ფილმი ნათლია (The Godfather) კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ნამუშევარია, რომელიც თავისი დაძაბული სიუჟეტით დღემდე მილიონობით მაყურებლის საყვარელი კინოსურათია. თუმცა, არა მარტო ფილმი, არამედ თავად მისი შექმნის პროცესიც არანაკლებ საინტერესო ამბებს მოიცავდა, რომლის შესახებაც სულ მალე ახალ მხატვრულ ფილმს გადაიღებენ.
ფილმის სახელწოდება Francis and The Godfather (ფრენსისი და ნათლია) იქნება, მასში კი მთავარ როლს ოსკარ აიზეკი მოირგებს: ის ნათლიის ლეგენდარულ რეჟისორს, ფრენსის ფორდ კოპოლას განასახიერებს.
აიზეკთან ერთად მომავალ ფილმში ვიხილავთ ასევე ცნობილ მსახიობს ჯეიკ ჯილენჰოლს, რომელიც კინოსტუდია Paramount Pictures-ის ყოფილი ხელმძღვანელის, რობერტ ევანსის როლში მოგვევლინება.
ოსკარ აიზეკი ფრენსის კოპოლას, ჯეიკ ჯილენჰოლი კი რობერტ ევანსს განასახიერებს.
მომავალ ფილმს რეჟისორი ბარი ლევინსონი გადაიღებს, რომელსაც აქამდე ისეთ კინოსურათებზე უმუშავია, როგორებიცაა Rain Man, Man of the Year და The Bay.
მომავალი პროექტი თავისი თანხმობით თავად ფრენსის ფორდ კოპოლამაც დაანათლა:
"ნებისმიერი ფილმი, რომელსაც ბარი ლევინსონი გადაიღებს ნებისმიერ თემაზე, საინტერესო და ღირებული იქნება", — განაცხადა კოპოლამ.
გავრცელებული ინფორმაციით, ფილმის ფრენსისი და ნათლია სიუჟეტი ძირითადად ფრენსის კოპალას იმ ძალისხმევაზე მოგვითხრობს, რომლითაც მან კინოსტუდია Paramount Pictures მარიო პიუზოს რომანის ეკრანიზაციაზე დაითანხმა. მართალია, ნათლია დღეს 70-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ საავტორო ფილმად ითვლება, თუმცა მაშინ 31 წლის კოპოლას არაერთი დაბრკოლება შეხვდა, რომ მისი პროექტი დაეფინანსებინათ.
აღსანიშნავია, რომ ეს ერთადერთი სამომავლო პროექტი არ არის, რომელსაც ცნობილი კინოსურათების შექმნის ისტორიაზე იღებენ: დევიდ ფინჩერი 1941 წლის საკულტო ფილმის Citizen Kane (მოქალაქე კეინი) შექმნის პროცესზე იღებს ფილმს Mank, ბენ აფლეკი კი რომან პოლანსკის Chinatown (ჩინური კვარტალი) გადასაღებ მოედანზე განვითარებულ კადრს მიღმა ისტორიებს გააცოცხლებს.