ორი თვის წინ ცნობილმა კინომსახიობმა ტომ კრუზმა ამერიკულ მას-მედიაში თავისი კოლეგა ბრუკ შილდსი საჯაროდ გაკიცხა.
ბატონი ტომი საიენტოლოგიური მიმდინარეობის აქტიური წევრია. მსახიობმა რაღაც გზებით შეიტყო, რომ შილდსი ფსიქოტროპიულ პრეპარატებს ხმარობდა.
რასაკვირველია სხვისი პირადი ცხოვრების საქმეში ცხვირის ჩაყოფა მისასალმებელი არ გახლავთ, მაგრამ კრუზმა საკუთარ თავს უფლება მისცა ფილმი „საჰარას“ მთავარი გმირისთვის რამდენიმე რჩევა მიეცა.
ნიკოლ კიდმანის ყოფილმა ქმარმა ჩოგბურთელი ანდრე აგასის ასევე ყოფილ ცოლს ურჩია, რომ ანტიდეპრესანტების მიღებისაგან თავი შეეკავებინა და სპორტული ცხოვრებით ეცხოვრა.
ტომ კრუზის „თავდასხმამ“ ბრუკ შილდსი ბულვარული მას-მედიის მთავარ საკბილოდ გადააქცია.
აღმოჩნდა რომ საიენტოლოგ „ყმაწვილს“ სინდისი ბოლომდე დაკარგული არ ჰქონია. ცოტა ხნის წინ ჯეი ლენოს პოპულარულ თოქ-შოუზე მიწვეულმა ბრუკ შილდსმა მთელ ამერიკას აცნობა, რომ ტომ კრუზმა მას ბოდიში მოუხადა.
„ტომი ჩემთან სახლში მოვიდა და პატიება გულწრფელად მთხოვა. მან აღიარა რომ უპატიებელი შეცდომა დაუშვა და სხვა ადამიანის პირად ცხოვრებაში შეიჭრა. მისი ბოდიში მივიღე, რადგან კრუზი თავის დაუფიქრებელ საქციელს დღემდე განიცდის.“ - განაცხადა ბრუკ შილდსმა.