სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირების არეალი საქართველოს ტერიტორიაზე თუ გადმოინაცვლებს, არჩევნების ჩატარება შეფერთხდება. განსაკუთრებული როლი ყარაბაღის ომში რუსეთსა და თურქეთს აქვთ, რადგან მათი აქტიურობა და ჩართულობა მიმდინარე პროცესებში გარდაუვალი ხდება, აცხადებს „რეზონანსთან" ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე.
მისი აზრით, პროგნოზის გაკეთება რთულია, თუმცა თუკი ეთნიკურად სომეხ და აზერბაიჯანელ თემებს შორის მოხდა შეტაკებები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ან დივერსიები, ეს ჩვენი ქვეყნისთვის მძიმე შედეგების მომტანი აღოჩნდება.
„ყარაბაღის ომში მიმდინარე პროცესები არის არაპროგნოზირებადი. თუ მოვლენები ასე გაგრძელდა, თუ უშუალოდ ყარაბაღის დასახლებულ პუნქტებში მოხდა შეჭრა და იქ გაიმართა ომი, ვერავინ ვერ განსაზღვრავს, რით შეიძლება დასრულდეს ყველაფერი. აქ ხომ მხოლოდ სომხურ-აზერბაიჯანულ დაპირსპირებაზე არ არის საუბარი. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური საკითხი, ისეთი, როგორიცაა თურქეთის აქტივობა და რუსეთის ჩართულობა. აქედან გამოდმინარე, რთულია პროგნოზი, ექნება თუ არა ამ ომს გავლენა არჩევნებზე.
„ზუსტად ვერაფერს ვიტყვი, იმიტომ რომ მე არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ომი გაგრძელდა და ფართომასშტაბი მიიღო, ეს გადაიზრდება რეგიონალურ დაპირისპირებებში. თუ მოხერხდა საქართველოს ტერიტორიებზე გადმოსვლა და დიასპორული ან დივერსიული - სამხედრო და სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტების დანგრევის აქტების დაწყება, მე ვერ გეტყვით, როგორ განვითარდება მოვლენები, რადგან თუ ეს მოხდა, მაშინ ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით და შეიძლება არჩევნების საკითხიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს," - ამბობს მამუკა არეშიძე.