ბიძინა ივანიშვილს სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა პროექტის სახით, ბოლო წლების განმავლობაში, 3 მილიარდი დოლარის ქველმოქმედება აქვს განხორციელებული, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გადაცემაში „არენაში“ განაცხდა.
კახა კალაძის თქმით, ბოლო ორი დღეა ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის გადაცემის ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოება აბსურდულ განცხადებებს ისმენს.
„კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა მათ აბსურდულ განცხადებებს, რომელთაც ბოლო ორი დღის განმავლობაში ვისმენთ. არ ვიცი, არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება სხვა პოლიტიკური შეხედულებები გქონდეს, შესაძლოა, რაღაცაში ვერ ვთანხმდებოდეთ, მაგრამ როგორ შეიძლება არ გაგიხარდეს, რატომ არ უნდა გიხაროდეს, იმ ქალაქში, სადაც ცხოვრობ შენი ოჯახით, სადაც ასეთი ეკოლოგიური მდგომარეობაა?! აბსოლუტურად გაურკვეველია ოპოზიციის ის განცხადებები. შემდეგ ითქვა კიდევ, რომ 8 ჰექტარი ტერიტორია დაიტოვა თავისთვის. იმ ტერიტორიას საერთოდ შეხება არ აქვს იპოდრომის ტერიტორიასთან. მაშინ მივადგეთ ივანიშვილს და ვუთხრათ, საჩხერეშიც აქვს სახლი, სადაც თავად ცხოვრობს, ან შეკვთილში და იმაზეც მოვთხოვოთ, რომ საჩუქრად გადმოგვცეს. არ მესმის ეს დამოკიდებულება, უბრალოდ გაუგებარია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მან მოუწოდა ოპოზიციონერებს, რომელთაც დიღმის ტყე-პარკში მიწის ნაკვეთები აქვთ, მერიას საჩუქრად გადასცენ.
„საუკეთესო დროა, კონკრეტულმა ადამიანებმა დიღმის ტყე-პარკში არსებული მიწის ნაკვეთები მერიას საჩუქრად გადასცენ. პირველი მე ვიქნები, ქალაქის მერი, ვინც გამოვა, სახელებით, გვარებით მადლობას გადავუხდი ამ ადამიანებს, რაც ვფიქრობ, ჩვენი ქალაისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ზოგადად, სიკეთის კეთებას არ აქვს მნიშვნელობა, როდის იქნება ეს გაკეთებული“, - დასძინა კალაძემ.
საუბრისას შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკსაც შეეხო და მისი შექმნის წინაისტორია გაიხსენა.
„იმდენი სიბინძურე და ცილისწამება მოდიოდა, საბოლოოდ, საზოგადოებამ დაინახა, თუ რას აკეთებს ეს ადამიანი. ბოლო წლების განმავლობაში 3 მილიარდი დოლარის ქველმოქმედება აქვს განხორციელებული. ეს არის სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა პროექტის სახირთ. ეს იქნება ეკლესიების აღდგენა, კულტურის მიმართულებით თუ სხვა. ფაქტობრივად, სფერო აღარ დარჩა. ავიღოთ, თუნდაც, სპორტის მიმართულებით გაწეული მხარდაჭრა, მაგალითად, რაგბი. რაგბს რომ წარმატება აქვს დღეს, ძალიან მნიშვნელოვანია ის ინფრასტრუქტურა, რომელიც შეიქმნა, მასში ძალიან დიდი წვლილი ბიძინა ივანიშვილმა შეიტანა და მისმა ოჯახმა. უამრავი პროექტი განხორციელდა რაგბის სტადიონის ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით და სხვა. ასევე, თეატრების აღდგენა-რეაბილიტაცია მოხდა, რომელი ერთი ჩამოვთვალო?! კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოწესრიგება. ძალიან ბევრი მიმართულებით. მაშინაც კი, როდესაც ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, უამრავი პროექტი აქვს მას განხორციელებული და მხარდაჭრით შემოიფარგლებოდა: ჯარი, პოლიცია, არ ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო“, - განაცხადა კახა კალაძემ.