„არც ბაქოს ინტერესებში, არც ანკარის, არც ერევნის ინტერესებში არაა, საქართველომ დაიკავოს რომელიმე მხარის პოზიცია“

„არც ბაქოს ინტერესებში, არც ანკარის, არც ერევნის ინტერესებში არაა, საქართველომ დაიკავოს რომელიმე მხარის პოზიცია“

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაწყებული შეიარაღებული კონფლიქტი განსაკუთერებული ყურადღების ქვეშ მოექცა. მართალია, ექსპერტთა ნაწილი ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებების დაწყებას გამორიცხავს, თუმცა საქართველოს გეოსტრატეგიული მდგომარეობიდან გამომდინარე, თემა ნამდვილად საყურადღებოა. როგორც მოსალოდნელი იყო, თურქეთმა ღია მხარდაჭერა გამოუცხადა აზერბაიჯანს, ყველა გათვლებით, სომხეთის ინტერესების დაცვას რუსეთი ითავებდა, თუმცა, ბოლო ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა ერთი შეხედვით დიპლომატიური სვლა არჩია და განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს მეზობელი ქვეყნების საშინაო პოლიტიკაში ჩარევას. პუტინის ამ განცხადების მიუხედავად, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ რუსეთი მანამ შეინარჩუნებს ნეიტრალურ პოზიციებს, სანამ შეიარაღებული დაპირისპირება სომხეთის ტერიტორიაზე არ გადმოინაცვლებს, ვინაიდან რუსეთი მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეა და მისი მოვალეობაა არა რომელიმე მხარის პოზიციის დაკავება, არამედ ფასილიტატორობა. რაც შეეხება საქართველოს, ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ნეიტრალური პოზიციის დაკავება ყველაზე საუკეთესო ვარიანტია.

პაატა ზაქარეიშვილი: ეს კონფლიქტი მკაფიოდ გეოპოლიტიკურია. აქ გამოკვეთილი გეოპოლიტიკაა - რუსეთი და თურქეთი. ნებისმიერი მოძრაობა ყარაბაღში თურქეთს აძლიერებს. თურქეთმა მკაფიოდ თქვა, რომ აზერბაიჯანს უჭერს მხარს. ადრე კი ნეიტრალური იყო. რუსეთი უფრო ხელშეკრულია - ის ვერ დაეხმარება სომხეთს ყარაბაღის ტერიტორიაზე, რადგან ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიად ითვლება, რუსეთს კი ვალდებულებები აქვს, სომხეთს დაეხმაროს სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. ვიდრე სომხეთის ტერიტორიაზე არ დაიწყება საომარი მოქმედებები, რუსეთი პირდაპირ, საჯაროდ ვერ დაუჭერს მხარს სომხეთს ვერც იარაღით, ვერც – ვერაფრით. მეორეც - რუსეთი მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეა. მისი მოვალეობაა არა რომელიმე მხარის პოზიციის დაკავება, არამედ – ნეიტრალურობა, მოლაპარაკების ფასილიტატორობა. ანუ რუსეთი ხელშეკრულია, თურქეთი ხელგახსნილია. ამიტომ, აქ არის მკაფიოდ გამოკვეთილი გეოპოლიტიკური დაპირისპირება, სადაც ცალსახად იმარჯვებს თურქული მხარე არა იარაღით, არამედ – პოლიტიკით.

ივლისში, როცა იყო ესკალაცია, რომელიც არ იყო ყარაბაღის ტერიტორიაზე და უფრო ახლოს იყო საქართველოს საზღვართან, მაშინ აშკარად ჩანდა, რომ მხარეები არ იყვნენ მზად მშვიდობისთვის. მეც და ყველამ, ვინც ვაკვირდებით, რა ხდება ყარაბაღსა და კავკასიაში, ჩავთვალეთ, რომ ეს ყველაფერი ყარაბაღში გადავიდოდა. ვინც სამხედრო სტრატეგიას იცნობს, იცის, რომ, როგორც წესი, ომები იწყება ზამთრის პირას. თუ მთიან რეგიონში ელოდები ომს, უნდა ელოდო შემოდგომაზე, ზამთრის პირას. ყველა კლასიკური ვარიანტია გათვალისწინებული, მათ შორის, დღეც – შაბათს, გვიან ღამით, კვირას ომის დაწყება, როცა მთელი მსოფლიო ისვენებს. აშკარად ჩანს, რომ ეს იყო კარგად დაგეგმილი, წინასწარ გათვლილი ოპერაცია.

