სულ რამდენიმე საათის წინ ამ საკულტო ავსტრალიური როკბენდის სოციალური ქსელების ოფიციალურ ანგარიშებზე ჯგუფის წევრების ახალი საერთო ფოტო გამოქვეყნდა შემდეგი წარწერით:
"მზად ხართ?"
გამოქვეყნებულ ფოტოზე ერთად ვხედავთ ანგუს იანგს, ფილ რადს, სტივი იანგს, ბრაიან ჯონსონსა და კლიფ უილიამსს. მართალია, მათ უკვე ასაკი დაეტყოთ, თუმცა ძველი ენერგიული განწყობა კვლავ შენარჩუნებული აქვთ.
ჯგუფის ამ ახალ ანონსებში ფიგურირებს ფრაზა Pwr Up, რომელიც, დიდი ალბათობით, ბენდის ახალი ალბომის სახელწოდებაა: ჯგუფთან დაახლოებულმა მეგობარმა, Twisted Sister-ის მომღერალმა დი სნაიდერმა განაცხადა, რომ AC/DC-მა აგვისტოში ახალი ალბომის ჩაწერა დაასრულა.
რუკჯგუფის ხელახლა გაერთიანებას ლამის ყველაზე ოპტიმისტი გულშემატკივრებიც კი აღარ ელოდნენ: 2017 წელს გიტარისტი მალკოლმ იანგი დემენციის დიაგნოზით გარდაიცვალა. მისი ადგილი სტივი იანგმა დაიკავა.
ჯგუფს კონცერტების ბოლო ტური 2016 წელს ჰქონდა, რომელსაც ასევე მოულოდნელი გართულებების გარეშე არ ჩაუვლია: ბრაიან ჯონსონს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ექიმებმა გამოსვლები აუკრძალეს და ის Guns N’ Roses-ის მომღერალმა ექსლ როუზმა ჩაანაცვლა. პოლ რადი კი ტურნეს გამოეთიშა, რადგან ნარკოტიკებზე დამოკიდებულებისა და ძალადობრივი მუქარის ბრალდების გამო რვათვიანი შიდაპატიმრობა მიესაჯა.
AC/DC 1973 წელს ქალაქ სიდნეიში ჩამოყალიბდა და სულ რამდენიმე წელში მსოფლიო მოვლენად გადაიქცა: ბენდის მუსიკამ დიდი გავლენა იქონია შემდგომში როკის განვითარებაზე, მათი ალბომი Back in Black კი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე მეტად გაყიდვადი ალბომია.