დისნეი მეფე ლომის ფილმის გაგრძელებას გადაიღებს

დისნეი მეფე ლომის ფილმის გაგრძელებას გადაიღებს

Disney პრაიდის მიწებზე მეფე ლომის გაგრძელებით ბრუნდება. ყველასთვის საყვარელ ანიმაციაზე დაყრდნობით ფილმის მეორე ნაწილს Moonlight-ის რეჟისორი ბარი ჯენკინსი გადაიღებს.

"90-იან წლებში ჩემს დას ორი პატარა ბიჭის აღზრდაში ვეხმარებოდი და ამ პერსონაჟებთან ერთად გავიზარდე. Disney-სთან მეგობრობის, სიყვარულისა და მემკვიდრეობის ამ გასაოცარი ამბის გავრცობაზე მუშაობის შესაძლებლობა ნამდვილი ახდენილი ოცნებაა, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ ამით აფრიკული დიასპორის წარმომადგენლების ცხოვრებისა და სულის აღწერაზე მუშაობას ვაგრძელებ", — თქვა ჯენკინსმა.

ეს ფილმი სტუდიის 2019 წლის ფოტორეალისტური რიმეიქის გაგრძელება იქნება და არა — 1994 წლის ანიმაციის. წინა რიმეიქი ჯონ ფავრომ გადაიღო. მას საკმაოდ შერეული გამოხმაურება მოყვა, თუმცა მასობრივი შემოსავალიც — ფილმმა გლობალურად $1,5 მილიარდი გამოიმუშავა.

Disney-ს ფილმის გაგრძელების გამოსვლის თარიღი ჯერ არ გამოუცხადებია. COVID-19-ისა და ჯენკინსის დატვირთული სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით, ჯერ ისიც უცნობია, როდის დაიწყება სპეცეფექტებით დატვირთული პროდიუსირება. წყაროების ცნობით, ახალი ფილმი ნაწილობრივ დაეთმობა სიმბას მამის, მუფასას, ადრეულ წლებს. ფილმის მეორე ნაწილს 2019 წლის რიმეიქის სცენარისტი ჯეფ ნათანსონი დაწერს.

წინა ფილმში გამხმოვანებელთა ვარსკვლავებით დახუნძლულ სიაში იყვნენ დონალდ გლოვერი (სიმბა), ბიონსე (ნალა), ბილი აიკნერი (ტიმონი), სეთ როგენი (პუმბა) და ჯეიმს ერლ ჯონსი (მუფასა). დისნეის ჯერ არ დაუანონსებია, ამ ჯგუფიდან ვინმე მაინც თუ დაბრუნდება ფილმის გაგრძელებაში.

ჯენკინსის პარტნიორმა, რეჟისორმა ლულუ ვანგმა, ეს ამბავი Twitter-ზე ფილმის საკულტო მუსიკითა და ცნობილი სცენის გადათამაშებით აღნიშნა:

მეფე ლომის გაგრძელების გადაღება ჯენკინსისთვის მეტ-ნაკლებად შეუსწავლელი სივრცეა. ის უფრო მეტად მოკრძალებული ბიუჯეტის მქონე, სენსიტიურად დახატული სურათებითაა ცნობილი და არა — დიდი კომერციული პროექტებით. Moonlight-ისთვის ოსკარის მოპოვებისა და Beale Street-ის სცენარისთვის ნომინირების შემდეგ ჯენკინსი საკმაოდ მოთხოვნადი გახდა. მან ცოტა ხნის წინ Amazon-ისთვის კოლსონ უაიტჰედის რომანის მიხედვით შექმნილ მინისერიალ The Underground Railroad-ზე დაასრულა მუშაობა. ჯენკინსი ქორეოგრაფ ალვინ ეილიზე ბიოგრაფიული ფილმის გადაღებასაც გეგმავს.