მე არ ვამბობ, ვინ დაიწყო ომი, მხარეები ერთმანეთს აბრალებენ, ძალიან ძნელია, ვინმეზე თქვა, რომ მან დაიწყო ომი. ცალსახად უნდა ითქვას, აზერბაიჯანი ყოველთვის აცხადებდა, რომ მისთვის მიუღებელია ეს სტატუს-კვო, რაც ახლა ხდება და მას აუცილებლად სჭირდება ცვლილებები. ყარაბაღის ტერიტორიაზე 2016 წელს, აპრილში ფართომასშტაბიანი დაპირისპირება იყო. მოგეხსნებათ, ყარაბაღის კონფლიქტის ზონა ორი ნაწილისგან შედგება: ერთია მთიანი ყარაბაღის ყოფილი ავტონომიური ოლქი, საბჭოთა პერიოდში არსებული და მეორე – ყარაბაღის გარშემო სომხეთს დაკავებული აქვს ე.წ. ბუფერული ზონა. ამას აზერბაიჯანი ეძახის ოკუპირებულ ტერიტორიებს. საომარი მოქმედებები ხშირად ამ ტერიტორიებს ეხება ხოლმე. 2016 წლის აპრილში სწორედ ამ ბუფერულ ზონაში, ერთ-ერთ რაიონში აზარბაიჯანმა მიაღწია წარმატებას და რამდენიმე სოფელი დაიკავა. სომხეთში დაიწყო პოლიტიკური კრიზისი, ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, მოვიდა ფაშინიანი. გაჩნდა იმედები, რომ შეიცვლებოდა ვითარება. მართლაც ყველასათვის მოულოდნელად არსებითად გაუმჯობესდა ვითარება. ვენაში შეხვდნენ ალიევი და ფაშინიანი, შეთანხმდნენ წითელ ხაზებზე და ა.შ. ამ ზონებში მსხვერპლის რაოდენობა შემცირდა. იყო მოლოდინი, რომ რაღაც უკეთესობისკენ წავიდოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, აზერბაიჯანი მიხვდა, რომ ფაშინიანის შემთხვევაშიც შეუძლებელი იყო გარკვეული მოლოდინების შესრულება. რაც ვნახე რუკაზე, აზერბაიჯანმა მთელს ფრონტზე, მთელი ყარაბაღის გარშემო ტერიტორიაზე შეუტია, განსაკუთრებით – აღმოსავლეთის მხრიდან. აზერბაიჯანმა ყველა მხრიდან შეუტია, რათა გაფანტოს სომხური შეიარაღებული ძალები. როგორც ჩანს, აზერბაიჯანი უტევს ბუფერულ ზონებს და არა – საკუთრივ ყარაბაღის ტერიტორიას. შეიძლება, ის გადავიდეს ყარაბაღის ტერიტორიაზეც, მაგრამ ვფიქრობ, დაკმაყოფილდება რაღაცა წარმატებით მაინც, ანუ 2-3 რაიონი რომ აიღოს, ეს ძალიან დიდი წარმატება იქნება მისთვის - იტყვის, რომ გაჩერდა, მაგრამ ამას დიდხანს ვერ მოითმენს.

როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია?

