადაედგა. და ეს მაშინ, როდესაც პირველი შეთანხმებით დადგენილი ვადების გათვალისწინებით, იანუკოვიჩს თავისუფლად შეეძლო, რომ ესოდენ არაპოპულარული ნაბიჯი საერთოდაც, მეორე საპრეზიდენტო ვადისთვის შემოეტოვებინა.

უკრაინაში ახალი პრეზიდენტის წინააღმდეგ მართლაც დიდი სკანდალი აგორდა. ამან ისედაც ”პრორუსულის” იარლიყის მქონე იანუკოვიჩის რეპუტაცია კიდევ უფრო დააზარალა. იმ მომენტში, ყველაზე უფრო გაუგებარი რუსეთის პოზიცია იყო: რისთვის დასჭირდათ ისედაც საკმაოდ სახელგატეხილი მოკავშირის კიდევ უფრო დისკრედიტირება? ყველა კითხვაზე პასუხი მაშინ გაიცა, როდესაც პუტინმა ჯერ მოსკოვიდან შეთავაზა იანუკოვიჩს ”გაზპრომისა” და ”ნაფტოგაზის” გაერთიანება და სულ ორიოდე დღეში უკრაინაშიც ჩავიდა.

რუსული საგარეო პოლიტიკის ეს გაორებულობა ყველაზე ნათლად მაინც, სახელმწიფოს სტრატეგიულ დოკუმენტებში გამოიკვეთა. მაგალითად, რუსეთის უსაფრთხოების ახალი, წლევანდელი დოქტრინა ქვეყნის მთავარ საფრთხედ... ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს ასახელებს. მისგან რადიკალურად განსხვავდება საგარეო უწყების მიერ შექმნილი დოკუმენტი, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ რუსეთმა ევროპასთან - მთლიანად დასავლეთთან - მეტი ინტეგრაცია უნდა მოახდინოს და უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს.

ამგვარად, დუუმვირატში არსებული დაპირისპირება ძალიან ართულებს ერთი მხრივ, მთლიანად მსოფლიო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს და მეორე მხრივ - მათ ანალიზს. ფაქტობრივად, შეუძლებელია დანამდვილებით იმის თქმა თუ როგორ იმოქმედებს რუსეთი ამა თუ იმ შემთხვევაში. შესაბამისად, ჯერ შეუძლებელია დაზუსტებით თქმა იმისა თუ საით წავა დაწყებული პროცესები; სადამდე მივა და საერთოდ, მივა თუ არა რაიმე პრინციპულ ცვლილებებამდე. იგივე ითქმის ვადებთან დაკავშირებითაც.

და რადგან ახალ ეტაპზე ვსაუბრობთ, უნდა ითქვას, რომ ამ დღეებში რუსეთის მხრიდან ერთი საინტერესო აქცენტი გაჩნდა.

მსოფლიო პოლიტიკის ახალი ეტაპი?
როგორც აღვნიშნეთ, ქართველ ექსპერტთა ნაწილი მსოფლიო პოლიტიკაში ახალი ეტაპის დაწყების შესახებ მოსაზრებას არ ეთანხმება. მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ უახლოეს განვლილ პერიოდში გაჩნდა ან სრულიად ახალი, ან აქამდე მივიწყებული არაერთი თემა.

ამ ბოლო დღეებში დასავლურ მედიაში გამოჩნდა სტატიები, რომელბშიც, ერთგვარი ჰიპოთეტური მსჯელობის სახით, საუბარია ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მომავლის შესახებ. იმაზე, რომ შესაძლოა, მოვიდა ნატოს ტრანსფორმირების ან სულაც, ახალი - მსგავსი ტიპის მაგრამ სხვაგვარი პრინციპული საფუძვლით - ალიანსის შექმნის დრო.

რთული სათქმელია, მართლაც დაიწყება თუ არა რაიმე მსგავსი პროცესი თუ ეს უბრალოდ, ცალკეული ჟურნალისტებისა და ექსპერტების მოსაზრებებია; ასევე რთულია გარკვევა, ამ მოსაზრებების უკან რომელიმე ერთი, კონკრეტული სახელმწიფოს ინტერესი დგას თუ სტატიებში გამოთქმული ვარაუდები (მით უფრო – დასკვნები) მართლაც დროის მოთხოვნა და მიმდინარე პოლიტიკური პროცესის პირუთვნელი ანალიზის შედეგია თუ არა... ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ტიპის მსჯელობა დაწყებულია და არ არის გამორიცხული, ესეც, მსოფლიო პოლიტიკაში დაწყებული ახალი ეტაპის ერთ-ერთი ნიშანთაგანი იყოს.

სხვათა შორის, სწორედ ნატოს მომავლის თემას უკავშირდება ის აქცენტი, რომელიც რუსული მხარის მიერ ამ დღეებში გაჟღერდა და რომელიც ზევით ვახსენეთ.

