ხოაკინ ფენიქსი და რუნი მარა მშობლები გახდნენ

ხოაკინ ფენიქსი და რუნი მარა მშობლები გახდნენ

რამდენიმე თვის წინ უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავური წყვილი — რუნი მარა და ხოაკინ ფენიქსი შვილს ელოდებოდნენ. სულ ახლახანს კი დადასტურდა, რომ ისინი მშობლები გახდნენ: მათ ვაჟი შეეძინათ.

ამის შესახებ ინფორმაცია რუსმა რეჟისორმა ვიქტორ კოსაკოვსკიმ გაავრცელა, რომლის ახალი ფილმის Gunda პროდიუსერი სწორედ ფენიქსია. რეჟისორმა ციურიხის კინოფესტივალზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ ფენიქსი სწორედ ამ მოულოდნელი სიახლის გამო ვერ ესწრებოდა ფილმთან დაკავშირებულ შეხვედრას.

"მას შვილი შეეძინა, ულამაზესი ვაჟი და რივერი დაარქვეს", — განაცხადა ვიქტორ კოსაკოვსკიმ.

ამ სასიხარულო ამბის ყველაზე ემოციური ნაწილი სწორედ ბავშვის სახელია: რივერი ხოაკინ ფენიქსის უფროს ძმას ერქვა, რომელიც 1993 წელს ტრაგიკულად დაიღუპა.

45 წლის მსახიობს თავისი კარიერის განმავლობაში არაერთხელ გაუხსენებია ის ტრაგიკული დანაკარგი, რომელიც ძმის გარდაცვალებამ მიაყენა.

მათ შორის წელს ოსკარების დაჯილდოებაზე, როცა ფილმში ჯოკერი შესრულებული როლით საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში გაიმარჯვა, სიტყვით გამოსვლისას რივერ ფენიქსის სიტყვები მოიხმო:

"როცა 17 წლის იყო, ჩემმა ძმამ სიმღერისთვის ეს ტექსტი დაწერა: "გადასარჩენად სიყვარულით გაიქეცი და მშვიდობაც თან გამოგყვება". დიდი მადლობა".

რაც შეეხება ხოაკინ ფენიქსის სასიყვარულო ურთიერთობას რუნი მარასთან, ისინი ერთმანეთს 2012 წელს ფილმის Hერ გადაღებებზე შეხვდნენ და წლების განმავლობაში მეგობრობდნენ, სანამ 2018 წელს გადასაღებ მოედანზე კვლავ ერთად არ აღმოჩდნენ: ფილმში Mary Magdalene ხოაკინ ფენიქსი იესოს როლს ასრულებს, რუნი მარა კი მარიამ მაგდალინელის.

წყვილი გადაღებების დასრულებიდან რამდენიმე თვეში დაინიშნა.