- რაც შეეხება საქართველოს პოზიციის საკითხს – ჩვენ უნდა მივბაძოთ ევროკავშირს. დაახლოებით, ამ ტიპის პოზიცია უნდა გვქონდეს. შეიძლება, უფრო მკაფიო პოზიციები გვქონდეს იმიტომ, რომ საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა პირდაპირ ამ კონფლიქტის, რეგიონის შუაგულში, რომელსაც თავის ინტერესები აქვს. ეს ინტერესები არ არის რომელიმეს გამარჯვება. თურქეთის ინტერესებია აზერბაიჯანის გამარჯვება. რუსეთი მხარს სომხეთს უჭერს. ანუ ჩვენ ვართ ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც ორივე სახელმწიფოსთან თანაბრად კარგი ურთიერთობები გვაქვს. ეს ყოველთვის უნდა ითქვას. მეორეც: ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ინტერესები თურქეთსა და აზერბაიჯანთან. ჩვენთან გადის ნავთობსადენისა და გაზსადენის მილები. ჩვენ გვჭირდება კარგი ურთერთობები თურქეთსა და აზერბაიჯანთან, რაც რუსეთს აღიზიანებს. ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ სტრატეგიული მხარდაჭერა თურქეთსა და აზერბაიჯანთან, ასევე, მეგობრული ურთიერთობები სომხეთთან. ჩვენთან პრობლემები შეიძლება, შეიქმნას იმ შემთხვევაში, თუ ეს კონფლიქტი გამოვა ყარაბაღის ზონიდან, აიწევს ზემოთ. რუსეთის ინეტერესებშია, დაეხმაროს სომხეთს, მას აწყობს, რომ როგორმე კონფლიქტი გავიდეს ამ ტერიტორიიდან. რუსეთს სჭირდება, იქ იყოს საომარი მოქმედებები, სადაც ნავთობსადენი და გაზსადენები გადის. მაშინ მიუახლოვდება საქართველოს საზღვარს. მსოფლიო არ დაუშვებს ფართომასშტაბიან ომს. საქართველომ უნდა დაიკავოს ნეიტრალური პოზიცია და იხელმძღვანელოს ევროკავშირის მითითებებით. საქართველოს ასევე უნდა ჰქონდეს პირდაპირი კონტაქტები ანკარასა და ბაქოსთან, აუხსნას რატომ არის საჭირო, სომხეთთან არ გაწყდეს კონტაქები: ჰუმანიტარული, ეკონომიკური, სოციალური. არც ბაქოს ინტერესებში, არც ანკარის, არც ერევნის ინტერესებში არაა, საქართველომ დაიკავოს რომელიმე მხარის პოზიცია. ჯობს იყოს ნეიტრალური. ჯერჯერობით, ეს გამოსდის. როგორც უკვე აღვნიშნე, პოლიტიკურად, საქართველო უნდა იყოს მაქსიმალურად ნეიტრალური.

კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავების შემთხვევაში რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო?

- ჩვენ პრობლემები შეიძლება შეგვექმნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კონფლიქტი გამოვა ყარაბაღის ზონიდან. რუსეთს უნდა, რომ სომხეთს დაეხმაროს, მაშინ კონფლიქტი როგორმე გავიდეს ამ ორი ტერიტორიიდან, ამ ბუფერული ზონიდან, აი, ამ შემთხვევაში მიუახლოვდება მხოლოდ საქართველოს საზღვარს. ჩვენ კი, მხოლოდ ეკონომიკური პრობლემები შეიძლება მივიღოთ. რუსეთის და თურქეთის ინტერესებია არა უშუალოდ ამ კონფლიქტში ჩართვა, არამედ ის, რომ თვითონ მართონ ეს კონფლიქტი. ჩემი აზრით, მინიმუმ 5 დღეში, მაქსიმუმ 1 თვეში, სამშვიდობო ხელშეკრულებას მოეწერება ხელი. რომელიც, რა თქმა უნდა, სრულად არ შესრულდება, მაგრამ რაღაცა პროცენტი მაინც შესრულდება და ამის შემდეგ აღმოჩნდება, რომ აზერბაიჯანმა კიდევ დამატებით ტერიტორიები დაიკავა და სომხეთს ეტყვიან, რომ ეს უნდა მიიღოს. ამ ფონზე ევროკავშირი ჩვენთვის ყველაზე სანდო ორიენტირია. არავის ინტერესებში არ შედის, რომ საქართველომ რომელიმე მხარის პოზიციები დაიკავოს.

ყველაზე ცუდი ვარიანტი განვიხილოთ, კონფლიქტის გაღრმავების შემთხვევაში, ჰუმანიტარული კორიდორის გახსნის მოთხოვნა რომ წამოვიდეს რუსეთის მხრიდან, ამ შემთხვევაში რას ვაკეთებთ?

- ჩვენთან რა უნდა, მიმართოს ირანს. საქართველოს ტერიტორიის და საჰაერო სივრცის უნებართვოდ გამოყენების უფლება არავის არ აქვს. თანაც, რუსეთს აქვს ხაზები, საჭიროების შემთხვევაში როგორ მოამარაგოს სომხეთი.

ლტოლვილების საფრთხეს თუ ხედავთ?

