თითოეული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო ორგანიზაციის ხელმძღვანელის პირადი პასუხისმგებლობა იქნება, თუ რამდენად ეფექტურად იქნება კორონავირუსის რისკები მართული იმ პროტოკოლების შესაბამისად, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
„თითოეული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო ორგანიზაციის ხელმძღვანელის პირადი პასუხისმგებლობა იქნება თუ რამდენად ეფექტურად იქნება კორონავირუსის რისკები მართული იმ პროტოკოლების შესაბამისად, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე დაამტკიცა, ერთხელ უკვე გაეგზავნათ ამ ორგანიზაციებს და ჩვენ კიდევ ერთხელ დავაგზავნით.
რაც შეეხება ჩვენს პასუხისმგებლობას, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა შედგება სწრაფი გამოვლენით, რაც ტესტირების ეფექტურ და მიზნობრივ მართვას გულისხმობს, ასევე სწრაფი მკურნალობით, რაც ნიშნავს კლინიკური პროცესის ეფექტურ მართვას და ადამიანის ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში სწრაფ დაბრუნებას.
დღეს საქართველო რჩება მწვანე ქვეყანად და სხვა ქვეყნებთან შედარებით, ეფექტურად მართავს პანდემიის ეტაპს ადაპტაციისა და მართვის ეტაპზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 9753 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 5235 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაიცვალა 62 პაციენტი.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.