ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ ბიზნესის მხრიდან „ქართული ოცნების

ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ ბიზნესის მხრიდან „ქართული ოცნების" მხარდაჭერა ლოგიკურია, რადგან წინა ხელისუფლების დროს ეს სექტორი ზეწოლას განიცდიდა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ ბიზნესის მხრიდან „ქართული ოცნების" მხარდაჭერა ლოგიკურია, რადგან წინა ხელისუფლების დროს ეს სექტორი ზეწოლას განიცდიდა. აღნიშნულის შესახებ მან „ქართული ოცნებისთვის" წინასაარჩევნოდ შეწირულ თანხებთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ყოველ 4 წელში არის საპარლამენტო არჩევნები, რომელმაც უნდა განსაზღვროს ქვეყნის მომავალი პოლიტიკური ბედი და მმართველი პოლიტიკური ძალა. ბიზნესი, რომელიც მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას", ეს არის ძალიან ლოგიკური და გასაგები, რამდენადაც წლების განმავლობაში, წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, ისინი განიცდიდნენ კატასტროფულ ზეწოლას და რეკეტს. ქართულმა ბიზნესმა ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღო ბოლო პერიოდში ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით ეს ეხება სახელმწიფო პროგრამებს, ამიტომ ცხადია, ეს არ გაუკვირდება საზოგადოებას,"- განაცხადა სესიაშვილმა.

ცნობისათვის, "ქართულ ოცნებას“ სექტემბრის თვეში 6 495 650 ლარი შესწირეს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, პარტიის მიმართ ფულადი შემოწირულება 245-მა სუბიექტმა განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ შემომწირველებიდან 118-მა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ 20 ათასი ლარიდან - 60 ათას ლარამდე გაიღო.