20 ივლისს, ვებ-გვერდზე ”ინოსმი.რუ” გამოქვეყნდა სტატია სათაურით ”უსაფრთხოება მოდერნიზაციისათვის”( სტატია იხილეთ: http://www.inosmi.ru/politic/20100720/161442165.html ) წერილი სპეციალურად ამ საიტისთვის დაიწერა. მისი ავტორები კი, ნატოში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი, დიმიტრი როგოზინი და ფოლკერ რუე (გერმანიის თავდაცვის მინისტრი 1992-98 წლებში) არიან.

სტატიაში, ცხადია, ბევრია რუსული პოლიტიკისთვის თუ პოლიტიკური რიტორიკისთვის დამახასიათებელი გაბღენძილობა და წარღვნამდელი იდეები. თუმცა, მასში საინტერესო ისაა, რომ ყურადღება განსაკუთრებითაა გამახვილებული რუსეთ-ნატოს ურთიერთობებსა და მომავალზე. განსაკუთრებით საინტერესო კი, ალბათ, მაინც ერთი აბზაცია.

”საერთო საფრთხეები ერთობლივ პასუხს ითხოვს. სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც მთლიანად პარტნიორული ურთიერთობები - მათ შორის, რუსეთ-ნატოს - საყრდენმა წერტილმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საერთაშორისო სამდივნოდან, რუსეთ-ნატოს საბჭოსკენ უნდა გადაინაცვლოს.

აუცილებელია, რომ მოსკოვი საერთო მაგიდასთან ყველა წესის დაცვით მიიწვიონ. ოღონდ ეს იმისთვის არ უნდა გაკეთდეს, რომ რიგ-რიგობით ვეძებოთ ერთმანეთის შეცდომები. ამის გაკეთება იმისთვისაა საჭირო, რომ მუდმივი, ღია დიალოგის წარმოება და ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება შეგვეძლოს. ამ დიალოგის შედეგი უნდა იყოს ერთობლივი პროექტები. მაგალითად, ანტისარაკეტო თავდაცვის ერთობლივი სისტემების შექმნა; შეიარაღებაზე კონტროლის სფეროში ერთობლივი ინიციატივების შემუშავება და ა.შ.

საბოლოოდ, ურთიერთგარანტიები უსაფრთხოების სფეროში, ნდობა და ყოველდღიური პრაქტიკული თანამშრომლობა დაგვეხმარება, რომ მოსკოვსა და დასავლეთს შორის არსებული ქრონიკული უთანხმოება დავძლიოთ. უთანხმოება, რომელიც ორივე მხარეს ასუსტებს” - ნათქვამია დიმიტრი რაგოზინისა და ფოლკერ რუეს სტატიაში.

თუ გავიხსენებთ, რომ ორივე შეთავაზება ამ გაზაფხულზე ნატოს გენმდივნის, ანდრეს ფოგ რასმუსენის მხრიდან გაჟღერდა, როგოზინის იდეები სულ მარტივად შეიძლება ჩაითვალოს რუსეთის არაოფიციალურ პასუხად. თან, ამ არაოფიციალურობით რუსეთის პირველმა პირებმა მოქმედების თავისუფლება შეინარჩუნეს. როგორ განვითარდება მოვლენები, ერთდროულად უამრავ მნიშვნელოვან თუ შედარებით თითქოს უმნიშვნელო ფაქტორებზეა დამოკიდებული. თუმცა უკვე დღეს შეიძლება ითქვას, რომ ეს არაოფიციალური განაცხადიც ალბათ, მსოფლიო პოლიტიკის ახალი ეტაპის ერთ-ერთ ნიშნად შეგვიძლია ჩავთვალოთ.

არის კიდევ ერთი, ასევე საინტერესო სიახლე. ამ დღეებში მსოფლიო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოთა ასოციაციის (АСЕАН) წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებით, ამერიკა და რუსეთი აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების სამიტში მიიღებენ მონაწილეობას. (სხვათა შორის, ფორუმი უკვე მიმდინარეობს და მის ფარგლებში, ერთმანეთს შეხვდნენ ლავროვი და ქლინთონი).

ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარტი ნატალეგავას განცხადებით, ამერიკა-რუსეთის მიწვევა იმითაა განპირობებული, რომ ასოციაციის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებით, რეგიონი მოსკოვსა და ვაშინგტონთან თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავს.

ამერიკისა და რუსეთის წარმომადგენლების გარდა, სამიტში მონაწილეობას მიიღებენ 16 ქვეყნის წარმომადგენლები. სამიტის მონაწილე დიპლომატების განცხადებით, რეგიონში მოსკოვისა და ვაშინგტონის გააქტიურება ”ადგილობრივი ჰეგემონის - ჩინეთის - დამაბალანსებელ ფაქტორად უნდა იქცეს”.

