ის, რასაც კინომოყვარულები შიშობდნენ, ახდა: განსაკუთრებულად მაღალი მოლოდინების მქონე რამდენიმე კინოპრემიერის თარიღი კვლავ შეიცვალა.
კომპანია Warner Bros. Pictures-მა რამდენიმე საათის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დენი ვილნევის ახალი კინოსურათი დიუნი (Dune), რომლის პრემიერაც ამ წლის 18 დეკემბერს იყო დაგეგმილი, ერთი წლით — 2021 წლის პირველ ოქტომბრამდე გადაიდო.
იგივე ბედი ეწია მეთ რივზის ბეტმენს, რომელშიც მთავარ როლს რობერტ პატინსონი ასრულებს: ბოლო ინფორმაციით, კომიქსის ცნობილი სუპერგმირის შესახებ გადაღებული ამ ფილმის გამოსვლა დიდ ეკრანებზე 2021 წლის ოქტომბერში იყო დაგეგმილი, თუმცა ეს თარიღიც 2022 წლის მარტამდე გადაიდო.
აღსანიშნავია, რომ ცვლილებები შეეხო მატრიცას საკულტო ფილმების სერიის ახალ ნაწილსაც, თუმცა ეს ცვლილება უფრო სასიამოვნოა: ლანა ვაჩოვსკის ახალი ფილმი კინოთეატრებში 2022 წლის აპრილში უნდა გამოსულიყო და პრემიერა 2021 წლის 22 დეკემბრამდე გადმოიწია.
აღნიშნული კინოპრემიერები ის იშვიათი გამონაკლისები არ არის, რომლებიც გადაიდო, პირიქით, თითქმის ყველა მაღალბიუჯეტიანი პროექტის ხილვას მინიმუმ კიდევ ერთი წელი ვერ შევძლებთ: მარველის შავი ქვრივი 2021 წლის 7 მაისს გამოვა, ჯეიმს ბონდის ახალ ფილმს კი, რომელიც სულ მალე უნდა გამოსულიყო კინოთეატრებში, 2021 წლის 2 აპრილამდე ვეღარ ვიხილავთ.
პანდემიის გამო კინოინდუსტრია მძიმე კრიზისშია და ამ პერიოდში თამამი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ კრისტოფერ ნოლანმა მიიღო: მისი ბლოკბასტერი ტენეტი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოვიდა (სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ არა) და მისმა შემოსავლებმა მხოლოდ $300 მილიონს მიაღწია, რაც კრისტოფერ ნოლანის პროექტისთვის არც ისეთი სახარბიელო შედეგია.
მოკლედ, პანდემიის მალე დასრულება ყველას ერთდროულად გვინდა, თუმცა კინომოყვარულებს კიდევ ერთი განსაკუთრებული მიზეზი გვაქვს ამისთვის: თუ ახალი კინოსურათები აღარ გამოვა, თავისუფალ დროს სანახავი ფილმები მალე ამოგვეწურება.