- ვინაიდან სომხეთის ტერიტორიაზე არ ველოდებით საბრძოლო მოქმედებების გადასვლას, ამ შემთხვევაშიც ლტოლვილების თემას ვერ ვხედავთ. როდესაც ლაპარაკია რეგიონალურ გაფართოვებაზე, ყველაზე ბოლოს იგულისხმება საქართველო, ყველაზე მეტად ჰიპოთეტურად და არარეალისტურად. გაფართოვებაში იგულისხმება ყარაბახის ზონიდან გასვლა პირველ რიგში, უარეს შემთხვევაში - სომხეთის ტერიტორიაზე გადასვლა, რაც ყველაზე უარეს შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოთ, და ნაკლებად შესაძლებელია, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადავიდეს მოქმედებები. ანუ, ზონის გაფართოვებაზე, სამი ვარიანტი შეიძლება განვიხილოთ, მაგრამ აქ არავითარ შემთხვევაში არ იგულისხმება საქართველოს ტერიტორია, და ასევე არ იგულისხმება რუსეთ-თურქეთის ომი, რაზეც ბევრი ლაპარაკობს და ძალიან აბსურდულია. ჩვენ უნდა გვეშინოდეს ქართული ხელისუფლების არასწორი ნაბიჯების, რაც რუსეთს აძლიერებს და ასეთები, სამწუხაროდ, ხშირად ხდება ხოლმე. თუ ჩვენ მყარად ვიდგებით და მივყვებით ევროკავშირის სტანდარტებს, ვფიქრობ, საქართველოს ზარალი არ მიადგება. შესაძლოა, ზარალი მინიმალური იყოს ეკონომიკურ მაჩვენებლებში.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი უძღოდა წინ ამ კონფლიქტის დაწყებას. ფაქტია, იქნებოდა ბევრი ისეთი კულუარული თემები, რაც არ გამოსულა სააშკარაოზე, მაგრამ იყო ერთი საყურადღებო საკითხი - დავით გარეჯის თემა, რაც ძალიან სენსიტიურია ჩვენთვის დამეთანხმებით, თუ ამ ორ ფაქტს გავაერთიანებთ, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი შეიძლება დავსვათ, რაღაცა რაღაცის სანაცვლოდ - მოგეხსენებათ მსგავს სიტუაციებში ყოველთვის ხდება თემების და საკითხების გაცვლა..

- გარეჯის თემა ძალიან მტკივნეულია აზერბაიჯანისათვის, ისევე როგორც ჩვენთვის. მე, პრაქტიკულად, გამოვრიცხავ, რომ აზერბაიჯანში იყოს მზაობა, გარეჯის სიტუაცია რომ გადაიხედოს. ჩემი აზრით, ყველაზე უფრო მისაღები იქნება, რომ შენარჩუნებული იქნეს სტატუს-კვო. ჩვენ გვესმის, რომ ეს ჩვენია, მაგრამ მათთვის ეს ტერიტორიების დათმობაა. მართალია, იყო დავით გარეჯზე ლაპარაკი, მაგრამ ამით არაფერი არ შეიცვლება, იმიტომ, რომ ეს არ არის ის თემა, რის გამოც უნდა იყოს დღეს დაძაბულობა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. სტატუს-ქვოს შენარჩუნება უფრო მოგვარებადია, ვიდრე საზღვრის დადგენა. ყველაზე უკეთესი ვარიანტია, ჩვენ ვიყოთ ნეიტრალურები და განმაწონასწორებლები რეგიონში.

 

 

Katana . "- გარეჯის თემა ძალიან მტკივნეულია აზერბაიჯანისათვის... ჩემი აზრით, ყველაზე უფრო მისაღები იქნება, რომ შენარჩუნებული იქნეს სტატუს-კვო. ჩვენ გვესმის, რომ ეს ჩვენია, მაგრამ მათთვის ეს ტერიტორიების დათმობაა."
?
კაცო, შენ ჩვენი მეგობარი ხარ თუ დათვის?!
ჩვენი ტერიტორია რომა აქვს მითვისებული, ვიცით , მაგრამ ჯობია სტატუს კვო შევინაჩუნოთ, თორემ დაბრუნება რომ მოვთხოვოთ, ეტკინებაო!.. - გესმით?
ალიევი რომ აცხადებს ყარაბაღთან დაკავშირებით, - სხვისი მიწა არ გვინდა, მაგრამ ჩვენსას არავის შევარჩენთო! - ეს იდეოლოგიური მაქსიმა როგორ ჟღერს ჩვენს გარეჯთან მიმართებაში, თუ გიფიქრია მაგაზე?
-- ჩემი მხოლოდ ჩემია! ხოლო შენი გავიყოთ, თუ გინდათო?!
თუ, უარესი: - ჩემსას არავის შევარჩენ, მაგრამ სხვისას არ დავთმობო?
რა ჰქვია, მტკივნეული?
ოღონდ მისთვის ნუ იქნება მტკივნეული და ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობა - ჯანდაბას?!
არა, რაა!.. ნაცები და რესპები, თუნდაც ყოფილები, არ უნდა გააკარო არაფერს!!!
3 წლის უკან