როგორც ვნახეთ, მსოფლიო პოლიტიკაში მართლაც მნიშვნელოვანი სიახლეები ჩნდება. შესაბამისად, ჩნდება მარტივი კითხვები: როგორ უნდა მოიქცეს საქართველო ამ საინტერესო, მაგრამ აშკარდ რთულ პერიოდში? რა უნდა გავაკეთოთ ან პირიქით, რისი უფლება არ გავქვს?.. დღეს ჩვენთვის ყველაზე მთავარი სწორედ ამ კითხვებზე პასუხების ძიებაა. საინტერესოა, რომ ამასთან დაკავშირებით, ექსპერტთა მოსაზრებები გარკვეულწილად, ერთმანეთს დაემთხვა.

საქართველო
ექსპერტი სოსო ცინცაძე ამბობს, რომ ”რეალისტები უნდა ვიყოთ და ზუსტად განვსაზღვროთ ჩვენი ადგილი - არც შევამციროთ ჩვენი მნიშვნელობა, მაგრამ არც გადავაჭარბოთ. ჩვენ ავღანეთში გვყავს ჯარები და ამთი რაოდენობა იმაზე მეტია ვიდრე ამას ამერიკა საქართველოსგან ელოდა”.

გამოდის, რომ ჩვენ უბრალოდ, აქამდე არსებული საგარეო პოლიტიკური ხაზი უნდა შევინარჩუნოთ და მეტი არაფერი?

”რასაკვირველია! ხაზი შევინარჩუნოთ და რაც მთავარია, რეფორმები უნდა დაჩქარდეს. რეფორმების ტემპით ყველა უკმაყოფილოა. არავინ ამბობს, რომ ხელისუფლება რეფორმებს არ ატარებს, მაგრამ ტემპითაა ყველა უკმაყოფილო: სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმების, იგივე მედიის თავისუფლების თვალსაზრისით... მაგრამ არის ძალიან ბევრი ხარვეზი და უნდა გამოსწორდეს” - აღნიშნავს ცინცაძე.

ქვეყნის დემოკრატიული განვითარება ის საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც, როგორც აღვნიშნეთ, ქართველი ექსპერტების მოსაზრებები ემთხვევა.

”შეიძლება ერთმნიშვნელოვნად ითქვას, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ნორმალურ, დემოკრატიულ, ცივილიზებულ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდეთ. საზოგადოებამ ჯერ კიდევ ვერ გაიაზრა, რომ დემოკრატიის ხარისხის ამაღლებასა და ხალხის, მთლიანად ქვეყნის, კეთილდღეობას სორის პირდაპირი კავშირია.

ჩვენ იმ სტალინური ფიარის მსხვერპლნი ვართ, რომელიც ამბობს, რომ საჭიროა იყოს ერთი დიდი ბრძენი კაცი, დავაცადოთ მას და ის მოაგვარებს ყველაფერს. ჩვენ კი, იმ ერთ კაცს ხელი არ უნდა შევუშალოთ. დროა შევეჩვიოთ, რომ ნორმალური დასავლური სტანდარტებით უნდა ვიცხოვროთ” - აცხადებს კახა კაციტაძე.

ექსპერტის თქმით, ქვეყანაში არ ხდება მსოფლიოში მიმდინარე უმნიშვნელოვანესი პროცესების ანალიზი, შესწავლა, კვლევა. არადა, ეს ცივილიზებული სამყაროსთვის ჩვეულებრივი ამბავია.

”იგივე ამერიკაში, უნივერსიტეტებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, უამრავი არასამთავრობო ანალიტიკური ცენტრებია. მაგალითად, ”ჰერიტეიჯ ფაუნდეიშენი” – ”რესპუბლიკელებზე” მუშაობს; ”კარნეგის ცენტრი” – ”დემოკრატებზე” და ა.შ ჩვენთან კი, მსგავსი აარფერი ხდება. ჩვენი კვაზი-ექსპერტები უნდა აკეთებდნენ ამას, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან არასამთავრობოების დიდ ნაწილს - რომლებიც ხელისუფლებას უნდა აკონტროლებდნენ - ხელისუფლება ურიცხავს ფულს” - ამბობს კაციტაძე.

მიუხედავად იმისა, მსოფლიო პოლიტიკაში განვითარებულ მოვლენებს საქართველოში იკვლევენ თუ არა, ფაქტია, რომ ეს პროცესები მიმდინარეობს. ფაქტია ისიც, რომ დაწყებულია ახალი ეტაპი და ეს დილეტანტისთვისაც კი ადვილად დასანახია. რთული სათქმელია როდის და რით დასრულდება ეს ყველაფერი, მაგრამ ამ ყველაფრისთვის თვალის მიდევნება უდავოდ, ძალიან საინტერესოა.